სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსის, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტის, უწმიდესი და უნეტარესი ილია II-ის აღსაყდრებიდან 43 წელთან დაკავშირებული მილოცვა

 
საქართველოს მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესიის მრავალსაუკუნოვან ისტორიაში ოქროს ასოებით ჩაიწერება 1977 წლის 23 დეკემბერი, ამ დღეს XII საეკლესიო კრებამ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქად, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსად აირჩია ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი ილია, რომლის აღსაყდრება 25 დეკემბერს შესრულდა სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარში. 

XIX-XX საუკუნეების საქართველოს სამოციქულო ეკლესიის ისტორიაში ორი შემთხვევა იყო, როდესაც სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარი ხალხს ვერ იტევდა. პირველი 1917 წლის 12 მარტი - საქართველოს მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენის დღე, მეორე 1977 წლის 25 დეკემბერი, როდესაც საპატრიარქო ტახტზე აღსაყდრდა 44 წლის ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი ილია (შიოლაშვილი), რომელსაც ილია II ეწოდა.

იმ ისტორიულ დღეს, სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარში, საქართველოს მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესიის ახლადარჩეულმა ახალგაზრდა საჭეთმპყრობელმა ამ სიტყვებით მიმართა სამწყსოს: ,,საოცრებამდე უსასრულოა განგება ღვთისა, არც მის მოწყალებას აქვს საზღვარი. ჭეშმარიტად, ამ განგებამ და მოწყალებამ დააყენა თქვენ წინაშე ჩემი სიმდაბლე, როგორც საქართველოს სამოციქულო ეკლესიის მამათმთავრისა. მე შეგნებული მაქვს ის უმძიმესი და, ამავე დროს, საპატიო მოვალეობა, რომელიც დღეს, ღვთის ამ წმინდა ტაძრის თაღებ ქვეშ დამაკისრა მაღალმა ღმერთმა. მუხლს ვიხრი მისი ძლიერების წინაშე და თაყვანს ვცემ მარადიული ნათლით მოსილ ხსენებას მისას. თავს ვიხრი საქართველოს ეკლესიისა და მისი მრევლის – ქართველი ერის წინაშე, რომელსაც სასოებით უნდა ემსახუროს ჩემი ძალი და ჩემი გონება“.

უმძიმესი იყო მემკვიდრეობა, რომელიც დახვდა საქართველოს მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესიის საჭეთმპყრობელს: ეკლესიასა და ხალხს შორის ათეისტურმა ხელისუფლებამ XX საუკუნის 20-60-იან წლებში აღმართა კედელი, რამაც გამოიწვია მრევლის და მოქმედი ეკლესია-მონასტრების კატასტროფული შემცირება, მოქმედ ეკლესიათა და სასულიერო პირთა რაოდენობა 70-ს არ აღემატებოდა, არსებობდა მხოლოდ 15 ეპარქია. ეკლესიას არ ჰქონდა ჟურნალი, გამომცემლობა, რადიო და სატელევიზიო მაუწყებლობა, სასულიერო უმაღლესი განათლების კერა, მოუგვარებელი იყო საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ისტორიული ავტოკეფალიის აღიარების და დიპტიქის საკითხი, საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას არ ჰქონდა ინტენსიური ურთიერთობა სხვა ადგილობრივ მართლმადიდებელ ეკლესიებთან. ქართული ინტელიგენცია სრულიად გაუცხოებული იყო ეკლესიისგან.
უწმიდესის და უნეტარესის სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია II-ის დიდი ძალისხმევით დაიწყო აღმავლობის პროცესი. არსებული ათეისტური ხელისუფლების წინააღმდეგობის მიუხედავად აღორძინდა ეპარქიები, იკურთხა ახალი მღვდელმთავრები, გაიხსნა დახურული ეკლესია-მონასტრები, არაერთმა ახალგაზრდამ მიაშურა ახალგახსნილ სამონასტრ კერებს, არნახულად გაიზარდა ბერ-მონაზონთა რიცხვი,  აშენდა საეპარქიო სახლები, საკათედრო ტაძრები. 2020 წლის მდგომარეობით საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის 49 ეპარქიას ჰყავს 44 მღვდელმთავარი, 2000-ზე მეტი მოქმედი ეკლესია-მონასტერი, 2100-ზე მეტი სასულიერო პირი.

