სადისერტაციო ნაშრომის დაცვა თბილისის სასულიერო აკადემიასა და სემინარიაში

2023 წლის 10 მაისს საქართველოს საპატრიარქოსთან არსებული ახალგაზრდობის სულიერი და ინტელექტუალური განვითარების ცენტრის დარბაზში თეოლოგიის დოქტორის აკადემიური ხარისხის მოსაპოვებლად გაიმართა მღვდელ იოანე ბონდარენკოს სადისერტაციო ნაშრომის დაცვა თემაზე - წმ. იოანე სინელის „სათნოებათა კიბის ანუ კლემაქსის“ გელათური თარგმანი და მისი საღვთისმეტყველო ანალიზი.
 
თბილისის სასულიერო აკადემიისა და სემინარიის ღვთისმეტყველების სადისერტაციო საბჭოს წევრები იყვნენ:
1. მაღალყოვლადუსამღვდელოესი ანანია (ჯაფარიძე) - მანგლისისა და თეთრიწყაროს მიტროპოლიტი, ისტორიის  დოქტორი, პროფესორი;
2. მაღალყოვლადუსამღვდელოესი იოანე (გამრეკელი) - ქუთათელ-გაენათელი მიტროპოლიტი, თეოლოგიის დოქტორი, პროფესორი, გელათის მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდენტი;
3. პროტოპრესვიტერი გიორგი ზვიადაძე - თეოლოგიის, ფილოლოგიისა და  პოლიტიკის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი;
4. დეკანოზი ბიძინა გუნია - თეოლოგიისა და ფილოლოგიის დოქტორი, პროფესორი, გელათის მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი;
5. დეკანოზი მაქსიმე ჭანტურია - თეოლოგიის დოქტორი, პროფესორი;
6. დეკანოზი გიორგი გუგუშვილი - თეოლოგიისა და ისტორიის დოქტორი, პროფესორი;
7. დეკანოზი მიქაელ გალდავა - თეოლოგიისა და ფილოლოგიის დოქტორი, პროფესორი;
8. არქიდიაკონი დემეტრე (დავითაშვილი) - თეოლოგიის დოქტორი, პროფესორი;
9. ედიშერ ჭელიძე - თეოლოგიის დოქტორი, ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი, გელათის მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი;
10. სერგო ვარდოსანიძე - თეოლოგიის დოქტორი, ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი;
11. გიორგი ანდრიაძე - თეოლოგიის დოქტორი, პროფესორი.
 
