გთავაზობთ რამდენიმე მნიშვნელოვან
ამონარიდს აღნიშნული მოხსენებიდან:
,,მელქისედეკიანელთა ერესის
შესახებ ცნობებს წმინდა მამათა ნაშრომებში ვხვდებით: ეპიფანე
კვიპრელის გადმოცემით, აღნიშნული ერესი გავრცელებული იყო ეგვიპტეში.
„პანარიონის“ ავტორი გამოყოფს მელქისედეკიანელთა ერესის გამოვლინების
რამდენიმე სახეს. ნაშრომის დასაწყისში ეპიფანე კვიპრელი საუბრობს
ერეტიკოსებზე, რომლებიც მელქისედეკს მიიჩნევდნენ ,,რაღაც ზებუნებრივ
ძალად“ და იგი თავად ძე ღმერთზე აღმატებულად წარმოედგინათ. სხვები,
აღნიშნავდა წმინდა მამა, მელქისედეკს ყოვლადწმინდა სამების ერთ-ერთ
ჰიპოსტასთან, სულიწმინდასთან აიგივებდნენ.
შემდეგი ცდომილება უკავშირდება
სამარიტელთა მიერ მელქისედეკის პიროვნების არასწორ გააზრებას.
სამარიტელთა გადმოცემით, მელქისედეკი არის ნოეს ძე - სემი. ამგვარი
გადმოცემა შეუსაბამოა ისტორიული თვალსაზრისით და რაც მთავარია,
ეწინააღმდეგება ეკლესიის მიერ აღიარებულ წმინდა მამათა განმარტებებს.
შემდეგი გამოვლენა მელქისედეკიანელთა ცდომილებისა, რის შესახებაც
ეპიფანე კვიპრელი გვესაუბრება, გულისხმობს მელქისედეკის პიროვნების
გაიგივებას ძე ღმერთთან, ვიდრე განკაცებამდე. საკუთრივ ამავე
მწვალებლობის ფორმას უპირისპირდება მარკოზ მონაზონი ნაშრომში -
„მელქისედეკის შესახებ“. მარკოზი თავის ნაშრომში, ისევე როგორც
ეპიფანე, ადასტურებს, რომ მელქისედეკიანელთა ერესი, ერთი მხრივ,
მელქისედეკს აიგივებს ყოვლადწმინდა სამების მეორე ჰიპოსტასთან, ძე
ღმერთთან, ვიდრე იგი ადამიანურ ბუნებას შეიმოსავდა, ანუ განკაცდებოდა
... მელქისედეკინელთა ერესის გამოვლინების ბოლო სახე, რომელსაც
ეპიფანე კვიპრელი განიხილავს „პანარიონში“, ავტორის
განმარტებით, ყველაზე მეტად გაუკუღმართებული ფორმაა. აღნიშნული
ერესის მიმდევრები თვლიდნენ, რომ წმინდა წერილში მოხსენიებული
მელქისედეკი არის თვით მამა ღმერთი“...
დოქტორანტმა რატი სტურუამ თავის
მოხსენებაში ყურადღება გაამახვილა მელქისედეკიანელთა
ერესის ისტორიის სამ ძირითად ეტაპზე და აღნიშნა:
,,პირველი ეტაპი მოიცავს
მელქისედეკიანელთა ერესის წარმოშობისა და ამ ერესის სხვადასხვა
სახით ჩამოყალიბების ისტორიას. ამის შესახებ თავდაპირველად გვამცნობს
იპოლიტე რომაელი ანტიერეტიკულ ნაშრომში „ფილოსოფუმენა ანუ ყველა
ერესის მხილება“, ხოლო შემდეგ, იპოლიტე რომაელის ნაშრომზე დაყრდნობით,
ეპიფანე კვიპრელი „პანარიონის“ 55-ე ქვეთავში წარმოგვიდგენს
მელქისედეკიანელთა ერესის გამოვლინების რამდენიმე სახეს. მეორე
ეტაპი გულისხმობს მელქისედეკიანელთა ერესის სახელწოდების
ცვლილებას – „ათინგანებად“, ამას გვამცნობს ტიმოთე კონსტანტინეპოლელი
ნაშრომში „ეკლესიაში მომსვლელთა შესახებ“. სწორედ ეს არის
პირველი წყარო, რომელშიც მელქისედეკიანელები ათინგანებად
იწოდებიან. რაც შეეხება მელქისედეკიანელთა ერესის ისტორიის მესამე
ეტაპს - ღირსი თეოფანე სიღრიანელი (დაახლ. 760-818 წწ.) ნაშრომში
„ქრონოგრაფი“ ათინგანებს ჯერ კიდევ სხვა ერესების გვერდით ასახელებს
და მათ უწოდებს არა მელქისედეკიანელებს, არამედ „ათინგანებს“. მაგრამ
აღნიშნული წყაროს მიხედვით, ათინგანებში უკვე გამოიკვეთილია
სამი ნიშან-თვისება: მელქისედეკიანელთა ერეტიკული სწავლება,
სამარიტელთა ტრადიცია და გარკვეული უცხო ეთნიკური ჯგუფის მაგიური
რიტუალები, რომლებსაც სახელშეცვლილი „ათინგანები“
აღასრულებდნენ“...
მოხსენების ბოლოს გაიმართა
საინტერესო დისკუსია. მასში მონაწილეობდნენ როგორც სტუდენტები, ისე
პროფესორ-მასწავლებლები. დოქტორანტმა რატი სტურუამ საინტერესოდ,
ამომწურავად უპასუხა მსმენელთა მიერ დასმულ შეკითხვებს.