გამომცემლობა

    სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმიდესმა და უნეტარესმა ილია II-მ სასულიერო აკადემიასა და სემინარიას დღიდან მისი დაარსებისა სამოქმედო გეგმად დაუსახა კავშირის დამყარება თანამედროვე მეცნიერებასა და ღვთისმეტყველებას შორის, სამეცნიერო მიღწევების გამოყენება პიროვნების სულიერი განვითარებისა და სრულყოფისათვის. თბილისის სასულიერო აკადემიისა და სემინარიის გამომცემლობის საქმიანობა ამ მიზნის მიღწევის ერთ-ერთი ქმედითი რგოლია.
   
     გამომცემლობაში ყველაფერი კეთდება იმისათვის, რომ სტუდენტების თვალსაწიერი გაფართოვდეს და მათთვის ხელმისაწვდომი გახდეს ძველი ქართული სასულიერო მწერლობის სხვადასხვა დარგის გამორჩეული ორიგინალური თუ ნათარგმნი ძეგლები. ამ ძეგლების გამოცემისათვის უკვე ათეული წლების მანძილზე იღვწიან ქართველი ფილოლოგები და ტექსტოლოგები. მათ რიგში ჩადგა აკადემია-სემინარიის  გამომცემლობაც, სადაც უკანასკნელი ცხრა წლის მანძილზე  (2010-2019 წწ.)   განხორციელდა 15-მდე აკადემიური გამოცემა. დიდი ბიზანტიელი წმიდა მამების – ბასილი კესარიელის, გრიგოლ ღვთისმეტყველის, გრიგოლ ნოსელის, იოანე ოქროპირის, ბასილი სელევკიელის, ეპიფანე კვიპრელისა და კიდევ ბევრ სხვათა - ღრმა ნააზრევის ძველი ქართული თარგმანების მეშვეობით გაცნობა, რომლებიც შესრულებულია უდიდესი ქართველი ქრისტიანი მოაზროვნეებისა და მთარგმნელების - წმ. ეფთვიმე და გიორგი მთაწმიდელების, ეფრემ მცირის, თეოფილე ხუცესმონაზონისა და კიდევ არაერთი გამორჩეული პიროვნების მიერ და რომლებიც თავიანთი მხატვრული ღირებულებით არ ჩამორჩებიან ორიგინალებს, დიდ სამსახურს უწევს აკადემია-სემინარიის სტუდენტების ფორმირებას მომავალ ღირსეულ საეკლესიო მსახურებად და ღვთისმეტყველებაში გაწაფულ მოღვაწეებად. ეს გამოცემები და ის გარემო, რომელშიც ისინი განხორციელდა, ასე შეაფასა სასულიერო აკადემიის პროფესორმა, გელათის მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსმა ედიშერ ჭელიძემ: „ვფიქრობ, დღევანდელ პუბლიკაციებზე დაყრდნობით შეგვიძლია თამამად განვაცხადოთ, რომ თბილისის სასულიერო  აკადემიამ  ტექსტის გამოცემის საუკეთესო ფილოლოგიურ-ტექსტოლოგიური მიღწევები იმემკვიდრა აკად. კორნელი კეკელიძის სახელობის ხელნაწერთა ინსტიტუტიდან (დღევანდელი კორნელი კეკელიძის სახელობის ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი), სადაც ყველაზე სრულად ჩამოყალიბებული ფორმით ხორციელდება ძველი ქართული საეკლესიო ტექსტების გამოქვეყნება აკადემიურ დონეზე. შეუძლებელი იქნებოდა უმაღლესი დონის პუბლიკაციებით ერის გამდიდრება, თუ არა ის მეცნიერული სიმაღლე, ის მეცნიერული სიმტკიცე, რომელიც დღეს დამკვიდრებულია სასულიერო აკადემიაში“. 
   
     თბილისის სასულიერო აკადემიისა და სემინარიის გამომცემლობა კოორდინაციას უწევს პერიოდულ გამოცემებს - სამეცნიერო-საღვთისმეტყველო შრომებსა და საეკლესიო-სამეცნიერო კრებულ “გრაგნილს”. ეს ორი კრებული კიდევ ერთი დასტურია იმისა, რომ აკადემია-სემინარიის პედაგოგები აქტიური კვლევითი საქმიანობითაც არიან დაკავებულნი, ეს კი მათი მუდმივი პროფესიული ზრდის საწინდარია. სამეცნიერო-საღვთისმეტყველო შრომებში ძირითადად კვლევითი ხასიათის სტატიები ქვეყნდება სასულიერო მწერლობის ყველა დარგში; ნაშრომები ღვთისმეტყველებაში, საეკლესიო ფილოლოგიაში, ეკლესიის ისტორიაში, რეცენზიები ახალ თეოლოგიურ სამეცნიერო გამოცემებზე. რაც შეეხება “გრაგნილს”, ამ კრებულთან სასწავლებლის ახალგაზრდა პედაგოგები, დოქტორანტები და მაგისტრანტები, თანამშრომლობენ. 
   
