მართლმადიდებლურ საღვთისმეტყველო უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ბაკალავრიატის საღვთისმეტყველო საგანმანათლებლო პროგრამაზე სტუდენტების ჩარიცხვის წესი

მუხლი 1. წესის რეგულირების სფერო

1. ეს წესი განსაზღვრავს მართლმადიდებლურ საღვთისმეტყველო უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში (შემდგომში - „უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება“) ბაკალავრიატის საღვთისმეტყველო საგანმანათლებლო პროგრამებზე (შემდგომში - „საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამა“) სტუდენტების ჩარიცხვის წესსა და პირობებს შემდეგი მართლმადიდებლური საღვთისმეტყველო საგანმანათლებლო პროგრამებისათვის:
1.1. თეოლოგიის საგანმანათლებლო პროგრამა;
1.2. ხატწერის საგანმანათლებლო პროგრამა;
1.3. საეკლესიო არქიტექტურის (ხუროთმოძღვრების) საგანმანათლებლო პროგრამა;
1.4. საეკლესიო მუსიკისა და საეკლესიო მუსიკათმცოდნეობის საგანმანათლებლო პროგრამები;
1.5. ქრისტიანული ფსიქოლოგიის საგანმანათლებლო პროგრამა;
1.6. ქრისტიანული ხელოვნებათმცოდნეობის საგანმანათლებლო პროგრამა;
1.7. დაზგური და მონუმენტური ხატწერის რესტავრაციის საგანმანათლებლო პროგრამები;
1.8. ქრისტიანული ფილოსოფიის საგანმანათლებლო პროგრამა.
 
მუხლი 2. ბაკალავრიატის საგანმანათლებლო პროგრამებზე სწავლის უფლების მქონე პირი
 
1. ამ წესის პირველი მუხლით გათვალისწინებულ საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამაზე სწავლის უფლება აქვს მხოლოდ სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელი სახელმწიფო დოკუმენტის - ატესტატის მფლობელს ან მასთან გათანაბრებულ პირს;
2. უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში შემსვლელი პირი  უნდა აკმაყოფილებდეს ამ უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ დადგენილ სპეციალურ მოთხოვნებს;
3. უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების სტრუქტურულ ერთეულში - სასულიერო სემინარიაში ან/და თეოლოგიის ფაკულტეტზე  სწავლის უფლება აქვთ მხოლოდ მამაკაცებს.
 
 
მუხლი 3. ბაკალავრიატის საგანმანათლებლო პროგრამებზე ჩარიცხვა
 
1. ბაკალავრიატის საგანმანათლებლო პროგრამებზე ჩარიცხვა ხორციელდება ამ წესით      განსაზღვრული გამოცდების შედეგების მიხედვით - ერთიან ეროვნულ გამოცდებზე ქართულ ენასა და ლიტერატურაში მინიმალური კომპეტენციის  ზღვრის გადალახვის შემთხვევაში;
2. ბაკალავრიატის საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩასარიცხად წესდება შემდეგი შიდა გამოცდები:
2.1. ქრისტიანული მოძღვრების საფუძვლები (კატეხიზმო);
2.2. საქართველოს ისტორია;
2.3. უცხო ენა;
3. შიდა გამოცდების პროგრამებს, ჩატარების ფორმასა და თარიღს, აგრეთვე კონკრეტული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების სპეციფიკიდან გამომდინარე დამატებით მისაღებ  შიდა გამოცდებს განსაზღვრავს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ხელმძღვანელი შიდა სამართლებრივი აქტით;
4. შიდა გამოცდების ორგანიზებისა და შედეგების შეფასების მიზნით უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში გამოცდებამდე მინიმუმ ერთი კვირით ადრე უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ხელმძღვანელოს შიდა სამართლებრივი აქტით იქმნება შესაბამისი დარგობრივი საგამოცდო კომისიები;
5. თითოეული შიდა გამოცდა ფასდება 100 ქულიანი სისტემით. თითოეული გამოცდა ჩაბარებულად ითვლება, თუ მაგისტრანტობის კანდიდატი დააგროვებს მინიმუმ 51- ქულას;
6. საგამოცდო ცხრილით დადგენილი გამოცდის ჩაუბარებლობის  შემთხვევაში მომდევნო გამოცდაზე მაგისტრანტობის კანდიდატი  არ დაიშვება;
7. საღვთისმეტყველო საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამებზე ჩარიცხვა ხორციელდება მისაღები საგამოცდო კომისიის შედეგების გათვალისწინებით, უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ განსაზღვრული  ქვოტის შესაბამისად - მაქსიმალური ქულიდან ქვემოთ. საგანმანათლებლო დაწესებულების სპეციფიკიდან გამომდინარე, თანაბარი საგამოცდო შედეგების არსებობის შემთხვევაში უპირატესობა შესაძლებელია მიენიჭოს უმაღლესი დაწესებულების ხელმძღვანელის აქტით დადგენილ საგანში/საგნებში მიღებულ შეფასებას;
 
  მუხლი 4. ერთიანი ეროვნული გამოცდების ქართული ენისა და ლიტერატურის  შედეგები
 
უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება ეყრდნობა აბიტურიენტის მიერ სსიპ შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ვებგვერდიდან წარმოდგენილ ამონაბეჭდს, რომელშიც მოცემულია ქართული ენისა და ლიტერატურის ქულა.
 
მუხლი 5. უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ჩარიცხვა 
 
1. უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში აბიტურიენტის ჩარიცხვა ფორმდება დაწესებულებასა და აბიტურიენტს  შორის დადებული ხელშეკრულების საფუძველზე;
2. იმ პირების თაობაზე, რომლებთანაც გაფორმდა ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ხელშეკრულებები, უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ არაუგვიანეს 1 ოქტომბრისა დგება უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ხელმძღვანელის ერთიანი აქტი და გამოცემიდან 15 დღის ვადაში  იგზავნება საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში;
3. აბიტურიენტის უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში  ჩარიცხვა შეიძლება მხოლოდ კანონმდებლობით დადგენილი წესით აღიარებული სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტისა და კანონმდებლობით დადაგენილი წესით სამხედრო აღრიცხვას დაქვემდებარებული პირის მიერ სამხედრო აღრიცხვაზე ყოფნის დამადასტურებელი დოკუმენტის წარდგენის შემდეგ.