შეხვედრა სასწავლო უნივერსიტეტ მილენიუმში



20 დეკემბერს "საქართველოს უმაღლესი სასწავლებლების დამეგობრებისა და სტუდენტთა სამეცნიერო პოტენციალის წარმოჩენა-წახალისების" პროგრამის ფარგლებში სასწავლო უნივერსიტეტში მილენიუმი თეოლოგიის საკითხებზე გაიმართა შეხვედრა, სადაც მოხსენებით გამოვიდნენ თბილისის სასულიერო აკადემიისა და სემინარიის შემდეგი დოქტორანტები:

მღვდელი გიორგი ხანთაძე

თემის სათაური: ,,განქორწინების პრეცედენტული სამართალი ქართულ სინამდვილეში და იკონომიის გამოყენების პრინციპი“.
          
მოხსენება დოქტორანტის სადისერტაციო ნაშრომის ნაწილს წარმოადგენს (სამეცნიერო ხელმძღვანელები: თეოლოგიის დოქტორი, პროფესორი, დაკანოზი ალექსი ქშუტაშვილი და თეოლოგიის დოქტორი, პროფესორი გიორგი ანდრიაძე). მასში განხილულია განქორწინების საკითხის საეკლესიო სამართლებრივი ისტორია, განქორწინების მიზეზები და იკონომიის გამოყენების პირნციპი მსგავს საკითხებთან.
          
საეკლესიო სამართლის კრებულებში, მათ შორის - დიდი სჯულის კანონში, აგრეთვე იმპერატორთა მიერ გამოცემულ კანონებში და სხვა სამართლებრივ კრებულებში იკვეთება გარკვეული მიზეზები, რომლის მიხედვითაც დაიშვებოდა განქორწინება.  წმინდა წერილიდანვე ჩანს, რომ განქორწინება დაიშვება  სიძვა-მრუშობის შემთხვევაშიც. მაცხოვარი ბრძანებს: ,,...რომელმან განუტეოს ცოლი თვისი თვინიერ სიტყვისა სიძვისა, მან ამრუშა იგი...“ (მათე, 5. 32),  რის საფუძველზეც ეკლესიამ სხვა მრავალი კანონი შეიმუშავა მეორედ და მესამედ ქორწინებისათვის და აგრეთვე მეოთხედ ქორწინებულის ეკლესიაში მიღების შესახებ. წყაროთა და მისი ისტორიის შესწავლა ცხადყოფს, რომ კანონთა ასეთი სიმრავლის მიზეზს განქორწინების გარდაუვალი ფაქტები წარმოადგენდა, აგრეთვე ის, რომ საეკლესიო სამართალი და იმპერატორის მიერ გამოცემული კანონი ხშირად ერთ ძალას ატარებდა გამომდინარე იქიდან, რომ ეკლესია სახელმწიფო რელიგიას წარმოადგენდა. შესაბამისად, საეკლესიო ქორწინების რეგისტრაციას იურიდიული ძალა ჰქონდა, აქედან გამომდინარე, განქორწინების სამართალიც გარკვეულ ნორმებს მოითხოვდა, რომელიც დროთა განმავლობაში ყალიბდებოდა. საეკლესიო სასამართლო დებულებების  შესწავლამ, რომელიც აღნიშნულ თავშია წარმოდგენილი, ნათლად წარმოაჩინა, რომ უკვე დადგინებულ ნორმებთან მიმართებით ეკლესია იყენებდა იკონომიის პრინციპს და წყვილს ხელახალი ქორწინების უფლებას აძლევდა.

ბატონი გიორგი ჯულაყიძე

თემის სათაური: „ლიტურგიკა და ევქარისტიის საიდუმლო“.

მოხსენებაში განიმარტება ლიტურგიკის, როგორც მეცნიერების რაობა, მისი საგანი, ამოცანები და დამხმარე დისციპლინები. საუბარია ქრისტიანული ღვთისმსახურების ბუნებასა და თავისებურებებზე. აღნიშნულია საღმრთო ლიტურგიის განსაკუთრებული ადგილი და გამორჩეულობა სხვა საღვთისმსახურო განგებათა შორის და გადმოცემულია ევქარისტიის საიდუმლოს საღვთისმეტყველო ასპექტები: ევქარისტია - საიდუმლოთა საიდუმლო, ევქარისტია და ეკლესია, ევქარისტია და ადამიანის განღმრთობა, ევქარისტია არის მსხვერპლი და ევქარისტია - ქრისტიანული სწავლების გამოცხადება.

ბატონი გიორგი მეტრეველი

თემის სათაური: „დიდი მარხვა“.

მოხსენებაში განხილულია დიდი მარხვის, იგივე „წმინდა ორმოცეულის“ ჩამოყალიბებისა და განვითარების მოკლე ისტორია, ასევე, მისი სულიერი მნიშვნელობა ადამიანთა ხსნის საღვთო განგებულების ჭრილში. ამასთან, მოხსენებაში წარმოდგენილია დიდმარხვის ღვთისმსახურების თავისებურებანი.

ბატონი ლაშა ტყებუჩავა

თემის სათაური: „წმინდა მაქსიმე აღმსარებლის სახელით ცნობილი ასკეტური ძეგლი „სიტყჳსგებისათჳს ვნებათაჲსა“ და მისი ექვთიმე ათონელისეული თარგმანი“.

წინამდებარე მოხსენება დოქტორანტის სადისერტაციო ნაშრომის ნაწილს წარმოადგენს (სამეცნიერო ხელმძღვანელი: ფილოლოგიის მეცნიერებათა და თეოლოგიის დოქტორი, პროფესორი ედიშერ ჭელიძე). ასკეტური ძეგლი „სიტყჳსგებისათჳს ვნებათაჲსა“ რვა უკეთური გულისზრახვის წინააღმდეგაა მიმართული. ესენია: ნაყროვანება, სიძვა, ვერცხლისმოყვარეობა, მწუხარება, მრისხანება, მოწყინება, დიდებისმოყვარეობა და ამპარტავნება. ნაშრომი რვა თავისაგან შედგება, რომლებშიც თითოეული ვნების განმარტება მოკლედაა წარმოდგენილი. ამას მოსდევს წმინდა წერილიდან შესაბამის გულისსიტყვათა მხილება. დასახელებული ძეგლი ბერძნული წყაროებით არ დასტურდება. როგორც გაირკვა, იგი წარმოადგენს ევაგრე პონტოელის (IV ს.) ცნობილი ნაშრომებიდან („ანტირეტიკოსისა“ (Ἀντιρρητικός) და მისივე „რვა ბოროტი ზრახვის შესახებ“ (De octo spiritibus malitiae) ამოკრებილი სწავლებისგან შემდგარ ასკეტურ სახელმძღვანელოს.

შეხვედრაში მონაწილეობა მიიღო თბილისის სასულიერო აკადემიისა და სემინარიის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის თანამშრომელმა, ფილოსოფიის დოქტორმა, ქალბატონმა ელენე შუბლაძემ. დოქტორანტების მოხსენებებმა დიდი ინტერესი გამოიწვია, უნივერსიტეტ მილენიუმის წარმომადგენლებმა და სტუდენტებმა გამოთქვეს სურვილი, რომ თბილისის სასულიერო აკადემიისა და სემინარიის დოქტორანტები კიდევ ესტუმრონ აღნიშნულ სასწავლებელს.
 
20.12.2019

FaceBook გვერდი