     გამომცემლობა არც თავის პრიორიტეტს ივიწყებს - მაღალი დონის სახელმძღვანელოების გამოცემას, რომლებშიც გათვალისწინებული იქნება შესატყვისი საღვთისმეტყველო დარგისა თუ სასულიერო მწერლობის ყველა დროის მონაპოვარი. 

რამდენიმე გამოცემაზე შედარებით დაწვრილებით შევჩერდებით:

      ქართულ ენაზე მოგვეპოვება V ს-ის ბიზანტიელი ავტორის, წმ. ბასილი სელევკიელის ჰომილია “სიტყუაჲ ჩჩჳლთათჳს, ბეთლემს მოწყუედილთა”. ჰომილია ეხება იესო ქრისტეს შობის შემდგომ თოთხმეტი ათასი ყრმის ამოხოცვას. ქართულ თარგმანს კიდევ უფრო საინტერესოს ხდის მთარგმნელის ვინაობა, რომელიც ამ ძეგლის გამომცემლის, თბილისის სასულიერო აკადემიის ღვთისმეტყველების ფაკულტეტის კურსდამთავრებულის, ამჟამად ქუთაისის სასულიერო აკადემიის რექტორის,  დეკანოზ ირაკლი ახალაძის, ვარაუდით, უნდა იყოს შავ მთაზე მოღვაწე დიდი ქართველი ბერი, წმიდა ეფრემ მცირე. ეფრემ მცირის მთარგმნელობითი მეთოდის შესახებ ძალიან ბევრი გამოკვლევა არსებობს. ფაქტობრივად, XI ს-ის ამ დიდი ქართველი საეკლესიო მამის მიერ ჩაეყარა საფუძველი ელინოფილურ მიმდინარეობას ქართველ მთარგმნელთა საქმიანობაში. ეფრემ მცირემ სამართლიანად ჩათვალა, რომ ქართველი ერი მზად იყო ბიზანტიელ მამათა ნააზრევის იმ ფორმით გაგებისათვის, რა სახითაც არსებობდნენ ისინი დედნებში. ამიტომ მან უარი თქვა ეფთვიმე ათონელის კომენტირებულად თარგმნის მეთოდზე და დაიწყო ზუსტი თარგმანების შესრულება. ამ მეთოდის შემდგომი გაღრმავება იყო ულტრაელინოფილების მოღვაწეობა. გამოცემის რედაქტორია სასულიერო აკადემიის პროფესორი, ფილოლოგიის მეცნიერებათა და თეოლოგიის დოქტორი ედიშერ ჭელიძე. 
   