დოქტორანტის სამეცნიერო ხელმძღვანელი - თეოლოგიის დოქტორი, ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი ედიშერ ჭელიძე.
რეცენზენტები - ქუთათელ-გაენათელი მიტროპოლიტი, თეოლოგიის დოქტორი, პროფესორი იოანე (გამრეკელი) და თეოლოგიის დოქტორი, პროფესორი, დეკანოზი მაქსიმე ჭანტურია.
სადისერტაციო ნაშრომის წარდგენამდე  დოქტორანტმა, მღვდელმა იოანე ბონდარენკომ განსაკუთრებული მადლიერება გამოხატა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ის მიმართ, რომლის უდიდესი ავტორიტეტითა და ლოცვა-კურთხევით თბილისის სასულიერო აკადემიასა და სემინარიაში დაფუძნდა სადისერტაციო საბჭო და შეიქმნა დოქტორანტურა. 
მღვდელმა იოანე ბონდარენკომ  მადლობა გადაუხადა თბილისის სასულიერო აკადემიისა და სემინარიის რექტორს, პროტოპრესვიტერ გიორგი ზვიადაძეს სასწავლებელში შექმნილი თბილი, მზრუნველი, მოწესრიგებული და,  ამასთანავე, მომთხოვნი, უაღრესად აკადემიური, საქმიანი გარემოსთვის. აღნიშნა, რომ რექტორის, პროტოპრესვიტერ გიორგი ზვიადაძის დიდი  ძალისხმევითა და დამსახურებით დღეს თბილისის სასულიერო აკადემია და სემინარია არის  მძლავრი სასწავლო და სამეცნიერო კერა, წიაღი ცოდნისა და რწმენის.                                                                                                                                                                                                                                                                                                                                  
დისერტანტმა მადლიერება გამოხატა სამეცნიერო ხელმძღვანელის, პროფესორ ედიშერ ჭელიძის მიმართ, რომლის კვალიფიციური, თავდადებული   ხელმძღვანელობითაც  შეძლო წმ. იოანე სინელის „სათნოებათა კიბის ანუ კლემაქსის“ გელათური თარგმანზე მუშაობა.
სამეცნიერო  ნაშრომის მეცნიერულ სიახლეებსა  და ძირითად შედეგებზე საუბრისას დოქტორანტმა აღნიშნა: წმ. იოანე სინელის „კლემაქსისადმი“, როგორც ასკეტური ჟანრისადმი, მიკუთვნებულობა არავისთვისაა გასაკვირი, მაგრამ,   დასახელებული მოძღვარი, როგორც დოგმატიკოს-ანტიერეტიკოსი  და ეგზეგეტიკოს-ტერმინოლოგი მორწმუნე საზოგადოებისათვის  ნაკლებადაა ცნობილი. შესაბამისად, „სათნოებათა კიბის“ ძველ  ქართულ თარგმანებზე: ძირითად ტექსტად აღებულ ხელნაწერ A 39-ზე; ასევე, იოანე პეტრიწისა (1968 წ.) და ექვთიმესეულ ორ  რედაქციაზე (1902 წ. და 1965 წ.); ბერძნულ ორიგინალსა (PG. 88)  და რუსულ ტექსტზე (1898 წ.) დაყრდნობით, ასევე, მრავალი  წმინდა მოძღვრის საღვთისმეტყველო შრომისა და თანამედროვე საღვთისმეტყველო  პუბლიკაციების გამოყენებით გამოიკვეთა ის, რომ წმ. იოანე სინელი ასკეტური სწავლების გადმოცემის თვალსაზრისით, გვევლინება უღრმეს დოგმატიკოსად, ანტიერეტიკოსად,  ტერმინოლოგად და ეგზეგეტად. ასკეტური მოძღვრების გადმოცემისას კი სინაის მთის  იღუმენი ერთგული რჩება იმ სულიერი ტრადიციისა, რომელიც  ადრეული საუკუნეებიდანვე  წმინდა მოძღვართა შრომებიდან იღებს დასაბამს. ამრიგად, დასახელებული წმინდა მამის შრომა „კლემაქსი“ წარმოჩნდება არა მხოლოდ ასკეტური ჟანრის ნაწარმოებად, რაც თავისთავად ცნობილია, არამედ, როგორც აღვნიშნეთ, ღრმა საღვთისმეტყველო ძეგლადაც.
დოქტორანტის სამეცნიერო ხელმძღვანელმა, პროფესორმა ედიშერ ჭელიძემ ისაუბრა სადისერტაციო ნაშრომის ღირსებებსა და მის  სამეცნიერო-საღვთისმეტყველო დანიშნულებაზე.
სადისერტაციო ნაშრომის ოფიციალურმა რეცენზენტებმა - ქუთათელ-გაენათელმა მიტროპოლიტმა, თეოლოგიის დოქტორმა, პროფესორმა იოანემ (გამრეკელი) და თეოლოგიის დოქტორმა, პროფესორმა, დეკანოზმა მაქსიმე ჭანტურიამ დადებითად შეაფასეს  მღვდელ იოანე ბონდარენკოს ნაშრომი, გამოთქვეს საგულისხმო, კვალიფიციური რჩევები და მოსაზრებები.
გაიმართა სამეცნიერო დისკუსია, რომელშიც მონაწილეობდნენ სამეცნიერო საბჭოს წევრები, თბილისის სასულიერო აკადემიისა და სემინარიის პროფესორ-მასწავლებლები. ყველამ ერთხმად დაადასტურა ნაშრომის მაღალაკადემიური დონე, მისი აქტუალობა და პრაქტიკული დანიშნულება როგორც საეკლესიო, ისე სამეცნიერო თვალსაზრისით.  
სადისერტაციო საბჭოს სხდომას ესწრებოდა გორისა და ატენის მიტროპოლიტი, მისი მაღალყოვლადუსამღვდელოესობა ანდრია (გვაზავა). მან მიულოცა მღვდელ იოანე ბონდარენკოს ნაშრომის წარმატებით დაცვა და აღნიშნა, რომ  ამ  წარმატებაში დიდია წვლილი თბილისის სასულიერო აკადემიისა და სემინარიის პროფესორ-მასწავლებლების, განსაკუთრებით კი მისი რექტორის, პროტოპრესვიტერ გიორგი ზვიადაძისა.
 
 
სადისერტაციო კომისიამ ნაშრომი მაღალი ქულით შეაფასა და მღვდელ იოანე ბონდარენკოს ერთხმად მიენიჭა თეოლოგიის დოქტორის აკადემიური ხარისხი. 
 
 
11.05.2023

FaceBook გვერდი