თბილისის სასულიერო აკადემია-სემინარიის შინაგანაწესი

დანართი  2
 
 
 
დამტკიცებულია
 
 
 
ა(ა)იპ საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალიური მართლმადიდებელი
 
ეკლესიის თბილისის სასულიერო აკადემიისა  და სემინარიის
 
რექტორის 2014 წლის 12 სექტემბრის №27 ბრძანებით
 
 
 
ცვლილებები შესულია
 
 
 
ა(ა)იპ საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალიური მართლმადიდებელი
 
ეკლესიის თბილისის სასულიერო აკადემიისა  და სემინარიის
 
რექტორის 2017 წლის 29 დეკემბრის №122 ბრძანებითა და
 
2018 წლის 23 აპრილის №61 ბრძანებით.
 
 
 
 
 
     არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის - მართლმადიდებლური საღვთისმეტყველო უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების - საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალიური მართლმადიდებელი  ეკლესიის  თბილისის სასულიერო აკადემიისა და სემინარიის
 
                                   
 
 
 
                                                                                                   შინაგანაწესი
 
ქ. თბილისი
 
2014 წელი
 
1.ზოგადი დებულებანი  
 
1.1. არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი - მართლმადიდებლური საღვთისმეტყველო უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება - საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალიური მართლმადიდებელი  ეკლესიის  თბილისის სასულიერო აკადემია და სემინარია  (შემდგომში - თსას) არის მართლმადიდებლური უმაღლესი სასულიერო სასწავლო-საგანმანათლებლო დაწესებულება. იგი დაარსებულია 1988 წელს სრულიად საქართველოს  კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესი და უნეტარესი ილია II-ის ლოცვა-კურთხევით მცხეთის სასულიერო სემინარიის ბაზაზე; თსას-ი ვალდებულია უბიწოდ დაიცვას უწმინდესი საეკლესიო მოძღვრება, ერთგული იყოს საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალიური მართლმადიდებელი ეკლესიის ტრადიციებისა და ექვემდებარებოდეს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქისა და თსას-ის რექტორის კანონიკურ იურისდიქციას;
 
1.2. თსას-ის სამეცნიერო-საღვთისმეტყველო, პედაგოგიური, საზოგადოებრივ-საეკლესიო საქმიანობა ეფუძნება საქართველოს მართლმადიდებელი წმინდა ეკლესიის უცვალებელ რჯულსა და მოძღვრებას;
 
1.3. თსას-ის შინაგანაწესი მიზნად ისახავს სწავლისა და დისციპლინის დაცვის უზრუნველყოფას, სტუდენტთა და პერსონალის საქმიანობის განხორციელებისათვის ხელშეწყობას, შრომის სამართლიან ანაზღაურებას, უსაფრთხო და ჯანსაღი სამუშაო გარემოს შექმნას, ქრისტიანული ეთიკის შესაბამისი ნორმების დაცვის უზრუნველყოფას;
 
1.4.   თსას-ის წინამდებარე შინაგანაწესი არის ძირითადი აქტი, რომელიც განსაზღვრავს შრომის განაწესს თსას-ში;
 
1.5.   შინაგანაწესის დაცვა სავალდებულოა ყველა იმ პირისათვის, რომელიც სწავლობს თსას-ში ან რომელსაც შრომითი ურთიერთობა აქვს თსას-თან;
 
1.6.  სტუდენტი – პირი, რომელიც ჩაირიცხა და სწავლობს თსას-ში უმაღლესი  საბაკალავრო, სამაგისტრო, სადოქტორო საგანმანათლებლო პროგრამების დასაუფლებლად;
 
1.7. თანამშრომელი – პირი, რომელსაც თსას-ში უკავია აკადემიური, ადმინისტრაციული ან დამხმარე თანამდებობა, ასევე მოწვეულია პედაგოგად;
 
1.8.  თსას-ი ვალდებულია შექმნას სათანადო საგანმანათლებლო პროგრამის ათვისებისა და პროფესიული უნარ-ჩვევების გამომუშავების, სტუდენტის მაღალ აკადემიურ დონეზე მომზადებისათვის საჭირო აუცილებელი პირობები;
 
1.9.   თსას-ის ადმინისტრაცია ვალდებულია სათანადოდ წარმართოს თანამშრომელთა საქმიანობა, უზრუნველყოს შრომის დისციპლინისა და დასაქმებულთა უფლებების დაცვა. ყურადღებითა და გულისხმიერებით მოეკიდოს თანამშრომელთა წინადადებებსა და მოთხოვნილებებს, შეძლებისდაგვარად გააუმჯობესოს მათი შრომითი პირობები;
 