     “ეკლესიის მამათა სწავლანი ღვთის განკაცების შესახებ”  (თბილისის სასულიერო აკადემიაში დაარსებული სერიით: “ქართული ნათარგმნი ჰომილეტიკური ძეგლები”) - ეს ნაშრომი სასულიერო აკადემიის პროფესორის, ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორის, ნინო მელიქიშვილის მიერ არის მომზადებული გამოსაცემად, რედაქტორია ედიშერ ჭელიძე. წიგნში თავმოყრილია ქრისტეშობის დღესასწაულისადმი მიძღვნილი დიდი ბიზანტიელი მამების ჰომილიების (ქადაგებების) ძველი ქართული თარგმანები. რამდენიმე ქადაგება უკვე ადრევე იყო გამოცემული, მაგრამ კრებულისათვის თემატურად სრულყოფილი სახის მიცემის მიზნით, ისინიც, გარკვეული გადამუშავებით, შეტანილია ნაშრომში. ქადაგებათა ავტორები არიან IV-VIII სს-ის უმაღლესი საეკლესიო იერარქიის მოღვაწეები, მთავარეპისკოპოსები და ეპისკოპოსები, წმიდა მამები: ათანასე ალექსანდრიელი, ბასილი კესარიელი, გრიგოლ ნაზიანზელი, გრიგოლ ნოსელი, იოანე ოქროპირი, თეოდორიტი ანკვირელი, ევსები ალექსანდრიელი, პროკლე კონსტანტინეპოლელი, პეტრე იერუსალიმელი, იოანე დამასკელი. თითოეული ავტორის ქართულმა ტექსტმა XI-XII სს-ის ერთი ან რამდენიმე ნუსხით და ერთი ან რამდენიმე თარგმანით მოაღწია დღევანდლამდე. მთარგმნელთა ნაწილი უცნობია, ისინი კი, ვისი სახელიც შემოგვინახეს ანდერძ-მინაწერებმა, არიან ქართული სულიერი კულტურის უდიდესი წარმომადგენლები - ეფთვიმე და გიორგი მთაწმიდელები, ეფრემ მცირე. ღვთის განკაცებისადმი, ქრისტეს შობისადმი მიძღვნილი ქადაგებების ქართული თარგმანების გამოქვეყნება ბევრ სხვა მომენტთან ერთად იმ კუთხითაც არის მნიშვნელოვანი, რომ დაინტერესებულ მკითხველსა თუ თეოლოგიაში ღრმად ჩახედულ ადამიანს საშუალება ეძლევა თვალი მიადევნოს იმ ბრძოლას სხვადასხვა ერესებთან, ძირითადად კი არიანულ მოძღვრებასთან, რომლითაც ორთოდოქსული ქრისტიანობა იკაფავდა გზას. ქადაგება, დიდ საეკლესიო დღესასწაულებზე ხალხმრავალი აუდიტორიის წინაშე წარმოთქმული სიტყვა, იყო შესანიშნავი საშუალება ჭეშმარიტი სწავლების საყოველთაოდ დამკვიდრებისათვის. საეკლესიო იერარქიის მაღალ საფეხურზე მდგომი ბიზანტიელი მამები ბრწყინვალედ ფლობდნენ ამ იარაღს – მათი ჰომილეტიკური მემკვიდრეობა ამის უტყუარი დასაბუთებაა. სწორედ ეს ყველაფერი არის ასახული ამ გამოცემაში.
   
     გამომცემლობის შემდეგი გამოცემა არის წმიდა გრიგოლ ნოსელის თხზულება “ქალწულებისათჳს და საღმრთოჲსა მოქალაქობისა”. გრიგოლ ნოსელის ამ უმნიშვნელოვანესი ძეგლის ქართული თარგმანი გამოსაცემად მოამზადა თბილისის სასულიერო აკადემიისა და სემინარიის რექტორმა, თეოლოგიისა და ფილოლოგიის დოქტორმა, პროტოპრესვიტერმა გიორგი ზვიადაძემ. რედაქტორი – ნინო მელიქიშვილი.    
   
     წმ. გრიგოლ ნოსელი ერთ-ერთი იმ სამ კაპადოკიელ მამათაგანია, რომელთაც IV ს-ში სრულიად სხვა სიმაღლეზე აიყვანეს ქრისტიანული აზროვნება, საეკლესიო მწერლობა, ორატორული ხელოვნება.
   
    გამოცემული ძეგლის განსაკუთრებულ მნიშვნელობას განაპირობებს მასში გადმოცემული სიღრმისეული, სისტემური საღვთისმეტყველო-ფილოსოფიური სწავლება საეკლესიო ასკეზის, სახელდობრ, ბერმონაზვნური ღვაწლის შესახებ. ეს ნაშრომი ასკეტური თეოლოგიის ერთ-ერთი ფუნდამენტია. პუბლიკაცია რამდენიმე თვალსაზრისით არის უაღრესად საყურადღებო. დავიწყებთ იმით, რომ თხზულების არა მარტო ავტორია უდიდესი საეკლესიო მამა, არამედ ასეთივეა მისი მთარგმნელიც – თხზულება უკვე X ს-ის დასასრულს ითარგმნა ქართულ ენაზე დიდი ათონელი მამის, საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის მნათობის, წმ. ეფთვიმეს მიერ.
   
      ტექსტზე დართულ გამოკვლევაში თხზულების ქართული თარგმანი გამოწულილვით არის შესწავლილი, უყურადღებოდ არ არის დატოვებული არც ერთი ნიუანსი, რათა ბოლომდე ნათელი გამხდარიყო ეფთვიმეს მთარგმნელობითი მეთოდის არსი, ის, თუ რა ხერხითა და რა გზით აღწევს დიდი ათონელი მამა იმ შედეგს, რასაც მის ნებისმიერ თარგმანში ხედავს მკითხველი.
   
      წმ. გრიგოლ ნოსელის თხზულების თეოლოგიურ-ფილოსოფიურმა ხასიათმა, ტექსტის სირთულემ მოითხოვა ძეგლისათვის კომენტარების დართვა, რომლებშიც ცალკეული სიტყვები, ფრაზები და ტექსტობრივი მონაკვეთები საეკლესიო მოძღვრების მიხედვით არის განმარტებული.
   