საბჭოთა კავშირის დაშლისა და საზღვრების გახსნის შემდეგ, XX საუკუნის ბოლოს და XXI საუკუნის დასაწყისში, საქართველოდან მილიონზე მეტი თანამემამულე გავიდა უცხოეთში. პატრიარქის ლოცვა-კურთხევით, სამშობლოსთან, დედაეკლესიასთან და ეროვნულ ფესვებთან მტკიცე კავშირისათვის შეიქმნა გერმანიისა და ავსტრიის, ბელგიისა და ჰოლანდიის, დასავლეთ ევროპის, ჩრდილოეთ ამერიკისა და კანადის ქართული სამრევლოები, ბათუმის ეპარქიას დაემატა ლაზეთის, ახალციხისას - ტაო-კლარჯეთის, დმანისისას - ლორე-ტაშირის, ახალქალაქისა და კუმურდოს ეპარქიას - კარის, დედოფლისწყაროს ეპარქიას - ჰერეთის სამრევლოები. დღეს ამ სამრევლოებში ქართულ ეკლესიებთან ფუნქციონირებს სამრევლო სკოლები, ქართული სიმღერის, გალობის, ცეკვის შემსწავლელი წრეები. საქართველოს პატრიარქი განსაკუთრებით ზრუნავს უცხოეთში დროებით მცხვრებ ჩვენს თანამემამულეებზე. ამ ზრუნვის გამოხატულება იყო ის მრავალრიცხოვანი შეხვედრები, რაც კათოლიკოს-პატრიარქს ჰქონდა ევროპის და ამერიკის ქვეყნებში, თურქეთში, რუსეთის ფედერაციაში, სომხეთში, აზერბაიჯანში მცხოვრებ ქართველებთან. უაღრესად შთამბეჭდავი იყო ის სიტყვები, რითაც მან თურქეთში მცხოვრებ ქართველებს მიმართა: ,,განსაკუთრებული სიყვარულითა და მხურვალე გრძნობით მოგმართავთ თქვენ, ჩვენო ძმებო, მცხოვრებნო სამშობლოს საზღვრებს გარეთ, მოგმართავთ თქვენ, მუსლიმანებო და ქრისტიანებო. ჩვენ სისხლით და ხორცით ერთნი ვართ, მიუხედავად განსხვავებული რელიგიური შეხედულებებისა. გახსოვდეთ, რომ თქვენი წინაპრები განისვენებენ საქართველოს წმინდა მიწაში. ნუ დაივიწყებთ, ვინ ხართ, სადაურნი ხართ, გახსოვდეთ ღვთისაგან დალოცვილი ქართული ენა და საუკუნეთა მანძილზე ნაკურთხი ქართული ტრადიციები. ჩვენ მარად გვახსოვხართ და დღედაღამ ვლოცულობთ თქვენთვის, ჩვენი ერის გამთლიანებისთვის“. თანამდეროვე წინააღმდეგობრივ მსოფლიოში გლობალიზაცია მცირერიცხოვან ერებს დიდი განსაცდელის წინაშე აყენებს. უწმიდესი და უნეტარესი ილია II-ის აზრით, ,,თუ პიროვნებას, ხალხს, სახელმწიფოს არ აქვს სწორი რელიგიური და ეროვნული იდეოლოგია, ლიბერალიზმი აუცილებლად მტრების სასარგებლოდ იმუშავებს და შინაგანად მთლიანად დაანგრევს ქვეყანას. ის უბიძგებს საზოგადოებას ფსევდოდემოკრატიისა და ცრუთავისუფლებისაკენ, გააუფასურებს ეროვნულ ღირებულებებს, დაარღვევს ფორმასა და შინაარსს. ამიტომ, ქართველმა ადამიანმა ,,ენა, მამული, სარწმუნოებასთან“ ერთად მტკიცედ უნდა ჩაიბეჭდოს გონებაში ,,ღმერთი, სამშობლო, ადამიანი“. 

