პანსიონის მცხოვრებთა თხოვნით ჩატარებული წირვა და სტუდენტური ცხოვრება

 
2019 წლის 26 ნოემბერს თბილისის სასულიერო აკადემიისა და სემინარიის სულიერმა მოძღვარმა, მღვდელმა გიორგი ვაშალომიძემ, სასწავლებლის პანსიონში მცხოვრები სტუდენტების თხოვნით თბილისის სიონის საკათედრო ტაძარში (წმინდა ვახტანგ გორგასლის სახელობის ჩრდილოეთ ეკვდერში) მორიგი წირვა აღასრულა. უნდა აღინიშნოს, რომ თბილისის სასულიერო აკადემიასა და სემინარიაში სუფევს ძალიან თბილი და მზრუნველი გარემო. აქ სტუდენტების სულიერ აღზრდასა და განათლებას განსაკუთრებული ყურადღება ექცევა. მაღალპროფესიულ დონეზე ჩატარებული ლექციების გარდა თსას-ის ბაკალავრებსა და მაგისტრანტებს ხვდებიან და მნიშვნელოვან საკითხებზე ესაუბრებიან სასწავლებლის სულიერი მოძღვრები: სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძრის წინამძღვრის თანაშემწე, არქიმანდრიტი სერაფიმე (ჭედია), თბილისის ვაკის ფერისცვალების ტაძრის წინამძღვარი, დეკანოზი შალვა კეკელია, თბილისის სიონის საკათედრო ტაძრის მღვდელმსახური, მღვდელი გიორგი ვაშალომიძე. ისინი სასწავლებლის სტუდენტების თანამონაწილეობით ხშირად აღასრულებენ წირვა-ლოცვებსა და სხვა საეკლესიო მსახურებებს. რაც შეეხება პანსიონში მცხოვრებ სტუდენტებს, სულიერი მოძღვრები მათთან ერთად  ლოცულობენ ყოველდღე, დილას და საღამოს. ამასთან, შუადღის სადილის გარდა, რაც სასწავლებლის ყველა თანამშრომლისა და სტუდენტისთვის უფასოა, პანსიონში მცხოვრები სტუდენტებისთვის დილას და საღამოს იმართება სრულფასოვანი საუზმე და ვახშამი. თბილისის სასულიერო აკადემიასა და სემინარიაში უფასოა როგორც სწავლა, ასევე პანსიონში ცხოვრება.