1.10. თსას-ის სტუდენტი ვალდებულია სისტემატურად დაესწროს ლექციებს, სემინარებს, პრაქტიკულ მეცადინეობებს, დადგენილ ვადებში შეასრულოს საგანმანათლებლო პროგრამებით გათვალისწინებული დავალებები, ხელშეკრულების პირობები, განუხრელად დაიცვას რექტორის მიერ გამოცემული აქტებით დადგენილი მოთხოვნები, თსას-ის შინაგანაწესი, გაუფრთხილდეს თსას-ის პრესტიჟსა და ქონებას;
 
1.11. თსას-ის სტუდენტსა და თანამშრომელს უფლება აქვთ თანაბარ პირობებში ისარგებლონ თსას-ის მატერიალურ-ტექნიკური, საბიბლიოთეკო, საინფორმაციო და სხვა დამხმარე საშუალებებით;
 
1.12. თსას-ის შინაგანაწესი სრულად შეესაბამება საქართველოს კონსტიტუციას, საქართველოს სახელმწიფოსა და საქართველოს ავტოკეფალიურ მართლმადიდებელ ეკლესიას შორის გაფორმებულ კონსტიტუციურ შეთანხმებას, საქართველოს ავტოკეფალიური მართლმადიდებელი ეკლესიის მართვა-გამგეობის დებულებას, უმაღლესი განათლების შესახებ კანონს, საქართველოს შრომის კოდექსს, თსას-ის წესდებასა და დებულებას;
 
1.13. შინაგანაწესი, ყოველდღიური საქმიანობიდან გამომდინარე, დეტალური საკითხებით ავსებს თსას-ის წესდებასა და დებულებას;
 
1.14.  თუ დასაქმებულთან ან სტუდენტთან დადებული ხელშეკრულებით დადგენილია შინაგანაწესისაგან განსხვავებული პირობები, მოქმედებს ხელშეკრულებით გათვალისწინებული დებულებები.
 
 
 
შრომითი ხელშეკრულება, სამუშაო დროის ხანგრძლივობა, სამუშაოს დაწყებისა და დამთავრების დრო, დასვენების დღეები
 
 
2.1. თსას-ი დებს შრომით ხელშეკრულებას  დასაქმებულთან, რომლითაც განისაზღვრება:
 
ა) დასაქმებულის სამუშაო პირობები;
 
ბ) შრომის ანაზღაურების წესი და სხვა პირობები.
 
შრომის ხელშეკრულების პირობები შეესაბამება საქართველოს შრომის კოდექსსა და ყველა სხვა საკანონმდებლო მოთხოვნებს, რომლებიც არეგულირებს შრომით ურთიერთობებს. შრომითი ხელშეკრულების ვადები განისაზღვრება მხარეთა მიერ;
 
2.2. სამუშაო დრო წარმოადგენს კალენდარული დროის ნაწილს, რომლის განმავლობაშიც პერსონალი ვალდებულია განახორციელოს თავისი სამსახურეობრივი უფლება-მოვალეობანი;
 
2.3. თსას-ში დაწესებულია ხუთდღიანი სამუშაო კვირა ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით;
 
2.4. სამუშაოს დაწყებისა და დამთავრების დრო განისაზღვრება 09:00 საათიდან 17:00 საათამდე ყოველდღიურად, არაუმეტეს 40 საათისა კვირაში. შესვენება _ 13:00 საათიდან 14:00 საათამდე; პედაგოგებისათვის სამუშაოს დაწყებისა და დამთავრების დრო დაკავშირებულია აუდიტორიული, საკონსულტაციო და შრომითი ხელშეკრულებით გათვალისწინებული სხვა ვალდებულებების შესრულებასთან, სასწავლებლის მიერ დამტკიცებული სასწავლო ცხრილის შესაბამისად;
 
2.5. თსას-სა და პერსონალს შორის სამუშაო დროის ხანგრძლივობა შეიძლება განისაზღვროს ურთიერთშეთანხმებით;
 
2.6. ცვლაში მუშაობა განისაზღვრება  განრიგით, რომელსაც ამტკიცებს რექტორი სამუშაოს სპეციფიკის გათვალისწინებით;
 
2.7. სამუშაო ადგილზე გამოუცხადებლობის შემთხვევაში  თანამშრომელი ვალდებულია წინასწარ აცნობოს ამის თაობაზე თსას-ის ადმინი-სტრაციას, პედაგოგმა კი  უნდა შეატყობინოს შესაბამის კათედრასა და დეკანატს;
 
2.8.   დასვენების დღეებია შაბათი, კვირა, შრომის კოდექსით დადგენილი  უქმე დღეები, დიდი საეკლესიო  დღესასწაულები და საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ზოგიერთი მნიშვნელოვანი თარიღი.
 