     ტექსტს ერთვის ქართულ-ბერძნული დოკუმენტირებული ლექსიკონი. ლექსიკონის სპეციფიკურობა განსაზღვრა ეფთვიმეს მიერ თავისუფალი მეთოდით შესრულებულმა თარგმანმა: ამა თუ იმ სალექსიკონო ერთეულის ნიუანსური და ზოგჯერ კიდევ უფრო საფუძვლიანი განსხვავება თავისი  ბერძნული შესატყვისისაგან ცხადად წარმოაჩენს, თუ მთარგმნელობითი მოღვაწეობის როგორ მწვერვალზე იდგა დიდი ათონელი მამა, როგორი სრულყოფილებით ფლობდა საღვთისმეტყველო ცოდნას და როგორ შეეძლო ჩარეულიყო ბერძნული ორიგინალის ტექსტში ისე, რომ არაფერი შეეცვალა აზრობრივად, მაგრამ ქართველი მკითხველისათვის უფრო ადვილად გასაგები გაეხადა ის. 
     
      წმ. გრიგოლ ნოსელის ქართული თარგმანის გამოცემა დამატებით ძალისხმევას საჭიროებდა, რადგან მას რედაქტირება გაუწია მეორე დიდმა ათონელმა მამამ, წმ. გიორგი მთაწმიდელმა. ადვილი წარმოსადგენია, თუ რამდენად მნიშვნელოვანი და საინტერესო იყო იმის განსაზღვრა, თუ რა სახის ჩარევები აქვს გაკეთებული, რა მიზეზითა და მიზნით წმ. გიორგი მთაწმიდელს  თავისი დიდი სულიერი მოძღვრისა და მასწავლებლის ნამუშაკევში. 
     
     2012 წელს გამოიცა IV ს-ის ცნობილი სასულიერო მოღვაწის, კონსტანტიის ეპისკოპოსის, წმ. ეპიფანე კვიპრელის ვრცელი პოლემიკურ-ისტორიული ხასიათის თხზულების, “პანარიონის” ცალკეული ტომების ნაკრები ტექსტის, “ოთხმეოცთა წვალებათათს” ქართული თარგმანი. ეს თარგმანი გამოსაცემად მოამზადა აწ გარდაცვლილმა მეცნიერმა, ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორმა სოსო მახარაშვილმა. წიგნის რედაქტორია ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი მაია რაფავა. “ოთხმეოცთა წვალებათათს” უმნიშვნელოვანესი ანტიერეტიკული ნაშრომია, რომელიც ქართულ ენაზე გადმოიღო ერთ-ერთმა თვალსაჩინო საეკლესიო მამამ, თეოფილე ხუცესმონაზონმა. ტექსტზე დართულ გამოკვლევაში გაშუქებულია უაღრესად საინტერესო და მნიშვნელოვანი საკითხები. გამომცემელმა თარგმანის ბერძნულ დედანთან შედარების საფუძველზე გამოიკვლია ამ თხზულების ისტორიის ზოგიერთი მხარე, რაც აქამდე უცნობი იყო, კერძოდ, გაირკვა, რომ თეოფილეს თარგმანი მომდინარეობს იმ ბერძნული რედაქციიდან, რომელიც დღემდე შემონახული არ არის. ყველა ასეთი მიგნება ხაზს უსვამს ძველი ქართული სასულიერო მწერლობის ძეგლების შესწავლის მნიშვნელობას ზოგად-ბიზანტინოლოგიურ ჭრილში. წმ. ეპიფანეს თხზულებას ფართო შემეცნებითი ღირებულება ჰქონდა იმდროინდელ ქართულ საზოგადოებაში - ეს თარგმანი გახდა ერთ-ერთი ძირითადი წყარო XII ს-ში შექმნილი ცნობილი ლიტურგიკული ნაწარმოებისა - “გალობანი მწვალებელთა ყოველთა თჳთეულისა წვალებისა შეჩუენებისანი”, რომელიც, როგორც ლიტერატურული დოკუმენტი, გამოუყენებია იოანე შავთელს პოემაში “აბდულმესიანი”.
     
     ამ გამოცემას თემატურად რამდენადმე ეხმიანება 2013 წელს სასულიერო აკადემიის პედაგოგის, ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორის, პროფესორ მაია რაფავას მიერ მომზადებული და გამოცემული ნაშრომი: “ნიკიტა სტითატის ანტიმონოფიზიტური სიტყვების” ქართული თარგმანი. გამოცემის რედაქტორია ფილოლოგიის და თეოლოგიის დოქტორი, პროტოპრესვიტერი გიორგი ზვიადაძე.
     
