ქრისტიანული ხელოვნებათმცოდნეობის პროგრამა

ქრისტიანული ხელოვნებათმცოდნეობის ფაკულტეტის საგანმანათლებლო პროგრამის აღწერილობა

ტექნიკური მახასიათებლები: ქრისტიანული ხელოვნებათმცოდნეობის ფაკულტეტზე ირიცხება 45 აქტიური სტუდენტი. ფაკულტეტზე პედაგოგთა რაოდენობა ორივე სემესტრში არის 41, აქედან მოწვეული - 27 პედაგოგი, აკადემიური პერსონალი – 14, მათ შორის პროფესორი - 4, საგანმანათლებლო პროგრამის ხანგრძლივობა - 4 წელი (8 სემესტრი), კრედიტების რაოდენობა – 245.

საგანმანათლებლო პროგრამაზე დაშვების წინაპირობაა:
მოძღვრის რეკომენდაცია,
საშუალო განათლების დამადასტურებელი ატესტატი,
ერთიან ეროვნულ გამოცდაზე ქართულ ენასა და ლიტერატურაში მინიმალური ზღვრის (ქვედა ზღვარი 26 ქულა) გადალახვა.

შიდა გამოცდები ტარდება შემდეგ დისციპლინებში:
ქრისტიანული მოძღვრების საფუძვლები (ზეპირი);
საქართველოს ისტორია (ზეპირი);
უცხო ენა (ტესტირება - ინგლისური ენა (A2);
რუსული ენა (A2);
გერმანული ენა (A2);
ფრანგული ენა (A2);
ახალი ბერძნული ენა(A2).
შიდა გამოცდების ქვედა ზღვარია 51 ქულა, ზედა ზღვარი - 100 ქულა.

მისაღები სტუდენტების რაოდენობაა არაუმეტეს 20 -ისა.
სასწავლო კურსის ფარგლებში გათვალისწინებულია ლექციებისა და სემინარების ორგანიზება, რომელიც აერთიანებს სწავლების მრავალფეროვან მეთოდებსა და აქტივობებს:
წიგნზე დამოუკიდებლად მუშაობის მეთოდი;
დისკუსია/დებატები;
სემესტრული სემინარების/კოლოკვიუმების მომზადება/ჩაბარება;
ახსნა–განმარტებითი მეთოდი;
პრეზენტაციის მომზადება/ჩვენება (პრეზენტაციაზე სტუდენტი წარმოადგენს განვლილი მასალის მიხედვით შექმნილ ორიგინალურ ნაშრომს);
სემესტრული/დასკვნითი გამოცდები.
სტუდენტის მიღწევების შეფასება ხორციელდება 100 ქულიანი სისტემით, რომელიც მოიცავს შუალედურ შეფასებას, კოლოკვიუმისა და სემინარის ქულებს, ლექციებზე დასწრებისა და დასკვნითი შეფასების საერთო ჯამს (გამოცდაზე დასაშვებად სტუდენტმა უნდა მოიპოვოს არანაკლებ 11 ქულისა). სასწავლო კურსი გულისხმობს პრაქტიკულ სამუშაოებს მუზეუმებში.

I კურსი მოიცავს 62 კრედიტს. (საგნები: ახალი აღთქმა, ახალი ქართული ენა, საქართველოს ისტორია, ძველი მსოფლიოს ხელოვნება, უცხო ენა, ეკლესიის ისტორია, ხელოვნების ნაწარმოების მხატვრული ანალიზი, ხელოვნების შესავალი). I კურსზე ძირითადი აქცენტი კეთდება ზოგადი შემეცნების საგნებზე, რათა სტუდენტმა შეძლოს ზეპირმეტყველების და წერის კულტურის დახვეწა, გამართული მეტყველება, გამოუმუშავდეს წერითი ჩვევები და შეიძინოს საბაზისო თეორიული ცოდნა, შეისწავლოს მშობლიური ქვეყნის ისტორია, უცხო ენა.

II კურსი მოიცავს 64 კრედიტს. (საგნები: ახალი აღთქმა, ძველი აღთქმა, საქართველოს ეკლესიის ისტორია, ბიზანტიური მხატვრობა, უცხო ენა, ბიზანტიური არქიტექტურა, ხელოვნების ნაწარმოების მხატვრული ანალიზი, ქართული ხელოვნების ისტორია). II კურსზე ზოგადი შემეცნების საგნებთან ერთად აქცენტი კეთდებa როგორც საღვთისმეტყველო, ასევე სახელოვნებო საგნებზე, რაც სტუდენტს აძლევს საფუძველს, რომ დამამთავრებელ კურსებზე სიღრმისეულად დაეუფლოს საღვთისმეტყველო და სახელვნებო საგნებს.