3.შვებულება
 
3.1.   თსას-ის თანამშრომელს უფლება აქვს ანაზღაურებადი შვებულებით ისარგებლოს წელიწადში არანაკლებ 24 სამუშაო დღისა, ანაზღაურების გარეშე შვებულებით - წელიწადში არანაკლებ 15 კალენდარული დღისა;
 
3.2. შრომითი ხელშეკრულებით შეიძლება განისაზღვროს  შინაგანაწესის ამ თავით გათვალისწინებულისაგან განსხვავებული ვადები და პირობები, რომლებიც არ უნდა აუარესებდეს პერსონალის მდგომარეობას.
 
4.მივლინება
 
4.1.   მივლინება არის დასაქმებულის სამუშაო ადგილის დროებითი შეცვლა, სამუშაოს ინტერესებიდან გამომდინარე;
 
4.2. დასაქმებულის მივლინებაში გაგზავნა არ მიიჩნევა შრომითი ურთიერთიბის პირობების შეცვლად, თუ მივლინების პერიოდი არ აღემატება წელიწადში 45 კალენდარულ დღეს;
 
4.3.  მივლინების ხარჯების ანაზღაურება ხდება საქართველოს მოქმედი კანონმდებლოთ დადგენილი წესით.
 
41.ხელფასის გაცემის დრო და ადგილი
 
4.1.  თსას-ის თანამშრომლისათვის შრომის ანაზღაურება ხდება ხელშეკრულებით დადგენილი ოდენობის მიხედვით;
 
4.2. შრომის ანაზღაურების ოდენობას განსაზღვრავს რექტორი  თანამდებობის, კვალიფიკაციისა და საშტატო განაკვეთის გათვალისწინებით;
 
4.3. აკადემიური პერსონალის და მოწვეული სპეციალისტების ანაზღაურება განისაზღვრება საათობრივი დატვირთვით და გამოითვლება ჩატარებული სალექციო მეცადინეობების მიხედვით;
 
4.4. დასაქმებული ვალდებულია საბანკო ანგარიში გახსნას სასწავლებლის ადმინისტრაციის მიერ მითითებულ ბანკში;
 
4.5.  თსას-ი იხსნის პასუხისმგებლობას საბანკო სისტემაში წარმოქმნილ მიზეზებზე ხელფასის გაცემის შეფერხებისათვის და ამით გამოწვეული ზიანის ანაზღაურებაზე;
 
4.6.   ხელფასი გაიცემა თვეში ერთხელ, თვის მესამე კვირის განმავლობაში;
 
4.7.   ხელფასი ირიცხება ბანკში თსას-ის თანამშრომლის  პირად ანგარიშზე.
 
5.აკადემიური პერსონალის უფლება-მოვალეობები
 
 
 
5.1. თსას-ის აკადემიური პერსონალი გარდა ამ შინაგანაწესით გათვალისწინებული შრომითი უფლებებისა, სარგებლობს საქართველოს შრომის კოდექსით დადგენილი  უფლებით.
 
5.2.  თსას-ის აკადემიური პერსონალი ვალდებულია:
 
