სამეცნიერო საბჭოს სხდომა

2020 წლის 11 სექტემბერს, პარასკევს, 14:00 საათზე, თბილისის სასულიერო აკადემიასა და სემინარიაში შედგა სამეცნიერო საბჭოს მორიგი სხდომა. 

თბილისის სასულიერო აკადემიისა და სემინარიის სამეცნიერო საბჭოს თავმჯდომარემ, სასწავლებლის რექტორმა, პროტოპრესვიტერმა გიორგი ზვიადაძემ მიულოცა სამეცნიერო საბჭოს წევრებს ახალი სასწავლო წლის დადგომა და მისაღები გამოცდების წარმატებით დასრულება. საბჭოს წევრებმა აღნიშნეს, რომ მისაღები გამოცდები ჩატარდა მაღალი აკადემიური მომთხოვნელობით და თბილ გარემოში, როგორც ეს ამ სასწავლებლისათვის არის დამახასიათებელი - მაღალი სამეცნიერო დონე, ეკლესიური აზროვნება და სულიერება. ეს არის უმთავრესი მოთხოვნა სასულიერო აკადემიისა და სემინარიის სტუდენტებისთვის. ამ კუთხით აკადემია-სემინარიაში ბევრი რამ კეთდება. აღინიშნა, რომ უკანასკნელი რამდენიმე თვის მანძილზე სასულიერო აკადემიის გრიფით და მისი თანამშრომლების აქტიური მეცადინეობით გამოიცა დიდი ბიზანტიელი საეკლესიო მოღვაწეების რამდენიმე უმნიშვნელოვანესი უძველესი ქართული თარგმანი  -  წმ. იოანე დამასკელის „ღვთისმშობლისადმი მიძღვნილი ჰომილიები“, წმ. ანდრია კრიტელის „დიდი კანონი“, თეოლოგიისა და ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორ, ბატონ ედიშერ ჭელიძის ნაშრომი „ზიარების საიდუმლოს შესახებ“, ასევე, აკადემიაში ჩატარებული სტუდენტთა და პედაგოგთა მორიგი კონფერენციის მოხსენებათა კრებული.   

დაბოლოს, სამეცნიერო საბჭომ იმსჯელა სწავლის დაწყების დროსთან დაკავშირებით. სწავლა თბილისის სასულიერო აკადემიასა და სემინარიაში, ჩვეულებრივ, იწყება 14 სექტემბერს. მიღებულ იქნა მხედველობაში, რომ უმაღლეს სასწავლებლებში სწავლა 1 ოქტომბერს დაიწყება. შექმნილი ვითარების გათვალისწინებით, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსმა, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტმა, უწმინდესმა და უნეტარემა ილია II-მ სამეცნიერო საბჭოს მისცა ლოცვა-კურთხევა, რომ სწავლა დაიწყოს 1 ოქტომბერს; შესაბამისად, სასწავლო წლის დაწყებასთან დაკავშირებული პარაკლისიც შესრულდება 1 ოქტომბერს სიონის საკათედრო ტაძარში.
 
11.09.2020

FaceBook გვერდი