     წიგნში თავმოყრილია XI ს-ის თვალსაჩინო ბიზანტიელი ღვთისმეტყველის, ნიკიტა სტითატის სომხური მონოფიზიტობის წინააღმდეგ მიმართული ხუთი პოლემიკური სიტყვა. ამ პოლემიკური შრომის მიხედვით მკითხველმა შეიძლება წარმოდგენა შეიქმნას XI ს-ის ბიზანტიის იმპერიაში საღვთისმეტყველი საკითხებისა და საეკლესიო პრაქტიკის შესახებ არსებულ დისკუსიაზე, რომელიც მიმართული იყო სომხური მონოფიზიტობის წინააღმდეგ. თხზულების ქართული თარგმანი შესრულებულია გელათის სალიტერატურო სკოლის ცნობილი წარმომადგენლის, არსენ იყალთოელის მიერ, ამდენად, თარგმანის ენა გელათის სკოლის ენობრივი და ლიტერატურულ-მთარგმნელობითი ნორმებით ხასიათდება და კიდევ ერთი საინტერესო ძეგლია ქართული სალიტერატურო ენის ისტორიის შესწავლის კუთხით. 
     
     სასულიერო აკადემიის გამომცემლობის მორიგი გამოცემა ბიბლიოგრაფიული ხასიათის ნაშრომია: “ძველი ქართული მწერლობის ნათარგმნი ძეგლები”, რომელიც მოიცავს ძველი ქართული სასულიერო მწერლობის ორ დარგს. სრული დარგობრივი ბიბლიოგრაფია მთელი სასულიერო მწერლობისათვის 6 ტომად შეადგინა ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორმა, თბილისის სასულიერო აკადემიის გამომცემლობის კონსულტანტმა, ენრიკო გაბიძაშვილმა. სასულიერო აკადემიის მიერ გამოცემული მე-5 ტომი გზამკვლევია ლიტურგიკითა და ჰიმნოგრაფიით დაინტერესებული მკითხველისა და მკვლევრებისათვის: მასში თავმოყრილია ინფორმაცია ამ ორ სფეროში არსებული ყველა ქართულენოვანი ძეგლის შესახებ: რომელ და როდინდელ ხელნაწერებშია ისინი დაცული, ვინ არის მათი ავტორი თუ მთარგმნელი, გამოცემულია თუ არა ძეგლი... მასალას წინ უძღვის ამ დარგების ზოგადი მიმოხილვა, დაფუძნებული როგორც ავტორის პირად კვლევაზე, ასევე, არსებულ სამეცნიერო ლიტერატურაზე.
     
     სასულიერო აკადემიის გამომცემლობამ გამოაქვეყნა კიდევ ერთი უმნიშვნელოვანესი ნაშრომი: IV ს-ის დიდი ბიზანტიელი ღვთისმეტყველის, წმ. გრიგოლ ნოსელის ეგზეგეტიკური ძეგლის – “თარგმანებაჲ ქებისა ქებათაჲსაჲ” – ქართული თარგმანი, შესრულებული XI ს-ის უდიდესი საეკლესიო მამისა და ღვთისმეტყველის, წმ. გიორგი მთაწმიდელის მიერ. “ქება ქებათა” ერთ-ერთი ყველაზე დაფარული შინაარსის მქონე ბიბლიური წიგნია, რომლის განმარტებაზეც არაერთ წმ. მამას უშრომია. ამიტომ წმ. გრიგოლ ნოსელის თხზულება მნიშვნელოვანი და ფასეულია როგორც ძველი ქართული მწერლობის მკვლევართათვის, ასევე, ყველა დაინტერესებული მკითხველისათვის. გრიგოლ ნოსელისეული ვრცელი განმარტებები, რომლებიც წმიდა წერილს ეფუძნება, იმ სახით არის მოწოდებული, რომ ისინი, ამავე დროს, ბიბლიური ტექსტის დიდი ნაწილის განმარტებებსაც წარმოადგენს. ამდენად, “თარგმანებაჲ ქებისა ქებათაჲსაჲ” სცილდება ერთი, თუნდაც ძალზედ მნიშვნელოვანი ბიბლიური წიგნის განმარტებას და უაღრესად მასშტაბურ და ღირებულ ნაშრომს წარმოადგენს. გამოცემა მომზადებულია სასულიერო აკადემიის ყოფილი პედაგოგის, აწ გარდაცვლილი მეცნიერის, ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორის, გულნაზ კიკნაძის მიერ. რედაქტორია ნინო მელიქიშვილი.
   