წარმოადგინოს სასწავლებლის მიერ დადგენილ ფორმაში იმ სასწავლო კურსის/კურსების სილაბუსები, რომლებსაც კითხულობს მიმდინარე სემესტრში ან პოტენციურად შეუძლია წაიკითხოს აკადემიური პროგრამის ფარგლებში შემდგომ სემესტრებში.
გაუძღვეს კონკრეტულ სასწავლო კურსს/კურსებს წარმოდგენილ სილაბუსში მოცემული განრიგის შესაბამისად. სასწავლებლის ადმინისტრაციის წარმომადგენელი (რექტორი, პრორექტორი, დეკანი, პროგრამის ხელმძღვანელი) უფლებამოსილია დაესწროს ლექციებსა და სემინარებს.
მუდმივად განაახლოს და დახვეწოს სასწავლო კურს(ებ)ის სილაბუს(ებ)ი და შეუსაბამოს სასწავლებლის საგანმანათლებლო პროგრამებსა და დადგენილი სილაბუსის ფორმაში შეტანილ ცვლილებებს.
გააცნოს სტუდენტებს სასწავლო კურსის სილაბუსი პირველ ლექციაზე.
საჭიროების შემთხვევაში გამოყოს კონსულტაციის დრო ლექციის წინ ან ლექციის შემდეგ. კონსულტაციისათვის გამოყოფილი დრო არ იქნება ანაზღაურებადი.
შეადგინოს შუალედური და დასკვნითი გამოცდის საკითხები სილაბუსის მოთხოვნების შესაბამისად.
შუალედურ და დასკვნით გამოცდამდე ერთი კვირით ადრე შესაბამის კათედრაზე წარმოადგინოს საგამოცდო საკითხები ელექტრონული სახით;
წერილობითი ფორმით ჩატარებული შუალედური და დასკვნითი გამოცდებიდან არაუგვიანეს 14-20 დღისა, ხოლო ზეპირი ფორმით ჩატარებული შუალედური და დასკვნითი გამოცდების შემთხვევაში 10 დღის ვადაში დეკანატში წარმოადგინოს შევსებული უწყისები და შედეგები შეიყვანოს  ელექტრონულ ბაზაში;
დროულად გამოცხადდეს ლექციაზე. დაგვიანების ან/და გაცდენის შემთხვევაში გააფრთხილოს კათედრის გამგე წინასწარ.
აღადგინოს გაცდენილი საათები სემესტრის დასრულებამდე;
შექმნას მის მიერ განხორციელებადი პროგრამის ელექტრონული ვერსია;
დაესწროს სასწავლებლის ადმინისტრაციის მიერ ორგანიზებულ შეხვედრებს/თათბირებს;
სამსახურეობრივ საკითხებზე ბრძანებათა თანამშრომლებამდე დაყვანის წესი
6.1. თსას-ის თანამშრომლის მიმართ სამსახურეობრივ საკითხებზე ბრძანებას გამოსცემს თსას-ის რექტორი;
 
6.2. ზოგადი ხასიათის ბრძანება მისი საჯარო გაცნობის მიზნით გამოიკვრება ყველასათვის თვალსაჩინო ადგილას, ხოლო ინდივიდუალური ხასიათისა ეცნობება თსას-ის ყველა სტრუქტურულ ერთეულს (დეკანატებს, კათედრებს და ა. შ.) და გადაეცემა დაინტერესებულ პირს პირადად ან ელექტრონული ფოსტის მეშვეობით.
 
 
 
 
 
7.წახალისება
 
7.1.  სამსახურეობრივ მოვალეობათა სანიმუშო შესრულებისათვის, ხანგრძლივი და კეთილსინდისიერი სამსახურისათვის, განსაკუთრებული სირთულის ან მნიშვნელოვანი დავალების წარმატებით შესრულებისათვის გამოიყენება წახალისების შემდეგი ფორმები:
 
ა) მადლობის გამოცხადება;
 
ბ) ერთჯერადი ფულადი ჯილდო;
 
გ) ფასიანი საჩუქარი;
 
დ) თანამდებობრივი სარგოს თანრიგის ამაღლება.
 
6.2.  ერთდროულად შეიძლება გამოყენებულ იქნეს წახალისების რამდენიმე ფორმა;
 
6.3.  წახალისების გამოყენების უფლება აქვს თსას-ის რექტორს.
 
8.დისციპლინური პასუხისმგებლობა
 
 8.1.   თანამშრომელთათვის
 
დისციპლინურ გადაცდომას წარმოადგენს დასაქმებულის მიერ შემდეგი ქმედებების განხორციელება:
 
ა) თბილისის სასულიერო აკადემიისა და სემინარიის წესდებით, დებულებით, ამ შინაგანაწესით, ხელშეკრულებითა და სხვა შიდანორმატიული აქტებით დადგენილ მოვალეობათა შეუსრულებლობა ან არაჯეროვნად შესრულება;
 
ა1) შრომის დისციპლინის დარღვევა, კერძოდ, სამსახურში გამოცხადებისა და სამსახურიდან წასვლის, შესვენების წესების დარღვევა, ასევე არასაპატიო მიზეზით სამსახურის გაცდენა და სხვა;
 
ბ) თბილისის სასულიერო აკადემიისა და სემინარიისათვის ქონებრივი ზიანის მიყენება ან ასეთი ზიანის წარმოშობის საშიშროების შექმნა;
 
გ) თბილისის სასულიერო აკადემიისა და სემინარიის ან/და მისი თანამშრომლის დისკრედიტაციისაკენ მიმართული საქციელი განურჩევლად იმისა, თსას-შია ჩადენილი თუ მის გარეთ.
 
8.1.1.   თსას-ში შრომის დისციპლინის დარღვევისათვის გამოიყენება შემდეგი სახდელები:
 
ა) შენიშვნა;
 
ბ) საყვედური;
 
გ) უკანასკნელი საყვედური;
 
გ1) თანამდებობრივ სარგოდ განსაზღვრული თანხიდან არაუმეტეს 30%-ის დაკავება.
 
