6 აპრილს თბილისის სასულიერო აკადემიისა და სემინარიის რექტორის,
თეოლოგიის, ფილოლოგიისა და პოლიტიკის მეცნიერებათა დოქტორის,
პროტოპრესვიტერ გიორგი ზვიადაძის მოწვევით, სასწავლებელს სტუმრობდა
საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის აკადემიკოსი, სამართლის
დოქტორი, პროფესორი მინდია უგრეხელიძე. თბილისის სასულიერო აკადემიასა
და სემინარიაში საჯარო ლექციათა ციკლის ფორმატში საზოგადო
მოღვაწეებთან, მეცნიერებისა და ხელოვნების სხვადასხვა სფეროს
წარმომადგენლებთან შეხვედრა იმ დიდი ტრადიციის გაგრძელებაა, რომელსაც
ჯერ კიდევ თბილისის სასულიერო აკადემიისა და სემინარიის რექტორად
ყოფნისას (2005-2009 წწ.) დაუდო სათავე სრულიად საქართველოს
კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმიდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ. შეხვედრა
გახსნა და სტუმარს მისასალმებელი სიტყვით მიმართა თსას რექტორმა,
პროტოპრესვიტერმა გიორგი ზვიადაძემ. მან მინდია უგრეხელიძის პიროვნულ
ღირსებებზე, მოღვაწეობის მასშტაბსა და დამსახურებებზე გაამახვილა
დამსწრე საზოგადოების ყურადღება და სასწავლებლის წიაღში ამგვარი
შეხვედრების აუცილებლობაზე ისაუბრა. თსას საზოგადოებასთან ურთიერთობის
სამსახურის წარმომადგენელმა ელისაბედ აბულაძემ მინდია უგრეხელიძის
ცხოვრებისა და მოღვაწეობის შესახებ მოუთხრო აუდიტორიას და მისი
საქმიანობისა და დამსახურების ვრცელი ჩამონათვალიდან რამდენიმე
ასპექტი გამოჰყო: მინდია უგრეხელიძის სახელს უკავშირდება მასშტაბური
ცვლილებები, როგორც ეროვნულ, ისე საერთაშორისო ასპარეზზე: საქართველოს
დამოუკიდებლობის აღდგენის შემდგომ, იგი იყო უზენაესი სასამართლოს
პირველი თავმჯდომარე (1990-1999) და მისი რეფორმატორი; საქართველოს
ევროსაბჭოში გაწევრიანების შემდეგ კი - პირველი ქართველი მოსამართლე
ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სასამართლოში (1999-2009);
საერთაშორისო მართლმსაჯულებამ ადამიანის უფლებათა საერთაშორისო
სასამართლოში წარმატებით გამოიყენა მიზეზობრიობის ქართული კონცეპტი
(თინათინ წერეთლის ფორმულა) ერთ ცნობილ საქმეზე, რაც მინდია
უგრეხელიძის, როგორც დიდი პალატის მომხსენებელი-მოსამართლის
წინადადებითა და ქართული გამოცდილების წყალობით, შემდგომში საფუძველად
დაედო მსგავსი საქმეების განხილვას, რაც იყო უიშვიათესი შემთხვევა
ეროვნული იდეების საერთაშორისო იურისპრუდენციაში დანერგვისა; მინდია
უგრეხელიძის თაოსნობით, ჯერ კიდევ წინარე საუკუნის 70-იან წლებში,
ჩამოყალიბდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის დღევანდელი 254-ე
მუხლის რედაქცია, რომელმაც კულტურის ძეგლების დაცვა სრულიად ახალ
პრინციპებს დააფუძნა; მისივე ინიციატივით, სისხლის სამართლის მოქმედ
