თბილისის სასულიერო აკადემიისა და სემინარიის სამეცნიერო საბჭოს განცხადება

 
2019 წლის 7 თებერვალს თბილისის სასულიერო აკადემიასა და სემინარიაში გაიმართა სამეცნიერო საბჭოს სხდომა, რომელზეც, სხვა საკითხებთან ერთად, განხილული იყო აკადემიის პედაგოგის, ბ-ნ გოჩა ბარნოვის მიერ სოციალურ ქსელსა და მედიასივრცეში გავრცელებული მოსაზრებები ბოლოდროინდელ მნიშვნელოვან საეკლესიო საკითხებთან დაკავშირებით. საბჭოს წევრებმა მოისმინეს ამონარიდები გოჩა ბარნოვის მიერ საინფორმაციო სააგენტო „ინტერპრესნიუსისათვის“ მიცემული ინტერვიუდან, რომლებშიც იგი ცილს სწამებს საქართველოს ეკლესიის წმინდა სინოდს, ვინაიდან „პრორუსულად“ აცხადებს მას, რაც, რა თქმა უნდა, სრული ნონსენსია, და, ასევე, უკიდურესად შეურაცხმყოფელ კონტექსტში მოიხსენებს განსხვავებული აზრის მქონე ადგილობრივ ეკლესიებსა და მათ საჭეთმპყრობლებს, პირდაპირ უწოდებს რა სხვა აზრის მქონე ყველა პირს „არანორმალურ ადამიანს“. მეტიც, ბ-ნი გოჩა „საღ ჭკუაზე მყოფებად“ მხოლოდ „იმ ეკლესიის მეთაურებს“  მიიჩნევს, რომლებიც მის პოზიციას დაეთანხმებიან, ხოლო სხვა აზრის მქონე ეკლესიის მეთაურებს იგი, ცხადია, „საღ ჭკუაზე მყოფებად“ არ მოიაზრებს.

საზოგადოებისთვის რომ ყოველივე ცხადი გახდეს, სრულად დავიმოწმებთ ზემოხსენებული ინტერვიუდან ერთ-ერთ ამონარიდს:

„საქართველოს პოზიციას აბსოლუტურად არანაირი მნიშვნელობა არ აქვს ისევე, როგორც არც ერთი სხვა ეკლესიის პოზიციას უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალიასთან მიმართებაში, რადგან ამ შემთხვევაში მთავარი იყო კონსტანტინოპოლის გადაწყვეტილება. კონსტანტინოპოლმა მიიღო გადაწყვეტილება და თავის მიერ დაარსებულ ეკლესიას მიანიჭა ავტოკეფალია. ეს არის ფაქტი, ნორმალური ადამიანებისთვის სასიხარულო, არანორმალური ადამიანებისთვის კი - სამწუხარო. ყველა ნორმალური ადამიანი და საღ ჭკუაზე მყოფი ეკლესიის მეთაური ნელ-ნელა დაიწყებს აღიარებას იმ გაგებით, რომ უკრაინის მეთაურს, ეპიფანეს, უკვე მოიხსენიებენ ევქარისტიული მსახურების დროს. საქართველოს ეკლესიას მაინც მოუწევს უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალიის აღიარება დღეს თუ არა, ხვალ, უბრალოდ, რაც უფრო მალე მოხდება ეს, უკეთესია. საქართველოს ხელისუფლების მხრიდან საჭირო იყო, რომ უკრაინის პრეზიდენტისთვის მიელოცა უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალია და მსგავსად, საქართველოს პარლამენტს მისალოცი უნდა გაეგზავნა უკრაინის ეკლესიის მეთაურისთვის. ეს არის კულტურული აქტი, რომლის გაკეთებაც აუცილებელი იყო. მითუმეტეს, რომ უკრაინის და საქართველოს ბედი, როგორც პოლიტიკური, ისე ეკლესიური, ძალიან არის გადაჯაჭვული. სწორედ ამიტომ ჩვენ უნდა გამოვხატოთ უკრაინასთან მიმართებაში მხარდაჭერა, როგორც საეკლესიო წესით, ასევე პოლიტიკურადაც. სამწუხაროდ, ამას არ აკეთებენ და, როგორც ეტყობა, ძალიან სამარცხვინო პოზიციას იკავებენ. საქართველოს ეკლესიაც და საქართველოს მთავრობაც თავისი პოზიციით პრორუსულია და, აქედან გამომდინარე, ისინი ყოველთვის გაუწევენ ანგარიშს რუსეთს. მე იმასაც ვშიშობ, თავად რუსეთმა არ დაასწროს საქართველოს უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალიის აღიარება. მსგავსი სამარცხვინო ნაბიჯები საკმაოდ ხშირად გადაგვიდგამს, ასე რომ, გასაკვირი ნამდვილად არაფერია“.