დ) სამსახურიდან დათხოვნა.
 
8.1.2. დისციპლინური სახდელის დადებისას  მხედველობაში მიიღება  ჩადენილი გადაცდენის სიმძიმე, შრომის დისციპლინის დარღვევის გარემოებები, თანამშრომლის ადრინდელი მუშაობა და ყოფაქცევა;
 
8.1.3.  დისციპლინური საქმის წარმოების დაწყების შესახებ გამოიცემა რექტორის სამართლებრივი აქტი, რომლითაც იქმნება საკითხის განმხილველი კომისია. აქტში მიეთითება, ვის მიმართ და რა ფაქტთან დაკავშირებით დაიწყო დისციპლინური წარმოება, ასევე ამავე აქტით უნდა დაევალოს პირს, რომლის მიმართაც დაიწყო დისციპლინური საქმისწარმოება, განსაზღვრულ ვადაში წარუდგინოს კომისიის თავმჯდომარეს წერილობითი ფორმით მისი მოსაზრებები (ახსნა-განმარტება) და მის ხელთ არსებული მტკიცებულებები. აქტი ბარდება პირს, რომლის მიმართაც დაიწყო დისციპლინური საქმისწარმოება. კომისიის დასკვნის შემდეგ განიხილება შრომის დისციპლინის დამრღვევის მიმართ დისციპლინური სახდელის გამოყენების საკითხი. დისციპლინური სახდელის დადება ფორმდება თსას-ის რექტორის ბრძანებით. შვებულებაში ან მივლინებაში მყოფი პირის დისციპლინური დასჯა ხდება მისი გამოცხადების შემდეგ;
 
8.1.4.  დისციპლინური სახდელი გამოიყენება გადაცდომის გამოვლენისთანავე, მაგრამ არაუგვიანეს ერთი თვისა მისი გამოვლენიდან, თანამშრომლის ავადმყოფობის ან შვებულებაში ყოფნის პერიოდის ჩაუთვლელად;
 
8.1.5.    ერთი დისციპლინური გადაცდომისათვის გამოიყენება დისციპლინური პასუხისმგებლობის მხოლოდნ ერთი ზომა. ამასთან, რექტორი არ არის შეზღუდული პასუხისმგებლობის ზომის არჩევაში;
 
8.1.6.  დისციპლინური სახდელი არ შეიძლება დადებულ იქნეს გადაცდომის ჩადენიდან ექვსი თვის გასვლის შემდეგ;
 
8.1.7.   დისციპლინური სახდელი (გარდა სამსახურიდან დათხოვნისა) უქმდება ერთი წლის  შემდეგ;
 
8.1.8.  თუ თანამშრომელს არ დაურღვევია ხელშეკრულებით განსაზღვრული მოვალეობანი, თავი გამოიჩინა როგორც კარგმა და კეთილსინდისიერმა მუშაკმა, შეიძლება მას ვადაზე ადრე მოეხსნას დისციპლინური სახდელი;
 
8.1.9.   სადავო საკითხები მხარეთა შორის მოგვარდება ურთიერთშეთანხმებით. თუ თსას-სა და თანამშრომელს შორის წამოჭრილი დავა ვერ გადაიჭრება ურთიერთშეთანხმების გზით, მაშინ დავა გადაწყდება კანონიკური სამართლის მიხედვით: საეკლესიო იურისდიქციას სრულად მიეკუთვნება სასწავლო-საგანმანათლებლო პროცესი, ურთიერთობა თანამშრომელსა და  თსას-ს შორის, თანამშრომლის ქცევის წესები; საერო კანონმდებლობა გამოიყენება თსას-ის საქმიანობის მხოლოდ იმ სფეროში, რომლის მოწესრიგება თავისი არსით სცილდება საეკლესიო იურისდიქციის ფარგლებს.
 
 
 
 
 
8.2.სტუდენტთათვის
 
8.2.1.  თსას-ის სტუდენტთა ცხოვრების წესი და ქცევა თსას-ში დგინდება ქრისტიანული ეთიკის, უწმინდესი საეკლესიო მოძღვრებისა და საეკლესიო კანონების ძირითადი პრინციპების საფუძველზე. სტუდენტები მოვალენი არიან იცხოვრონ  ეკლესიურად და მონაწილეობა მიიღონ  საეკლესიო ღვთისმსახურებაში. სტუდენტი ექვემდებარება რექტორის კანონიკურ იურისდიქციას;
 
8.2.2.  სტუდენტს უფლება აქვს მიიღოს საფუძვლიანი განათლება, მონაწილეობდეს მეცნიერულ კვლევებში, მიიღოს საჭირო ინფორმაცია თბილისის სასულიერო აკადემიისა და სემინარიის სასწავლო პროცესთან დაკავშირებით, ასევე ისარგებლოს საქართველოს კანონმდებლობითა და თსას-ის აქტებით გათვალისწინებული სხვა უფლებამოსილებებით.
 