კოდექსს ამშვენებს მუხლი 8 მიზეზობრივი კავშირის შესახებ, რაც
ერთადერთი შემთხვევაა ევროპაში ურთულესი პრობლემის საკანონმდებლო
რეგულაციისა და სხვა მრავალი... მინდია უგრეხელიძეს ეკუთვნის 170-ზე
მეტი მეცნიერული ნაშრომი, მათ შორის 3 მონოგრაფია. ისინი
გამოქვეყნებულია 10 უცხოურ ენაზე (რუსული, ინგლისური, გერმანული,
ფრანგული, ესპანური, პოლონური, იტალიური, ბერძნული და სხვა), 14
ქვეყანაში (რუსეთი, უკრაინა, გერმანია, საფრანგეთი, ვენესუელა,
პოლონეთი, კანადა, შვეიცარია, იტალია, სომხეთი, აზერბაიჯანი,
ყაბარდო-ბალყარეთი და სხვა). თბილისის სასულიერო აკადემიისა და
სემინარიის სტუდენტებისა და პროფესორ-მასწავლებლებისათვის ბატონმა
მინდია უგრეხელიძემ წაიკითხა საჯარო ლექცია თემაზე: ,,სამართლის
რაობისა და მნიშვნელობის შესახებ“. აღნიშნული თემის ფარგლებში მან
ვრცლად ისაუბრა ტრიადის - მართალი, სამართალი და სამართლიანობა -
ცნებათა უთიერთმიმართებისა და სამართლის, როგორც მეცნიერებისა და
საზოგადოებრივ-პოლიტიკური ცხოვრების ფუნდამენტის შესახებ; შეეხო
ქართული სამართლის ისტორიაში ცნებათა და ტერმინთა ფორმირების მეტად
მნიშვნელოვანსა და რთულ პროცესს,აღნიშნა, რომ სამართლის მთავარი
სიკეთე და ღირსება ორი რამით არის განპირობებული: ერთია მისი მაღალი
დანიშნულება, დიადი მიზანი და საკაცობრიო მოწოდება, რომ პოვოს და
აღიაროს ადამიანს სამართლიანობა; მეორეა ის, რომ კაცთა მოდგმას ჯერ არ
შეუქმნია იმაზე უფრო დემოკრატიული ინსტიტუცია, ვიდრე სასამართლოა. აქ
ყველაზე მეტი პროცედურული წესი, სტანდარტი და „მეხამრიდია“
გათვალისწინებული საიმისოდ, რომ ადამიანის უფლებრივი მდგომარეობა
საიმედოდ იყოს დაცული და უზრუნველყოფილი. ლექციის ბოლოს ბატონმა
მინდიამ მეტად უშუალოდ, ემოციურად, ხატოვნად ისაუბრა ოჯახურ გარემოსა
და მასწავლებლებზე, იმ ადამიანებზე, რომლებმაც განსაზღვრეს მისი
პროფესიული არჩევანი და პიროვნული ცხოვრების გზა. განსაკუთრებული
სითბოთი და პატივისცემით გაიხსენა თავისი დიდი მასწავლებელი, ქართული
სამართლებრივი სკოლის გამორჩეული წარმომადგენელი - თინათინ წერეთელი.
აღნიშნა, რომ მისი ცხოვრება და მოღვაწეობა სწორედ ამ დიდი
სამართალმცოდნის მიერ არის შთაგონებული. ბატონმა მინდიამ გამორჩეული
პატივისცემა და მადლიერება გამოხატა სრულიად საქართველოს
კათოლიკოს-პატრიარქის, ილია მეორის მიმართ. ისაუბრა მის განუსაზღვრელ
ღვაწლსა და დამსახურებაზე ქართული ეკლესიისა და სახელმწიფოს წინაშე,
გაიხსენა პატრიარქთან ურთიერთობის რამდენიმე მნიშვნელოვანი ეპიზოდიც.
შეხვედრის ბოლოს ბატონმა მინდიამ მსმენელთა შეკითხვებსაც უპასუხა.
პროტოპრესვიტერმა გიორგი ზვიადაძემ, მადლიერების ნიშნად, საპატიო
სტუმარს სამახსოვრო საჩუქრები - წმინდა გიორგის ხატი და მრავალენოვანი
ბიბლია - გადასცა.