საქართველოს მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესიის საჭეთმპყრობლის დიდი ღვაწლით, წარმატებით დაგვირგვინდა კონსტანტინოპოლის მსოფლიო საპატრიარქოსთან მრავალწლიანი რთული მოლაპარაკების პროცესი საქართველოს ეკლესიის ისტორიული ავტოკეფალიის აღიარების შესახებ. 1990 წლის 4 მარტს ყოვლადუწმიდესი დიმიტრიოსის ხელმოწერით გამოქვეყნდა ორი სიგელი:

1. ,,საქართველოს უწმიდესი მართლმადიდებელი ეკლესიის ავტოკეფალიის ცნობისა და მტკიცების სიგელი“.

2. ,,საქართველოს უწმიდესი ეკლესიის მეთაურისათვის საპატრიარქო ტიტულის ცნობისა და ბოძების საპატრიარქო სინოდური განჩინება“. კონსტანტინოპოლის მთავარეპისკოპოსის და მსოფლიო პატრიარქის დიმიტრიოსის განჩინებით: ,,საქართველოს უწმიდეს მართლმადიდებელ ეკლესიას, ვითარცა ავტოკეფალურსა და დამოუკიდებელს, მართლმადიდებელ ეკლესიათა სისტემაში შემავალსა და თვითმმართველს, მიეცეს ძმური თანხმობა და აღიარება ჩვენი უწმიდესი კონსტანტინოპოლის ეკლესიისაგან მასზედ, რომ საქართველოს უწმიდესი ეკლესია პატივდებულ იქნეს საპატრიარქო ღირსებითა და ადგილით. როგორც ადრიდანვე იხსენიებოდა უძველეს ქრონიკებსა და სხვა საეკლესიო წყაროებში მისი ტიტული - "მთავარეპისკოპოსი მცხეთა-თბილისისა და კათოლიკოს-პატრიარქი სრულიად საქართველოსი", ასევე იხსენიებოდეს ამიერიდანაც მართლმადიდებლურ საღმრთო და წმინდა განგებებში“. ,,ამჯერად ხელთ გვაქვს ის საბუთები, რომელთაც საქართველო 1500 წლის მანძილზე ელოდა, ისინი იმდენად დიდი მნიშვნელობის საბუთებია, რომ ვერასდროს, ღვთის ლოცვა-კურთხევით, ვერავინ ვეღარ შეახებს ხელს საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიას“ - ბრძანებს უწმიდესი და უნეტარესი ილია II. 

კათოლიკოს-პატრიარქის სახელთანაა დაკავშირებული სასულიერო განათლების აღორძინება. ჩვენი ეკლესიის წინაშე არსებულ გამოწვევებს ვეღარ პასუხობდა მცხეთის სასულიერო სემინარია. 1988 წელს თბილისში გაიხსნა თბილისის სასულიერო აკადემია, სადაც, როგორც თავად ბრძანა, ,,უნდა მიმდინარეობდეს არა მარტო მომავალი განათლებული სასულიერო პირების მომზადება, არამედ სასწავლებელი უნდა იქცეს კვლევის ცენტრად, რომელთანაც დაკავშირებულნი იქნებიან როგორც სასულიერო პირნი, ისე მეცნიერები, კავშირი გვექნება როგორც უმაღლეს სასწავლებლებთან, ისე მართლმადიდებლურ და საერთოდ ქრისტიანულ უმაღლეს ცენტრებთან“. დღეს საქართველოს საპატრიარქოს თბილისის სასულიერო აკადემია უმაღლესი სასულიერო განათლების გამორჩეული ცენტრია. პატრიარქის ღვაწლით, 2013 წელს აკადემიამ მოიპოვა თეოლოგიის სფეროში სადოქტორო სადისერტაციო საბჭოს შექმნის უფლება, დაიწერა თეოლოგიის სადოქტორო პროგრამა, უკვე შედგა სადოქტორო დისერტაციის დაცვა. 1995 წელს აღდგა გელათის სასულიერო აკადემია, დაფუძნდა გელათის მეცნიერებათა აკადემია. სასულიერო სემინარიები დაარსდა ახალციხეში, ნეკრესში, ფოთში, ბათუმში, გორში, ცაგერში, გრემში. პატრიარქის ლოცვა-კურთხევით საპატრიარქოს სივრცეში შეიქმნა წმ. გიორგი მთაწმინდელის საეკლესიო გალობის უმაღლესი სასწავლებელი, თბილისის წმიდა ექვთიმე ღვთისკაცის სახელობის პროფესიული საგანმანათლებლო კოლეჯი, ახალქალაქის წმიდა ზოსიმე კუმურდოელის სახელობის საზოგადოებრივი კოლეჯი, ახალქალაქის წმიდა ნინოს სახელობის საღვთისმეტყველო სასწავლებელი, აგრეთვე საერო უნივერსიტეტები: წმ. ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართული უნივერსიტეტი, წმ. თამარ მეფის სახელობის უნივერსიტეტი, ხიჭაურის წმ. აბუსერისძე ტბელის სახელობის უნივერსიტეტი ხულოში, ,,ახალი საქართველოს" უნივერსიტეტი ფოთში. დაფუძნდა სამრევლო სკოლები, ახალ სიმაღლეზე ავიდა საგამომცემლო საქმიანობა. კათოლიკოს-პატრიარქის ლოცვა-კურთხევით გამოიცა არაერთი უმნიშვნელოვანესი ნაშრომი: სრული ბიბლია ახალ ქართულ ენაზე, მრავალენოვანი ბიბლიის (ბიბლია პოლიგლოტას) პირველი ტომი, არაერთი უდიდესი ღირსების დოგმატურ-ლიტურგიკული ძეგლი. აღნიშნულმა პუბლიკაციებმა მნიშვნელოვნად აამაღლა ქართველი ერის სულიერი განათლების დონე.