8.2.3.  თსას-ის სტუდენტი არ შეიძლება იყოს რომელიმე პოლიტიკური გაერთიანების წევრი;
 
8.2.4.თსას-ის სტუდენტი ვალდებულია:
 
- ცნობდეს და ემორჩილებოდეს საეკლესიო იერარქიას;
 
- ერთგული იყოს წმინდა მართლმადიდებელი ეკლესიის დოგმატური, კანონიკური და  ზნეობრივი სწავლებისა, დაიცვას წმინდა მართლმადიდებელი ეკლესიის უცვალებელი სჯული და მოძღვრება;
 
- დროულად და ზუსტად ასრულებდეს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, რექტორის, რექტორატის წევრების ლოცვა-კურთხევასა და დავალებებს;
 
-   მონაწილეობდეს ეკლესიის საქმიანობაში და იცავდეს მის ინტერესებს;
 
-  მორჩილებას, პატივისცემასა და მოწიწებას ავლენდეს საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალიური მართლმადიდებელი ეკლესიის საჭეთმპყრობლის - სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის მიმართ, ასევე პატივისცემით ეპყრობოდეს საეკლესიო იერარქიის წევრებს, თსას-ის პედაგოგებსა და თანამშრომლებს;
 
- შეათანხმოს პრორექტორთან (სასწავლო დარგში) იმ გამოსაქვეყნებელი თუ გასავრცელებელი წერილების, სტატიებისა და ინტერვიუების ტექსტი, რომელიც ეხება მართლმადიდებელი ეკლესიის სარწმუნოებრივ, დოგმატურ, კანონიკურ და სხვა მნიშვნელოვან საკითხებს;
 
- სასწავლებელში გამოცხადდეს ქრისტიანული ზნეობისათვის  შესაფერისად მოწესრიგებული ( ჩაცმულობა, გარეგნობა);
 
8.2.5. სტუდენტი ვალდებულია იცოდეს თსას-ის შინაგანაწესი, აკადემიური მოთხოვნები, ხელშეკრულების პირობები, თსას-ის რექტორისა და სასწავლებლის უფლებამოსილი  ორგანოების აქტები და შეასრულოს ისინი;
 
8.2.6. სტუდენტი ვალდებულია დაიცვას საეკლესიო  ეთიკისა და ქცევის საყოველთაოდ მიღებული ნორმები. ნორმათა დარღვევად  ჩაითვლება:
 
ა) დაგვიანება ლექცია-სემინარებზე;
 
ბ) მეცადინეობის   მიმდინარეობისათვის ხელის შეშლა;
 
გ) მობილური  ტელეფონის გამოყენება ლექციებსა და სემინარებზე;
 
დ) შენობის სასწავლო ინვენტარის, კომპიუტერული ტექნიკისა და თსას-ის სხვა ქონების დაზიანება, მათდამი უდიერად მოპყრობა;
 
ე) თამბაქოს მოწევა,  ლოცვა-კურთხევის გარეშე ალკოჰოლური სასმელის მიღება, არაფხიზელ მდგომარეობაში ყოფნა;
 
ვ) უხეში, საეკლესიო ეთიკისათვის შეუფერებელი ქმედება სასწავლებლის ადმინისტრაციის, პროფესორ-მასწავლებლების, სტუდენტებისა და თანამშრომელთა მიმართ;
 
ზ)   ბიბლიოთეკით სარგებლობის წესების დარღვევა;
 
8.2.7. აკადემიური ჩამორჩენილობის, მეცადინეობის გაცდენის,  არაკეთილსინდისიერი და არაეთიკური საქციელის ჩადენისათვის, 7.2.4 ქვეპუნქტში გათვალისწინებული ვალდებულებების შეუსრულებლობისათვის სტუდენტის მიმართ გამოიყენება როგორც ადმინისტრაციული სახდელები, ასევე საეკლესიო (კანონიკური) ეპიტიმია და სასჯელი იმ  კანონიკური პრინციპის დაცვით, რომ ერთი დარღვევისათვის დაუშვებელია ორჯერ დასჯა _ კანონიკურადაც და ადმინისტრაციულადაც. გამონაკლისია განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის ჩადენა (მოციქულთა 29-ე კანონი);
 
8.2.8.    ადმინისტრაციულია შემდეგი სახის სახდელები:
 
ა) საეკლესიო (კანონიკური) ეპიტიმია;
 
