საჯარო ლექცია

დღეს, 6 დეკემბერს, თბილისის სასულიერო აკადემიასა და სემინარიაში საჯარო ლექცია წაიკითხა სასწავლებლის დოქტორანტმა, გალობის ისტორიის პედაგოგმა, სემინარიის მგალობელთა გუნდის ხელმძღვანელმა, სამუსიკო ხელოვნებისა და თეოლოგიის მაგისტრმა ლაშა ზაალიშვილმა. მოხსენების თემა იყო: „მეფე ერეკლე მეორის ღვაწლი მცხეთის საკათალიკოსო სკოლის დაარსების საქმეში და ქართული გალობის ტრადიციები აღმოსავლეთ საქართველოში“.
მომხსენებელმა ისაუბრა აღმოსავლეთ საქართველოს სამგალობლო ტრადიციებზე, ერეკლე მეორის დამსახურებაზე ქართული გალობის ტრადიციის შენარჩუნებისა და აღორძინების საქმეში. მან აღნიშნა, რომ ერეკლე მეორის მრავალ დამსახურებათა შორის განსაკუთრებული მნიშვნელობისა იყო მცხეთის საკათალიკოსო სამგალობლო სკოლის დაარსება, რომელიც სამეფო ხარჯებით ფინანსდებოდა. მეფე, რომელიც კარგად იცნობდა ქართულ გალობას, ამ საქმეში დახელოვნებულ გლეხებს აზნაურობას ანიჭებდა. აღმოსავლეთ საქართველოში სამგალობლო ტრადიციების დაცვა-განვითარებისათვის განსაკუთრებით იღვწოდნენ დავით-გარეჯის მრავალმთის, შიომღვიმის, მარტყოფის, ფიტარეთის, ბოდბის, შუამთის, სამთავისის, ანჩისხატის, სიონის ეკლესია-მონასტრები.
მომხსენებელმა აღნიშნა, რომ საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიის გაუქმების შემდეგ სამგალობლო ტრადიციების შენარჩუნებას მგალობელთა დიდ საგვარეულოებს უნდა ვუმადლოდეთ. მათ შორის ერთ-ერთი გამორჩეული იყო კარბელაშვილების საგვარეულო, რომლის ოთხმა თაობამ დიდი ღვაწლი დასდო ქართული გალობის გადარჩენის საქმეს. მათი დამსახურებით ხუთხაზიანი ნოტაციით ჩაიწერა ჩვენი უმდიდრესი სამგალობლო მემკვიდრეობა და ამ გზით გადაურჩა გაქრობას.
ღონისძიებას ესწრებოდნენ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდის წევრები: ჭიათურისა და საჩხერის მიტროპოლიტი დანიელი (დათუაშვილი), მანგლისისა და თეთრიწყაროს მიტროპოლიტი ანანია (ჯაფარიძე), საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ქორეპისკოპოსი, ტაო-კლარჯეთის მიტროპოლიტი თეოდორე (ჭუაძე), სხალთელი მთავარეპისკოპოსი სპირიდონი (აბულაძე) და სხვა სასულიერო პირები, თსას-ის პროფესორ-მასწავლებლები, სტუდენტები. მოწვეულ სტუმართა შორის იყვნენ: ხელოვნებათმცოდნეობის დოქტორი, გიორგი მთაწმინდელის სახელობის გალობის უნივერსიტეტის პედაგოგი ეკა ონიანი, ხელოვნებათმცოდნეობის დოქტორი, კონსერვატორიის პროფესორი მაგდა სუხიაშვილი და სხვანი.
ღონისძიებაზე მისასალმებელი სიტყვა წარმოთქვა თბილისის სასულიერო აკადემიისა და სემინარიის რექტორმა, თეოლოგიის, ფილოლოგიისა და პოლიტიკის მეცნიერებათა დოქტორმა, პროტოპრესვიტერმა გიორგი ზვიადაძემ. მან მადლობა გადაუხადა საქართველოს ეკლესიის წმინდა სინოდის წევრებს მობრძანებისათვის, თითოეული მღვდელმთავრის ღვაწლზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ მათი სტუმრობა აკადემია-სემინარიისათვის და, პირადად მისთვის, დიდი პატივია.
თსას-ის რექტორმა ასევე ისაუბრა პატრიარქის უდიდეს ღვაწლზე ქართული გალობის აღდგენისა და განვითარების საქმეში და აღნიშნა, რომ უწმინდესისა და უნეტარესის დიდ სურვილი იყო უძველესი სამგალობლო ტრადიციის აღდგენა, რაც გულისხმობს ორი გუნდის მონაცვლეობით მონაწილეობას ღვთისმსახურებაში. პატრიარქის ეს სურვილი თბილისის სასულიერო აკადემიასა და სემინარიაში განხორციელდა და ამჟამად უმაღლეს საღვთისმეტყველო სასწავლებელს ჰყავს ორი გუნდი - სემინარიის მგალობელთა გუნდი ლაშა ზაალიშვილის ხელმძღვანელობით და აკადემიის მგალობელთა გუნდი ლექსო გრემელაშვილის ხელმძღვანელობით.
პროტოპრესვიტერმა გიორგი ზვიადაძემ მადლიერება გამოხატა ორივე გუნდის ხელმძღვანელთა მიმართ და მათს შრომისმოყვარეობასა და საქმისადმი თავდადებას გაუსვა ხაზი.
ღონისძიებაზე სიტყვით გამოვიდა მანგლისისა და თეთრიწყაროს მიტროპოლიტი ანანია (ჯაფარიძე), რომელმაც აღნიშნა, რომ მეფე ერეკლე მეორე დიდად იღვწოდა ქართული გალობის აღორძინებისათვის. მან ასევე მადლიერება გამოხატა თსას-ის რექტორის, პროტოპრესვიტერ გიორგი ზვიადაძის მიმართ, რომლის ძალისხმევითა და მხარდაჭერითაც თსას-ში აღდგა ძველი ქართული სამგალობლო ტრადიცია.
სასულიერო სემინარიის გუნდმა ღონისძიებაზე რამდენიმე საეკლესიო საგალობელი შეასრულა.
06.12.2023

FaceBook გვერდი