სემინარიის საბაკალავრო პროგრამა

თბილისის სასულიერო სემინარიის თეოლოგიის საბაკალავრო პროგრამა
თბილისის სასულიერო სემინარიის თეოლოგიის საბაკალავრო პროგრამაზე ირიცხება 88 აქტიური სტუდენტი. თეოლოგიის საბაკალავრო პროგრამაზე ლექციას კითხულობს 30 ლექტორი (მათგან 24 არის მოწვეული და 6 - პროფესორი). 
საგანმანათლებლო სწავლების ხანგრძლივობა ოთხი წელია.
კრედიტების რაოდენობაა 245.

საგანმანათლებლო პროგრამაზე დაშვების წინაპირობებია:
1. მოძღვრის რეკომენდაცია;
2. საშუალო განათლების დამადასტურებელი ატესტატი;
3. ერთიან ეროვნულ გამოცდაზე ქართულ ენასა და ლიტერატურაში მინიმალური ზღვრის (ქვედა ზღვარი 26 ქულა) გადალახვა.

• შიდა გამოცდები ტარდება შემდეგ საგნებში:
• ქრისტიანული მოძღვრების საფუძვლები (ზეპირი);
• საქართველოს ისტორია (ზეპირი); •
უცხო ენა (ტესტირება - ინგლისური ენა (A2); რუსული ენა (A2); გერმანული ენა (A2); ფრანგული ენა (A2;) ახალი ბერძნული ენა(A2).
შიდა გამოცდების ქვედა ზღვარია 51 ქულა, ზედა ზღვარი - 100 ქულა.
მისაღები სტუდენტების რაოდენობაა არაუმეტეს 40 -ისა.
სასწავლო კურსის ფარგლებში გათვალისწინებულია სალექციო და სასემინარო საათები, რომელიც მოიცავს სწავლების მრავალფეროვან მეთოდებსა და აქტივობებს:
წიგნზე დამოუკიდებლად მუშაობის მეთოდს;
დისკუსია/დებატებს;
სემესტრული სემინარების/კოლოკვიუმების მომზადება/ჩაბარებას;
ახსნა–განმარტებით მეთოდს;
პრეზენტაციის მომზადებას, სემესტრულ/დასკვნით გამოცდებს.
სტუდენტის მიღწევების შეფასება ხორციელდება 100 ქულიანი სისტემით, რომელიც აერთიანებს შუალედურ შეფასებას, კოლოკვიუმისა და სემინარის ქულებს, ლექციებზე დასწრებისა და დასკვნითი შეფასების საერთო ჯამს (გამოცდაზე დასაშვებად სტუდენტმა უნდა მოიპოვოს არანაკლებ 11 ქულისა). სასწავლო კურსი გულისხმობს პრაქტიკულ სამუშაოებს მუზეუმებსა და ეკლესია-მონასტრებში (სტუდენტი ვალდებულია ზაფხულის სეზონზე გაემგზავროს მონასტერში და მონასტრულ ცხოვრებაში მიიღოს მონაწილეობა ერთი კვირის განმავლობაში).

I კურსი მოიცავს 65 კრედიტს ( სასწავლო კურსებია: ახალი აღთქმა, ძველი აღთქმა, ძველი ქართული ენა, უცხო ენა, ქართული მართლწერა და მართლმეტყველება, ქართული ლიტერატურის ისტორია, საქართველოს ისტორია). ძირითადად დატვირთვა აქვს ჰუმანიტარულ საგნებს, რათა სტუდენტმა შეძლოს ზეპირმეტყველების და წერის კულტურის დახვეწა, სტუდენტს გამოუმუშავდეს წერითი ჩვევები, შეიძინოს საბაზისო თეორიული ცოდნა, შეისწავლოს მშობლიური ქვეყნის ისტორია, უცხო ენა და ასევე გამოიმუშავოს წმ.წერილის ტექსტობრივი დამუშავების უნარი.