ბ)  გაფრთხილება;
 
გ) საყვედური;
 
დ) უკანასკნელი საყვედური;
 
ე)  სტუდენტის სტატუსის შეწყვეტა;
 
8.2.9.ფაკულტეტის  დეკანის მოხსენებითი ბარათის ან ასეთის გარეშე, დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომის გამოყენების უფლება აქვს თბილისის სასულიერო აკადემიისა და სემინარიის რექტორს.  ერთი დარღვევისთვის შეიძლება გამოყენებულ იქნეს დისციპლინური პასუხისმგებლობის  მხოლოდ ერთი ზომა. ზომის გამოყენებისას მხედველობაში მიიღება დარღვევის ხასიათი და მისი სისტემატურობა. ამასთან, სტუდენტის სტატუსის შეწყვეტის საფუძველი შეიძლება გახდეს მხოლოდ:
 
ა)  საეკლესიო კანონების, საეკლესიო ეთიკის ნორმების დარღვევა, რექტორისა და სხვა უფლებამოსილი პირების ლოცვა-კურთხევის შეუსრულებლობა;
 
ბ)  მართლმადიდებელი ეკლესიიდან განკვეთა;
 
გ) სასწავლო პროცესის მარეგულირებელი წესებით გათვალისწნებული ნორმების დარღვევა.
 
8.2.10.  თსას-იდან გარიცხვა ხდება თსას-ის რექტორის ბრძანებით,   სამეცნიერო საბჭოს გადაწყვეტილებით, განსაკუთრებულ შემთხვევაში - მხოლოდ თსას-ის რექტორის ბრძანებით;
 
8.2.11.  ერთი ან ორი დასკვნითი გამოცდის ჩაუბარებლობის, შემთხვევაში სტუდენტს ეძლევა უფლება დაფაროს დავალიანება მომდევნო სემესტრის დაწყებიდან ერთი თვის განმავლობაში;  აღნიშნულ პერიოდში დავალიანების დაუფარავობა წარმოადგენს სტუდენტის სტატუსის შეწყვეტის საფუძველს. ამ წესიდან გამონაკლისი დასაშვებია მხოლოდ სამეცნიერო საბჭოს გადაწვეტილების საფუძველზე.
 
8.2.12.  მიმდინარე სემესტრის შუალედურ და დასკვნით გამოცდებზე სტუდენტი დაიშვება სასწავლო პროგრამით გათვალისწინებულ გამოცდებში დავალიანების არარსებობის შემთხვევაში;
 
8.2.13.   თსას-ის საბაკალავრო პროგრამა სრულდება დასკვნითი გამოცდების ჩაბარების საფუძველზე, სამაგისტრო პროგრამა - აგრეთვე სამაგისტრო ნაშრომის დაცვის საფუძველზე. თსას-ის დიპლომი გაიცემა იმ შემთხვევაში, თუ სტუდენტს ჩაბარებული აქვს სასწავლო პროგრამით გათვალისწინებული ყველა გამოცდა;
 
8.2.14. თსას-იდან გარიცხულ სტუდენტს, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ლოცვა-კურთხევით,  უფლება ეძლევა დარჩეს თსას-ში თავისუფალი მსმენელის სტატუსით. სასწავლო კურსის დასრულების შემდეგ მიეცემა მოწმობა დასტურად იმისა, რომ მან მოისმინა აღნიშნული კურსი;
 
8.2.15  სტუდენტის სტატუსის შეჩერება  არის სტუდენტისა და თსას-ის გათავისუფლება   ერთმანეთის მიმართ არსებული უფლება-მოვალეობებისაგან;
 
სტუდენტის სტატუსის შეჩერების საფუძვლებია:
 
ა)  სტუდენტის ავადმყოფობა (დადასტურებული სამედიცინო ცნობით);
 
ბ)  ოჯახური მდგომარეობა(ორსულობა,მცირეწლოვანი(ერთ წლამდე) შვილი,ოჯახის წევრის ავადმყოფობა,ოჯახის მარჩენალის დაკარგვა,ეკონომიკური სიდუხჭირის გამო მუშაობის დაწყება და სხვა);
 
გ)     საზღვარგარეთ სასწავლებლად წასვლა(დოკუმენტურად დადასტურებული);
 
დ)    სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემა განაჩენის კანონიერ ძალაში შესვლამდე;
 
ე) პრობლემები სულიერ ცხოვრებაში (სულიერი მოძღვრის რეკომენდაციით შეთანხმებული სასწავლებლის სულიერ მოძღვართან);
 
ვ)   აკადემიური რეგისტრაციის გაუვლელობა.
 
