თბილისის სასულიერო აკადემია-სემინარიის რექტორის, პროტოპრესვიტერ გიორგი ზვიადაძის სიტყვა საპატიო დოქტორის წოდების მინიჭების ღონისძიებაზე

 
თქვენო უწმინდესობავ და უნეტარესობავ, სრულიად საქართველოს-კათოლიკოს პატრიარქო,
 
თქვენო აღმატებულებავ, ქალბატონო პრეზიდენტო,
 
თქვენო აღმატებულებავ, პარლამენტის თავმჯდომარევ,
 
თქვენო მაღალყოვლადუსამღველოესობავ, საპატრიარქოს ტახტის მოსაყდრევ, მეუფე შიო,
 
თქვენო მაღალყოვლადუსამღველოესობავ, მეუფე თეოდორე, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ქორეპისკოპოსო, ახალციხისა და ტაო-კლარჯეთის მიტროპოლიტო, თქვენო მაღალყოვლადუსამღველოესობავ, მეუფე ნიკოლოზ, ახალქალაქის, კუმურდოსა და კარის მიტროპოლიტო,
 
თქვენო მაღალყოვლადუსამღველოესობავ, ბოდბელო მთავარეპისკოპოსო, იაკობ,
 
დიპლომატიური კორპუსის პატივცემულო დუაიენო, ვატიკანის წმინდა  საყდრის დესპანო საქართველოში, თქვენო აღმატებულებავ მონსენიორ ჟოზეფ ბეტანკურ,
 
მოგესალმებით მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდენტო, ბატონო გიორგი კვესიტაძე,
 
მეცნიერებათა აკადემიის ვიცეპრეზიდენტო, ბატონო როინ მეტრეველო,
 
უმაღლესი სასწავლებლების პატივცემულო რექტორებო,
 
თბილისის სასულიერო აკადემიისა და სემინარიის სამეცნიერო საბჭოს პატივცემულო წევრებო, პროფესორ-მასწავლებლებო, ქალბატონებო და ბატონებო.
 
ჩვენი დღევანდელი შეხვედრის მიზეზი ყველას მოგეხსენებათ. საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის თბილისის სასულიერო აკადემიისა და სემინარიის სამეცნიერო საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება, სრულიად საქართველოს კატოლიკოს-პატრიარქის უწმინდესისა და უნეტარესი ილია მეორის საპატიო დოქტორის წოდებით დაჯილდოების შესახებ მისი განსაკუთრებული ღვაწლის გამო. თბილისის სასულიერო აკადემია და სემინარია, მისი სამეცნიერო საბჭო პროფესორ-მასწავლებლები, სტუდენტები - ყველანი თვალს ვუსწორებთ ისტორიულ სინამდვილეს, ისტორიულ სიმართლეს. ეს არის ეპოქალური მნიშვნელობის რეალობა და ეპოქალური მნიშვნელობის ღვაწლი საქართველოს კატოლიკოს-პატრიარქისა საქართველოს წინაშე და საქართველოს სამოციქულო ეკლესიის წინაშე.
 
ეს ღვაწლი არის ძალიან მრავალმხრივი და მრავალმნიშვნელოვანი. მისი მოღვაწეობის მასშტაბი შეეხო თითქმის ყველა სფეროს: იქნება ეს განათლება (უპირველესად), საეკლესიო არქიტექტურა, საეკლესიო გალობა, გამომცემლობა; საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა დააფუძნა საპატრიარქოს ტელევიზია და რადიო. საქართველოს პატრიარქმა აღსაყდრების დღიდან მიზნად დაისახა, რომ საქართველოს მართლმადიდებელ ეკლსიას მოეპოვებინა ცნობისა და აღიარების სიგელი, მოწმობა, საბუთი, რაც დაადასტურებდა საქართველოს ეკლესიის უძველეს ავტოკეფალიურობას.
 
საქართველოს პატრიარქმა დააფუძნა გელათის მეცნირებათა აკადემია. ეს იყო უდიდესი მნიშვნელობის მოვლენა.  ამ დოკუმენტზე არის პრეზიდენტ შევარდნაძისა და საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ხელმოწერა. საქართველოს პატრიარქმა დააფუძნა თბილისის სასულიერო აკადემია, როგორც უმაღლესი საღვთისმეტყველო სკოლა.
 
აღსაყდრების დღიდან ავტოკეფალიის საყოველთაოდ აღიარებასთან ერთად პატრიარქი ფიქრობდა იმის შესახებ, რომ დაეფუძნებინა უმაღლესი საღვთისმეტყველო სკოლა, რადგან უმაღლესი საღვთისმეტყველო სკოლის გარეშე შეუძლებელი იქნებოდა ქართული საღვთისმეტყველო აზრის აღორძინება და განვითარება და თეოლოგიური მეცნიერების, საღვთისმეტყველო მეცნიერების აღორძინება და განვითარება.
 
ყველას მოგეხსენებათ, რომ გელათის აკადემიიდან, იყალთოს, გრემის აკადემიებიდან მოყოლებული დიდი წყვეტა იყო. საქართველოში უმაღლესი საღვთისმეტყველო სკოლა არ არსებობდა.
 
საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა დააფუძნა საერო უნივერსიტეტი ფუნდამენტური მეცნიერებების განსავითარებლად.  ეს გახლავთ ანდრია პირველწოდებულის უნივერსიტეტი, ქართული უნივერსიტეტი, რომელიც საპატრიარქოს ეგიდით ფუნქციონირებს.
 
ძალიან რთული იყო სამეცნიერო საბჭოს წევრებისთვის, რომ ტექსტი შეგვემუშავებინა ისეთი, როგორიც ზედმიწევნით ასახავდა პატრიარქის ამ მრავალმხრივ, მასშტაბურ და განუზომელ მოღვაწეობას და დიდი პატივია დღეს სასულიერო აკადემიისთვის, რომ საპატიო დოქტორის წოდება გადავცეთ პატრიარქს.
 