უწმიდესის და უნეტარესის ილია II-ის 2009 წლის 10 ივლისის ბრძანებით შეიქმნა საქართველოს რეალური ისტორიის დამდგენი მუდმივმოქმედი კომისია (ხელმძღვანელი მიტროპოლიტი ანანია ჯაფარიძე). კომისიამ 2009-2020 წლებში არაერთი ნაშრომი გამოსცა, საქართველოს ისტორიის, საქართველოს ეკლესიის ისტორიის პრობლემებზე, გაბათილდა ე. წ. ,,ქართიზაციის თეორიის" არგუმენტები. პატრიარქის ღვაწლით, 2002 წლის 14 ოქტომბერს ეკლესიასა და სახელმწიფოს შორის გაფორმებული საკონსტიტუციო ხელშეკრულებით, სახელმწიფომ აღიარა საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ისტორიულად ჩამოყალიბებული იურიდიული სტატუსი. სამართლებრივ დონეზე მოწესრიგდა ურთიერთობა სახელმწიფოსა და ეკლესიას შორის. XX საუკუნის 80-იანი წლებიდან ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის აღმავლობაში საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის როლი განსაკუთრებულია. 1987 წლის 20 ივლისს უწმიდესის და უნეტარესის ილია II-ის ლოცვა-კურთხევით, წმიდა სინოდმა ქართველი ერისა და საქართველოს ეკლესიის წინაშე განსაკუთრებული დამსახურებისათვის დიდი ქართველი მწერალი და საზოგადო მოღვაწე ილია ჭავჭავაძე შერაცხა წმინდანად და ეწოდა მას ,,წმიდა ილია მართალი“. ილია ჭავჭავაძის წმინდანად შერაცხვა აღიარებაა არა მარტო მისი პიროვნებისა, არამედ იმ დიდი საქმისა და იდეალებისა, რომელთაც იგი მთელი ცხოვრების მანძილზე ერთგულად ემსახურებოდა. საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის პირადი ინიციატივითა და წმინდა სინოდის გადაწყვეტილებით, წმინდანებად შეირაცხნენ ქართველი ერისა და საქართველოს ეკლესიის წინაშე განსაკუთრებული ღვაწლის მქონე საერო და საეკლესიო პირები.  საქართველოს მართლმადიდებელმა ეკლესიამ დაიბრუნა თავისი ისტორიული მისია. მისი უწმინდესობა ბრძანებს: ,,როგორც პატრიარქმა, პირველ რიგში, ჩემს უმთავრეს მოვალეობად ერისა და ეკლესიის გაერთიანება მივიჩნიე. ეკლესია თითქმის მოწყვეტილი იყო ერისგან, განსაკუთრებით მთავრობას და ინტელიგენციას იყო დაშორებული. ამ მდგომარეობის გამოსწორების მიზნით ჩვენ დავუკავშირდით საქართველოს ინტელიგენციის ცნობილ წარმომადგენლებს ყველა სფეროში. ჩვენდა სასიხარულოდ მათაც დიდი ინტერესი გამოიჩინეს ეკლესიის მიმართ. ამ დროს მათზე გადმოდიოდა მადლი, რომელიც მიზეზი ხდება ჭეშმარიტი რწმენის დაბადებისა“.