8.2.16.  სტუდენტის სტატუსის შეჩერების პერიოდი არ შედის საგანმანათლებლო პროგრამით  დადგენილი სწავლების მაქსიმალურ ვადაში;
 
8.2.17.  სტუდენტის სტატუსის შეჩერების თაობაზე სტუდენტი წერილობითი განცხადებით მიმართავს თსას-ის რექტორს;
 
8.2.18.  სტუდენტის სტატუსის შეჩერება ხდება რექტორის ბრძანებით;
 
8.2.19.  სტუდენტის სტატუსის შეჩერების მაქსიმალური ვადაა 5 წელი;
 
8.2.21.  სტუდენტს სტატუსი აღუდგება პირადი განცხადების საფუძველზე სასწავლო პროცესის დაწყებიდან არაუგვიანეს  4 კვირისა. სტუდენტი სტატუსის აღდგენისას სწავლას განაგრძობს იმ სემესტრიდან, რომელშიც შეუჩერდა.
 
8.2.22. თუ სტუდენტსა და თსას-ს შორის წამოჭრილი დავა ვერ გადაიჭრება ურთიერთმოლაპარაკების გზით, მაშინ დავა გადაწყდება კანონიკური სამართლის მიხედვით: საეკლესიო იურისდიქციას სრულად მიეკუთვნება სასწავლო-საგანმანათლებლო პროცესი, ურთიერთობა სტუდენტებსა და  თსას-ს შორის, სტუდენტთა ქცევის წესები; საერო კანონმდებლობა გამოიყენება თსას-ის საქმიანობის მხოლოდ იმ სფეროში, რომლის მოწესრიგება თავისი არსით სცილდება საეკლესიო იურისდიქციის ფარგლებს.
 
9. სასწავლო განრიგი
9.1.   თსას-ში სემესტრის ხანგრძლივობა 17 კვირაა;
 
9.2.   აკადემიური საათის ხანგრძლივობა 50 წუთია;
 
9.3. სასწავლო მეცადინეობები ტარდება პრორექტორის (სასწავლო დარგში)  მიერ დამტკიცებული ცხრილების შესაბამისად. ცხრილი დგება ერთი სემესტრისათვის და გამოიკვრება მეცადინეობის დაწყებამდე ერთი კვირით ადრე;
 
9.4.  თითოეულ ჯგუფში დეკანი ნიშნავს ჯგუფხელს. იგი ექვემდებარება ფაკულტეტის დეკანს და ასრულებს ყველა მის მითითებას;
 
9.5.  ჯგუფხელი ვალდებულია:
 
ა) პედაგოგთან ერთად აღრიცხოს სტუდენტთა დასწრება ყველა სახის მეცადინეობაზე;
 
ბ) ყოველდღიურად მიაწოდოს დეკანს ინფორმაცია სტუდენტთა გაცდენა-დაგვიანების შესახებ;
 
9.6.   სტუდენტის ცოდნა მოწმდება  სემესტრის მანძილზე პრაქტიკული და სემინარული მეცადინეობებისა და შუალედური შეფასებების (კოლოკვიუმი, საკონტროლო სამუშაო, ტესტირება და ა.შ.) მეშვეობით;
 
9.7.   თსას-ში მოქმედებს სტუდენტთა ცოდნის შეფასების 100-ქულიანი სისტემა..
 
10.დასკვნითი დებულებები
 
10.1.   შინაგანაწესი მტკიცდება თსას-ის რექტორის მიერ;
 
10.2. შინაგანაწესი გამოიკვრება თსას-ში საგანგებოდ ამ მიზნისათვის გამოყოფილ ადგილას;
 
10.3. შინაგანაწესი ძალაში შედის თსას-ში ყველასათვის თვალსაჩინო ადგილას განთავსების მომდევნო სამუშაო დღიდან;
 
10.4. შინაგანაწესის მოთხოვნათა შესრულება სავალდებულოა თსას-ის ყველა თანამშრომლისა და სტუდენტისათვის;
 
10.5. შინაგანაწესის გაცნობა დასტურდება ხელშეკრულებაზე ხელმოწერით. ხელშეკრულება დაერთვის პირად საქმეს;
 
10.6. შინაგანაწესის შესრულებას ზედამხედველობას უწევს თსას-ის პრორექტორი სასწავლო დარგში;.
 
10.7.წინამდებარე შინაგანაწესი ძალას კარგავს ახალი შინაგანაწესის დამტკიცების  შემთხვევაში.
 
10.8.  თსას-ის შინაგანაწესში ცვლილებები და დამატებები შედის სამეცნიერო საბჭოს წარდგინებით რექტორის მიერ დამტკიცებული ბრძანებით.