      სერიის - “ქართული ნათარგმნი ჰომილეტიკური ძეგლები” – II ტომში გამოქვეყნდა IV-V სს-ის დიდი ბიზანტიელი ღვთისმეტყველის, წმ. იოანე ოქროპირის ჰომილიათა კრებულის, “მარგალიტის” ქართული თარგმანი, შესრულებული X-XI სს-ში უდიდესი ქართველი საეკლესიო მამისა და მოაზროვნის, წმ. ეფთვიმე მთაწმიდელის მიერ (გამომცემელი - ნ. მელიქიშვილი).  კრებული წარმოადგენს სწავლების ფორმის მქონე ამონარიდებს იოანე ოქროპირის ქადაგებებიდან, თარგმანებებიდან და საუბრებიდან. “მარგალიტის” ქართული თარგმანის სტრუქტურა შემუშავებულია მთარგმნელის მიერ – ეფთვიმე მთაწმიდელმა, ბერძნული წყაროს მისთვის დამახასიათებელი მეთოდით გადამუშავების შედეგად, ღრმა საღვთისმეტყველო ნააზრევი უაღრესად გამარტივებული და ნებისმიერი მკითხველისათვის ხელმისაწვდომი ფორმით გადმოსცა. ტექსტზე დართულ გამოკვლევაში მიმოხილულია ის უძველესი, XI-XIII სს-ის ნუსხები, რომელთაც ემყარება გამოცემა, ნაჩვენებია მათი ურთიერთდამოკიდებულება და, ასევე, კავშირი “მარგალიტის” შემცველ გვიანდელ, XVIII-XIX სს-ის ნუსხებთან, შესწავლილია ქართული რედაქციის მიმართება ბერძნულ წყაროსთან.
   
      თბილისის სასულიერო აკადემიისა და სემინარიის გამომცემლობამ 2010-2018 წლებში გამოსცა ორი პერიოდული კრებულის – საღვთისმეტყველო-სამეცნიერო შრომების III-IV-V-VI-VII-VIII-IX ტომები და საეკლესიო-სამეცნიერო კრებულ “გრაგნილის”  I-II-III-IV-V ტომები (ამ კრებულის გამოცემა დაიწყო 2012 წ-დან). საღვთისმეტყველო-სამეცნიერო შრომებში ძირითადად თეორიული ხასიათის წერილები ქვეყნდება. კრებულში წარმოდგენილია სასულიერო მწერლობის ყველა დარგის მომცველი ნაშრომები - კვლევები ღვთისმეტყველებაში, საეკლესიო ფილოლოგიაში, ეკლესიის ისტორიაში, რეცენზიები ახალ თეოლოგიურ სამეცნიერო გამოცემებზე. 
   
     საღვთისმეტყველო კრებულში სტატიების სახით სისტემატურად იბეჭდება აკადემიის რექტორის, თეოლოგიისა და ფილოლოგიის დოქტორის, პროტოპრესვიტერ გიორგი ზვიადაძის სამეცნიერო კვლევის შედეგები. მამა გიორგის ინტერესის სფეროში მოექცა რამდენიმე მეტად მნიშვნელოვანი ძეგლი, კერძოდ: წმ. გრიგოლ ნოსელის „ქალწულებისათჳს და საღმრთოჲსა მოქალაქობისა“, წმ. სჳმეონ ღვთისმეტყველის „სინანულისა მიმართ“, წმ. კლიმენტი რომაელის „პირველი ეპისტოლე კორინთელთა მიმართ“. გარდა ზემოთ ჩამოთვლილი თხზულებების უძველესი ქართული თარგმანების სხვადასხვა კუთხით შესწავლისა, პროტოპრესვიტერმა ამ კრებულში  საინტერესო წერილები გამოაქვეყნა: „ათონის ივერთა მონასტერი - ქართლის სულიერი მეწინამძღვრე“ (მე-7 ტ.) და „წმ. პავლე მოციქულის სწავლება მელქისედეკის წესით მაცხოვრის მარადიული მღვდელთმთავრობისა და ძველი აღთქმის რჯულის ახალი აღთქმის ეკლესიით შეცვლის შესახებ“ (მე-8-9-ე გაერთ. ტომები).
   
     კრებულთან  მეტად ღირებული  თანამშრომლობა აქვთ თეოლოგიისა და ფილოლოგიის დოქტორებს, გელათის მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსებს - ე. ჭელიძესა და დეკანოზ ბიძინა გუნიას, მიტროპოლიტ ანანია ჯაფარიძეს, ფილოლოგიის დოქტორებს - მ. რაფავას, ლ. ხაჩიძესა და დეკანოზ მიქაელ გალდავას, დეკანოზ ირაკლი ახალაძეს, თეოლოგიისა და ისტორიის დოქტორებს -  სერგო ვარდოსანიძესა და დეკანოზ გიორგი გუგუშვილს.