აქვე დავიმოწმებთ გოჩა ბარნოვის კიდევ ერთ უაღრესად შემაშფოთებელ და გამოთქმის ფორმით ყოველგვარ ზღვარს გადასულ კადნიერ განაცხადს:

“თუ საქართველოს საპატრიარქო გადამწყვეტ მომენტში მხარს დაუჭერს რუსეთის ეკლესიას უკრაინის ავტოკეფალიასთან მიმართებაში, საქართველოს ეკლესიაში აუცილებლად აღმოჩნდებიან ისეთი მღვდელმთავრები, რომლებიც დედა ეკლესიის წიაღში და კონსტანტინოპოლის საპატრიარქოსთან თანაზიარებაში დარჩებიან. ასეთ შემთხვევაში არსებობს საშიშროება საქართველოს ეკლესიის გახლეჩისა; პირველნი დარჩებიან კონსტანტინოპოლის მიერ აღიარებული, და მაშასადამე, დედა ეკლესიის წიაღში, მეორენი კი, მაშინ უკვე მოსკოვის სქიზმატური ეკლესიის ქართულ ფილიალად…“.

სამეცნიერო საბჭოს წევრებმა სრულიად დაუშვებლად და აბსოლუტურად მიუღებლად მიიჩნიეს არა, რა თქმა უნდა, განსხვავებული აზრის გამოთქმის ფაქტი, როგორც ამის წარმოჩენა სურს ბ-ნ გოჩას, არამედ მხოლოდ და მხოლოდ ის ცილისმწამებლური და უკიდურესად შეურაცხმყოფელი ფორმა აზრის გამოხატვისა, რასაც ამ შემთხვევაში აქვს ადგილი.

უნდა აღინიშნოს, რომ გოჩა ბარნოვს წარსულშიც ხშირად გამოუთქვამს და სოციალურ მედიაშიც გაუვრცელებია ესა თუ ის აზრი საეკლესიო საკითხებთან დაკავშირებით, რომლებიც, რბილად რომ ვთქვათ, სიმართლეს არ შეეფერებოდა. ამის გამო მას არაერთგზის მიუღია თხოვნა და გაფრთხილება, რომ შეეწყვიტა შეურაცხმყოფელი ფორმით განცხადებების კეთება. რაც შეეხება უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალიის საკითხთან მიმართებით მისი უკანასკნელი მოსაზრებების გამოხატვის ფორმას, რაზეც ზემოთ უკვე ვთქვით, სასულიერო აკადემიისა და სემინარიის სამეცნიერო საბჭომ იმსჯელა ამ საკითხის შესახებ, ერთმნიშვნელოვნად უარყოფითი შეფასება მისცა აღნიშნულ ფაქტს და გოჩა ბარნოვის ზემომოტანილი განცხადებების შემდეგ დაუშვებლად მიიჩნია მისი პედაგოგობა, თუმცა  საბჭომ გადაწყვიტა, რომ შესაბამისი სამართლებრივი აქტის გამოცემამდე აუცილებელია შეხვედრა მასთან და უშუალოდ მისგან განმარტებების მოსმენა. შეხვედრის თარიღად, მისივე სურვილით, განისაზღვრა ორშაბათი, 11 თებერვალი, ვინაიდან, იგი, სამწუხაროდ, ვერ დაესწრო ხუთშაბათს, 7 თებერვალს გამართული ზემოხსენებული სამეცნიერო საბჭოს სხდომას, თუმცა მოწვეული იყო.

აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, სამეცნიერო საბჭომ გოჩა ბარნოვთან შეხვედრისა და მისგან ახსნა-განმარტების მოსმენის დავალება მისცა  საბჭოს შემდეგ წევრებს: სასულიერო აკადემიის პრორექტორს სასწავლო დარგში, დეკანოზ ბესარიონ ცინცაძეს, აკადემიის სადისერტაციო საბჭოს სწავლულ მდივანს, დეკანოზ ბიძინა გუნიას, აკადემიის სულიერ მოძღვრებს _ არქიმანდრიტ სერაფიმე ჭედიას და დეკანოზ შალვა კეკელიას, ეკლესიის ისტორიისა და კანონიკური სამართლის კათედრის  გამგეს, დეკანოზ მაქსიმე ჭანტურიას.

შექმნილ ვითარებასთან დაკავშირებით თავისი მკვეთრად უარყოფითი პოზიცია გამოხატეს: აკადემიის რექტორმა, სამეცნიერო საბჭოს თავმჯდომარემ, პროტოპრესვიტერმა გიორგი ზვიადაძემ; გელათის მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსმა, ფილოლოგიისა და თეოლოგიის დოქტორმა, პროფესორმა, დეკანოზმა ბიძინა გუნიამ; გელათის მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსმა, თეოლოგიის დოქტორმა, ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორმა, პროფესორმა ედიშერ ჭელიძემ; თბილისის სასულიერო აკადემიისა და სემინარიის პრორექტორმა, დეკანოზმა ბესარიონ ცინცაძემ; თეოლოგიის დოქტორმა, პროფესორმა, დეკანოზმა მაქსიმე ჭანტურიამ; თეოლოგიის დოქტორმა, პროფესორმა, არქიდიაკონმა დემეტრე დავითაშვილმა; ისტორიისა და თეოლოგიის დოქტორმა, პროფესორმა, დეკანოზმა გიორგი გუგუშვილმა; დეკანოზმა შალვა კეკელიამ; დეკანოზმა ბესარიონ მენაბდემ; არქიმანდრიტმა სერაფიმე ჭედიამ; თეოლოგიის დოქტორმა, ისტორიის მეცნიერებათა დოქტორმა, პროფესორმა სერგო ვარდოსანიძემ; ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორმა, საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსმა ავთანდილ არაბულმა; ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორმა, პროფესორმა გვანცა კოპლატაძემ, და სხვებმა.
 
08.02.2019