ჩვენ შეგვეძლო ეს ადრე გაგვეკეთებინა, მაგრამ რატომღაც ასე მოხდა ღვთის განგებით, რომ, როდესაც სასულიერო აკადემიამ მიაღწია გარკვეულ წარმატებას (ეს წარმატება პატრიარქის უდიდესი ავტორიტეტით განხორციელდა) და ეს წარმატება გახლავთ ის, რომ თბილისის სასულიერო აკადემიაში დაფუძნდა სადისერტაციო საბჭო  მართლმადიდებლურ თეოლოგიაში. ეს არის უპრეცედენტო შემთხვევა, არასოდეს საქართველოს ისტორიაში, მთელი ჩვენი ისტორიის მანძილზე, საქართველოს ეკლესიაში არ ყოფილა სადისერტაციო საბჭო მართლმადიდებლურ თეოლოგიაში და ყველას, ვისაც უნდოდა რომ მოეპოვებინა ხარისხი მართლმადიდებლურ თეოლოგიაში და დაეცვა დისერტაცია, ის იძულებული იყო, უცხოეთში გაეკეთებინა ეს. ეს იყო უპრეცედენტო შემთხვევა, რომელიც პატრიარქის დიდი ავტორიტეტით  და თბილისის სასულიერო აკადემიისა და სემინარიის სამეცნიერო საბჭოს წევრების და პროფესორ-მასწავლებლების შრომით და ძალისხმევით განხორციელდა. დაფუძნდა დოქტორანტურა თბილისის სასულიერო აკადემიაში, აკადემიას დაუმტკიცდა Erasmus+ პროგრამა, რაც, რა თქმა უნდა, დიდი მიღწევაა. პატრიარქის ლოცვა-კურთხევით აკადემიას აქვს სამეცნიერო თანამშრომლობის ხელშეკრულება მსოფლიოს სხვადასხვა უმაღლეს სასწავლებელთან.
 
ჩვენ კარგად გვესმის, რომ ამ წოდების გადაცემით პატრიარქის განუზომელ ავტორიტეტს და განუზომელ ღვაწლს ვერაფერი შეემატება. პატრიარქი გახლავთ საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის საპატიო აკადემიკოსი, პატრიარქი გახლავთ სახელმწიფო უნივერსიტეტის საპატიო დოქტორი (ბატონ როინ მეტრეველის რექტორობის დროს  მოხდა ეს). პატრიარქი გახლავთ აშშ-ში წმინდა ტიხონის სასულიერო აკადემიის საპატიო დოქტორი და სხვა ქვეყნების არაერთი უმაღლესი სასწავლებლის დოქტორი. დიახ, შეიძლება ჩვენმა საპატიო დოქტორის წოდების გადაცემამ მის ღვაწლს ვერაფერი შემატოს, მაგრამ, უპირველესად, ეს არის ჩვენი მხრიდან, სასულიერო აკადემიის მხრიდან, უდიდესი მადლიერების გამოვლინება პატირიარქისადმი და უდიდესი მოწიწება პატრიარქის განუზომელი ღვაწლისადმი ჩვენი ქვეყნისა და ეკლესიის წინაშე. პატრიარქმა თავად დააფუძნა, უმაღლესი საღვთისმეტყველო სკოლა და ამ სკოლის მნიშვნელობის გამო რამდენიმე წელი თავად ბრძანდებოდა თბილისის სასულიერო აკადემიის რექტორი.
 
ნება მომეცით, გაგაცნოთ ტექსტი, რომელიც ჩვენ სასულიერო აკადემიისა და სემინარიის სამეცნიერო საბჭოში შევიმუშავეთ:
 
 
დიპლომი
 
 საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ისტორიული ავტოკეფალიის საყოველთაოდ აღიარების, ეკლესიის აღორძინების, საღვთისმეტყველო განათლებისა და მეცნიერების განვითარების, უმაღლესი საღვთისმეტყველო სკოლის — თბილისის სასულიერო აკადემიის დაფუძნების,  ქართველი ერის გამთლიანებისა და სულიერი განმტკიცების საქმეში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისათვის  
 
 ა(ა)იპ საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალიური მართლმადიდებელი ეკლესიის
 
თბილისის სასულიერო აკადემიისა და სემინარიის სამეცნიერო საბჭოს  დადგენილებით
 
 სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსს, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტს, უწმინდესსა და უნეტარეს ილია მეორეს
 
მიენიჭა ა(ა)იპ საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალიური მართლმადიდებელი ეკლესიის
თბილისის სასულიერო აკადემიისა და სემინარიის
 
საპატიო დოქტორის წოდება (Doctor Honoris Causa)
 
 
 
თბილისის სასულიერო აკადემიისა და სემინარიის რექტორი,
თეოლოგიისა და ფილოლოგიის დოქტორი,
პროტოპრესვიტერი გიორგი ზვიადაძე                      
 
 
თბილისი, საქართველო
2. 08. 2020 წელი
 
 
 
ეს გახლავთ დიპლომი, რომელსაც დიდი მოწიწებით და მადლიერებით იმ უდიდესი ღვაწლის გაცნობიერებით და პატივისცემით, რაც პატრიარქის სახელს უკავშირდება, გადავცემთ მის უწმინდესობას.
 
ეს გახლავთ გრაგნილი ქართულ და ინგლისურ ენებზე შესრულებული, რომელსაც დიდი მოწიწებით გადავცემ საქართველოს პატრიარქს.
 
06.10.2020

FaceBook გვერდი