       დღევანდელ დღეს საღვთისმეტყველო­-სამეცნიერო შრომების კრებულში გამოქვეყნებული ნაშრომები გარკვეულწილად განსაზღვრავენ საქართველოში თეოლოგიური აზრის განვითარებას.
   
        რაც შეეხება “გრაგნილს”, ამ კრებულთან ძირითადად ახალგაზრდა პედაგოგები, მაგისტრანტები და დოქტორანტები თანამშრომლობენ. პირველი ტომი აერთიანებს სამ უნიშვნელოვანეს საეკლესიო ძეგლს. ამათგან ორი - “თავნი სომეხთა წვალებისანი ოცდაათნი” (მოამზადა მღვდელმა ვლადიმერ ვახტანგაძემ) და “სახე აღთქუმისაჲ” (მოამზადა მაგისტრანტმა გიორგი ქიტესაშვილმა) ხელმეორედ ქვეყნდება, ხოლო მესამე, კასიანე რომაელის “თხრობაჲ წესსა და განგებასა ეგჳპტისა და აღმოსავლეთისა მონასტერთა საკრებულოთასა” (მოამზადა დეკანოზმა ირაკლი ახალაძემ), გამოქვეყნდა პირველად. უკვე გამოქვეყნებული ტექსტების კვლავ გამოცემა განაპირობა სურვილმა, რაც შეიძლება უკეთ იქნას შესწავლილი ხსენებული ძეგლები საღვთისმეტყველო კუთხით. არანაკლებ მნიშვნელოვანი ძეგლების ქართულ თარგმანებს შეიცავს “გრაგნილის” II და III ტომებიც, კერძოდ: წმ. სოფრონ იერუსალიმელის ნათლისღების ჰომილიებს; ნათლისღების წეს-განგების ტექსტს, წინასწარმეტყველ იონას წიგნის კომენტარებს (II ტ.); III ტ-ში შევიდა: ბასილი კაპადოკიელის „სწავლანი ლოცვისათჳს და სხუათა თითოსახეთა სათნოებათათჳს საცხორებელად სულისა“;  წმ. იოანე ოქროპირის ჰომილია „სინანულისათჳს და ქალწულებისათჳს და მოთმინებისათჳს“; წმ. ანდრია კრიტელის ჰომილია „ამაოებისათჳს კაცობრივთა საქმეთასა და შესუენებულთათჳს“. ჩამოთვლილი ტექსტების გარდა ამ ტომში გამოქვეყნდა  ორი თეორიული ხასიათის ნაშრომიც: „წმ. ეფთჳმე ათონელის მეექვსე მსოფლიო კრების დადგენილებათა („მცირე სჯულისკანონის“) მიმართება დიდი სჯულისკანონის ტექსტთან“ და „წმ. ეპიფანე კვიპრელის დიდი შაბათის ქადაგების საღვთისმეტყველო ანალიზი“.
   
       რაც შეეხება გრაგნილის IV ტომს, მასში დაიბეჭდა სასულიერო აკადემიის დოქტორანტების ბევრი სიახლის შემცველი თეორიული ხასიათის წერილები.
   
       არანაკლებ საინტერესოა „გრაგნილის“ მე-5 ტომში შესული მასალა. შევეხებით მხოლოდ რამდენიმე წერილს: დეკანოზმა კახაბერ გოგოტიშვილმა თავის ვრცელ წერილში ჩამოაყალიბა წმ. გრიგოლ ნოსელის ეგზეგეტიკური პრინციპები უმნიშვნელოვანესი ძეგლის, „მოსეს ცხოვრების“ მიხედვით და მკითხველისათვის ამ თხზულების ბევრ ბუნდოვან ადგილს ნათელი მოჰფინა. აკადემიის კურსდამთავრებულმა კახა შჩერბაკოვმა გამოაქვეყნა უდიდესი ბიზანტიელი ღვთისმეტყველის, მაქსიმე აღმსარებლის თალასეს მიმართ „პირველი კითხვა-მიგების“  ექვთიმე ათონელისა და გელათური სკოლის უცნობი მთარგმნელის ძველი ქართული თარგმანები. ბევრ სიახლეს შეიცავს დოქტორანტების - ცოტნე  ჩხეიძის, ლევან ჭანკვეტაძისა და მღვდელ ლონგინოზ სუარიშვილის წერილები. ამ ტომს კიდევ არაერთი ავტორი ყავს, რომელთა სტატიებიც  აქამდე უცნობ ინფორმაციას აწვდიან მკითხველს. 