პატრიარქი ერის სულიერი მამაა. ,,ხალხმა რომ გული გაგიხსნას და შეგიყვაროს, ამისთვის ღვთისგან რჩეული უნდა იყო და მადლით მოსილი. ღმერთი უნდა უძღოდეს წინ საქმეებს შენსას და მისი ტკბილი სიყვარული გზას გინათებდეს... თქვენო უწმიდესობავ, თქვენ მაღალმა ღმერთმა მოგანიჭათ ეს ჯილდო, და ასე უანგაროდ უყვარხართ გულით კეთილ და პატიოსნებით სავსე მორწმუნე ქართველ ხალხს". ამ სიტყვებით 40 წლის წინ მიმართეს აღსაყდრების დღეს მის უწმიდესობას. ახლა, როდესაც მისი აღსაყდრების შემდეგ 43 წელია გასული, შეიძლება დარწმუნებით ითქვას: უწმიდესი და უნეტარესი სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II არა მარტო ქართველი მრევლის, მართლმადიდებელი მსოფლიოს, არამედ ზოგადად თანამედროვე ეპოქის გამოჩენილი სულიერი ლიდერია. მან თავისი მრავალმხრივი მოღვაწეობით უდიდესი ავტორიტეტი მოიპოვა მთელ მსოფლიოში. 
საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის საჭეთმპყრობელს, მის ღვაწლს, მაღალ შეფასებას აძლევენ სხვადასხვა ადგილობრივ მართლმადიდებელ ეკლესიათა წინამძღოლნი, ასევე მსოფლიოს წამყვანი ქვეყნების პოლიტიკური ლიდერები, საქართველოში აკრედიტირებული საზღვარგარეთის ქვეყნების ელჩები. რას ნიშნავს ჩვენს დროში პატრიარქი (და არა მარტო ჩვენს დროში)? ეპოქა, რომელსაც ახლა გადის ქართველი ერი, მეტად რთულია და სახიფათო... იგი სავსეა წინააღმდგებობებით, გაუტანლობით, უსიყვარულობით... უდიდესი ძალაა საჭირო, მეტი თანადგომა და ლოცვა. ღვთის წყალობას ხომ არ აქვს საზღვარი! თავად მაცხოვარი გვასწავლის: ,,ყოველი რომელი ითხოვდეს, მიიღოს, და რომელი ეძიებდეს, პოვოს, და რომელი ირეკდეს, განეღოს" (მათე 7.7-11).

დღეს საქართველოს ეკლესიის სულიერი სიმაღლე თვალსაჩინოა, რაც სწორედ კათოლიკოს-პატრიარქის მოღვაწეობის შედეგია. სწორედ ეს წარმატებულობა საქართველოს სამოციქულო ეკლესიისა არის უდიდესი ნუგეში და საღვთო ძალა როგორც ყველა ადამიანისათვის, რომელიც მის წიაღს ეკუთვნის, ასევე მთელი საქართველოსთვის. 

თქვენო უწმიდესობავ და უნეტარესობავ, თბილისის სასულიერო აკადემიისა და სემინარიის რექტორი, სამეცნიერო საბჭო, პროფესორ-მასწავლებლები და სტუდენტები უდიდესი მოწიწებით, პატივისცემითა და მადლიერებით გილოცავთ აღსაყდრების 43-ე წლისთავს და გისურვებთ ჯანმრთელობასა და მრავალჟამიერ სიცოცხლეს.
 
23.12.2020