მისია

თბილისის სასულიერო აკადემია და სემინარია არის წამყვანი თეოლოგიური სკოლა, უმაღლესი საგანმანათლებლო ინსტიტუტი, დაარსებული საქართველოს  ავტოკეფალური სამოციქულო მართლმადიდებელი ეკლესიის მიერ. 

კანონიკური სამართლისა და საქართველოს რესპუბლიკასა და საქართველოს   სამოციქულო ავტოკეფალური მართლმადიდებელ ეკლესიას შორის დადებული ხელშეკრულების საფუძველზე, „უმაღლესი განათლების შესახებ საქართველოს კანონზე“ დაყრდნობით, იგი ახორციელებს საბაკალავრო, სამაგისტრო და სადოქტორო დონეების აკადემიურ პროგრამებს.

თბილისის სასულიერო აკადემია და სემინარია არის სულიერი და ინტელექტუალური მემკვიდრე ძველი ქართული სასულიერო საგანმანათლებლო ცენტრებისა და სკოლებისა, ქრისტიანული ტრადიციებისა და სამეცნიერო ცენტრებისა. იგი იღწვის იმ პერსონალის განათლებისთვის, ვინც ეკურთხებიან სასულიერო პირებად და ემზადებიან თეოლოგიაში სამეცნიერო მოღვაწეობისათვის; მისი მიზანდასახულობაა პედაგოგიური, სამეცნიერო და კვლევითი მუშაობა თეოლოგიაში და რელიგიურ მეცნიერებებში, ქრისტიანულ ფილოსოფიაში და ფსიქოლოგიაში, საეკლესიო არქიტექტურაში და ქრისტიანულ ხელოვნებაში დაზგური და მონუმენტური ხატწერის რესტავრაციის ჩათვლით.

თბილისის სასულიერო აკადემია და სემინარია, თავისი მისიის ფარგლებში, ხელს უწყობს საგანმანათლებლო და სამეცნიერო მუშაობას, რომელიც ემსახურება ერში მართლმადიდებლური ქრისტიანული სარწმუნოების, ფასეულობებისა და თეოლოგიური ცოდნის სწავლებასა და განმტკიცებას.
 

FaceBook გვერდი