    ძალიან ფასეულია აკადემია-სემინარიის სტუდენტებისათვის იღუმენ ევნემის (პერისტის) ნაშრომის - „შესავალი პიროვნების ფსიქოლოგიაში“ - ქართული თარგმანი, რომელიც შესრულდა აკადემიის პედაგოგის, სოფიკო გოგოჩაშვილის მიერ და გამოიცა აკადემიისავე გამომცემლობაში. ასევე, მეტად მნიშვნელოვანია სხვადასხვა ლიტურგიკულ დღესასწაულთა წეს-განგებანი და “ლიტურგიკული შტუდიების” რამდენიმე ნომერი, რომლებიც საეკლესიო კალენდართან დაკავშირებულ უმნიშვნელოვანესი საკითხების კვლევას მოიცავენ.

    სასულიერო აკადემიის სტუდენტებისათვის კარგი შენაძენია 2016 წელს მურად ტყემალაძის მიერ გამოცემული სახელმძღვანელო - “ხატწერის ტექნოლოგია”, რომელიც აგებულია საეკლესიო არქიტექტურის, ხატწერის, დაზგური და მონუმენტური ხატწერის რესტავრციის ფაკულტეტის სასწავლო პროგრამების მოთხოვნილებათა შესაბამისად.

       აკადემიის გამომცემლობაში რედაქტირება გაუკეთდა რამდენიმე სტუდენტის მიერ შედგენილ „რელიგიურ თემაზე 1978-2015 წლებში გამოცემული წიგნების ანოტირებულ ბიბლიოგრაფიას“. გამოცემა მიეძღვნა პატრიარქის აღსაყდრების 35-ე წლისთავს. სტუდენტების კოორდინატორი ამ მნიშვნელოვან საქმეში იყო ეკლესიის ისტორიის კათედრის გამგე, თეოლოგიის დოქტორი, პროფესორი, დეკანოზი მაქსიმე ჭანტურია, რედაქტორი - ფილოლოგიის დოქტორი ხათუნა მემანიშვილი). 

      ამავე წელს გამოიცა აკადემიის პედაგოგის, ავთანდილ ასათიანის ნაშრომი: „აღზრდა ბიბლიურ იუდაიზმში“. წიგნში ვრცლად არის მიმოხილული ძველი აღთქმის ის პასაჟები, რომლებიც აღზრდის სფეროს განეკუთვნება. ეს გამოცემაც, გარკვეული კუთხით, დამხმარე სახელმძღვანელოს ფუნქციას შეასრულებს სასულიერო აკადემიის სტუდენტებისათვის. 

       მნიშვნელოვანი გამოცემა განხორციელდა 2017 წელს: „მართლმადიდებელი ეკლესიის აღმოსავლეთის საპატრიარქოები (IX  საუკუნემდე)”.  წიგნის ავტორია ეკლესიის ისტორიის ცნობილი მკვლევარი, სერგეი ტერნოვსკი (1848-1916), თარგმნა ქ.-მა ნორა გაბრიაძემ, ხოლო თარგმანის რედაქტირება ეკუთვნის გამომცემლობის ერთ-ერთ თანამშრომელს, თამარ ჩუბინიძეს. ეს წიგნიც დიდად წაადგებათ აკადემიის სტუდენტებს, რადგან მასში ასახულია აღმოსავლეთის ქრისტიანული ქვეყნების ისტორია. გარდა ამისა, ბიბლიური გეოგრაფიის ცოდნა აუცილებელია წმიდა წერილის ჯეროვნად გაგებისათვის. ამ მხრივაც ეს გამოცემა დასაყრდენი იქნება ამ სფეროთი დაინტერესებულ პირთათვის.  
   
       2018-2019 წლებში გამოიცა თბილისის სასულიერო აკადემიისა და სემინარიის საკონფერენციო მოხსენებათა ორი კრებული, რომლებშიც შევიდა 2017-2018 წლებში ჩატარებულ კონფერენციებზე სტუდენტთა და პედაგოგთა მიერ წაკითხული მოხსენებები. ასეთი კრებულის გამოცემა ივარაუდება ყოველწლიურად.
   
      თბილისის სასულიერო აკადემია-სემინარიის გამომცემლობაში კიდევ არაერთ საინტერესო პროექტზე მიმდინარეობს  მუშაობა. მათი განხორციელების შემდეგ ბევრი ახალი წიგნი შეემატება ზემოთ ჩამოთვლილ გამოცემებს.
 

FaceBook გვერდი