II კურსი მოიცავს 60 კრედიტს (სასწავლო კურსებია: ახალი აღთქმა, ძველი აღთქმა, ლიტურგიკა, უცხო ენა, საქართველოს ეკლესიის ისტორია, რელიგიების ისტორია, პატროლოგია, ლიტურგიკა). სტუდენტს ეძლევა შესაძლებლობა წმ. წერილის ტექსტის შესწავლასთან ერთად გაეცნოს ბიბლიური ტექსტების წმ. მამათა განმარტებებს. საეკლესიო ტიპიკონის შესწავლით სტუდენტი შეძლებს ღვთისმსახურებაში მონაწილეობის მიღებას (მედავითნე).

III კურსი მოიცავს 60 კრედიტს. (სასწავლო კურსებია: ახალი აღთქმა, ძველი აღთქმა, ლიტურგიკა, პატროლოგია, ეკლესიის ისტორია, საეკლესიო სამართალი, დოგმატური ღვთისმეტყველება). სტუდენტს ეძლევა საბაზო განათლება საღვთისმეტყველო დისციპლინებში. საეკლესიო სამართლის, ეკლესიის ისტორიის, დოგმატური ღვთისმეტყველების სასწავლო კურსების მიზანია სტუდენტმა მიიღოს ინფორმაცია საეკლესიო სამართლის მეცნიერების შესახებ, გაეცნოს მართლმადიდებელი ეკლესიის კანონმდებლობას; ქრისტიანული ეკლესიის ისტორიის მოვლენებს, პიროვნებებსა და პრობლემებს და საფუძვლიანად შეისწავლოს მართლმადიდებლური ეკლესიის დოგმატები.

IV კურსი მოიცავს 60 კრედიტს (სასწავლო კურსებია: ახალი აღთქმა, ძველი აღთქმა, ეკლესიის ისტორია, ფილოსოფიის ისტორია, ძველი ბერძნული ენა, ასკეტიკა, ლიტურგიკა). ფილოსოფიის ისტორია სტუდენტს შესაძლებლობას აძლევს მიიღოს საბაზისო ცოდნა ფილოსოფიის თანამედროვე მიმდინარეობებსა და საკვანძო საკითხებზე; ძველი ბერძნულის საწყისი კურსით სტუდენტი სწავლობს ელემენტარული გრამატიკის საფუძვლებს, ასკეტიკის კურსით სტუდენტი იღებს სამეცნიერო ცოდნას პრაქტიკული ასკეტური ცხოვრებისათვის დამახასიათებელ თავისებურებებთან დაკავშირებით. თბილისის სასულიერო სემინარიის დასრულების შემდეგ კურსდამთავრებულს აქვს უფლება: რეკომენდაციის შემთხვევაში სასულიერო პირად კურთხევისა; საღვთისმეტყველო პროფილით პედაგოგად მუშაობისა; საგანმანათლებლო საქმიანობისა, რომელიც ემსახურება მართლმადიდებლური რწმენისა და ღირებულებების დამკვიდრებასა და განმტკიცებას. კურსდამთავრებულს გამომუშავებული აქვს უნარები: ცოდნის პრაქტიკულად გამოყენებისა, კომუნიკაციისა (ქართულსა და რომელიმე უცხო ენაზე), დარგობრივი ლიტერატურის წაკითხვა-გააზრებისა, ნაშრომის/ტექსტის გაფორმებისა (კონკრეტული ამოცანების დასახვა და დაგეგმილ დროში შესრულება, სხვათა ნაშრომების ციტირება რეფერირების წესების დაცვით და ა. შ.), შუძლია გააგრძელოს სწავლა მომდევნო სასწავლო საფეხურზე ან განაგრძოს დამოუკიდებელი პრაქტიკული მუშაობა. პროგრამა სტუდენტებს აძლევს ცოდნას თეოლოგიაში, უყალიბებს და უვითარებს მეთოდოლოგიურ უნარ-ჩვევებს.