III კურსი მოიცავს 63 კრედიტს. (საგნები: ახალი აღთქმა, ძველი აღთქმა, მსოფლიო ლიტერატურის ისტორია, იკონოგრაფია, ქართული ხუროთმოძღვრება, დასავლეთ ევროპის ხელოვნება, ქრისტიანული აღმოსავლეთის ხელოვნება, ხელოვნების ნაწარმოების მხატვრული ანალიზი, ქართული ხატწერა). III კურსზე ზოგადი შემეცნების საგნების სწავლება მინიმუმამდეა დაყვანილი და კურსი გამოირჩევა თეოლოგიური ცოდნის საფუძველზე ქრისტიანული ხელოვნების აქცენტირებული სწავლებით, რაც სტუდენტს აძლევს საფუძველს, რომ დამამთავრებელ კურსზე სიღრმისეულად დაეუფლოს სპეციალობას.

IV კურსი მოიცავს 51 კრედიტს. (საგნები: ახალი აღთქმა, ძველი აღთქმა, შუა საუკუნეების ქართული კედლის მხატვრობა, ქართული ქრისტიანული ოქრომჭედლობა, ქართული ხელნაწერების მინიატირა, ხელოვნების ისტორიის კვლევის მეთოდები, თანამედროვე ხელოვნება, დოგმატური ღვთისმეტყველება). IV კურსი გამოირჩევა თეოლოგიური ცოდნის საფუძველზე ქრისტიანული ხელოვნების პრაქტიკული სწავლებით, ლექციებისა და პრაქტიკული მეცადინეობების ძირითადი ნაწილი ტარდება მუზეუმებსა და ხელნაწერთა ინსტიტუტში, რაც სტუდენტს აძლევს საფუძველს, რომ დამამთავრებელ კურსზე თეორიულთან ერთად მიიღოს პრაქტიკული სიღრმისეული ცოდნა.

სწავლის დასრულების შემდეგ ქრისტიანული ხელოვნებათმცოდნეობის ფაკულტეტის კურსდამთავრებულს ენიჭება კვალიფიკაცია - მართლმადიდებლური საღვთისმეტყველო მეცნიერების ბაკალავრი ქრისტიანულ ხელოვნებათმცოდნეობაში.

ქრისტიანული ხელოვნებათმცოდნეობის საბაკალავრო პროგრამა, სასულიერო აკადემია-სემინარიაში უკვე არსებული ტრადიციისა და გამოცდილების საფუძველზე, ინტერდისციპლინარული მეთოდის გამოყენებით, თეოლოგიური ცოდნის საფუძველზე, ქრისტიანული ხელოვნების აქცენტირებული სწავლებით ზრდის ქრისტიანული ხელოვნების სპეციალისტებს. ამ მიზნის განსახორციელებლად დარგის მოწინავე სპეციალისტები სწავლების მრავალფეროვანი თეორიული და პრაქტიკული კომპონენტების გამოყენებით სტუდენტებს აძლევენ საფუძვლიან ცოდნას თეოლოგიასა და ძველი და თანამედროვე ხელოვნების ძირითად დარგებში.

კურსდამთავრებულებს ექნებათ ცოდნის შესაბამისი ბაზა საღვთისმეტყველო და სახვითი ხელოვნების დარგების ისტორიისა და თეორიის შესწავლაში. ისინი გამოკვეთენ ქართული ხელოვნების განვითარების გზას და თავისებურებებს მსოფლიო ხელოვნების ქრონოლოგიურ-რეგიონალურ სურათში. თსას ხელოვნებათმცოდნეობის ბაკალავრს ექნება არა მხოლოდ ზოგადად ხელოვნების, მისი განვითარების, დარგების, ეპოქების ცოდნა, არამედ განსაზღვრავს მის არსს და შინაარსს. პროგრამით გათვალისწინებული დისციპლინების ათვისების საფუძველზე, იგი შეიძენს დარგობრივი სფეროს ღრმა და სისტემურ ცოდნას, როგორც დასავლურ, ასევე აღმოსავლეთ ქრისტიანული სამყაროს და ქართული ხელოვნების ურთიერთმიმართებისა და განვითარების შესახებ. კულტურული მემკვიდრეობის სიღრმისეული ცოდნა განსაზღვრავს თანამედროვე საეკლესიო ხელოვნებაში შეფასების სწორი კრიტერიუმების ჩამოყალიბებასაც. კურსდამთავრებული დაეუფლება ხელოვნებათმცოდნეობაში არსებულ მეთოდოლოგიას და კვლევის მიმართულებებს. საბაკალავრო პროგრამის კურსდამთავრებულს შესაძლებლობა ექნება უფრო მაღალი კვალიფიკაციის მისაღებად სწავლა განაგრძოს მაგისტრატურაში, ხოლო შემდგომ - დოქტორანტურაში.