,,საღვთისმეტყველო მოზაიკა“ საინტერესო წერილებისა და ნაშრომების
კრებულია. მასალა განლაგებულია თემატურად. შესავალში განთავსებულია
წერილები ცოდნისა და რწმენის თაობაზე, სულიერ ღირებულებებზე,
ქრისტიანობის არსზე, რელიგიასა და ფილოსოფიაზე. განსაკუთრებით ვრცელი
მასალა განთავსებულია ბიბლეისტიკის განყოფილებაში. ბიბლიოლოგიის
ნაწილში მოცემულია ინფორმაცია წმინდა წიგნების სტრუქტურაზე,
თარგმანებზე, ხელნაწერებზე, აპოკრიფებზე.
წარმოდგენილი საიუბილეო გამოცემა აერთიანებს ჰარვარდის,
კემბრიჯისა და სხვა წამყვანი უნივერსიტეტების პროფესორთა წერილებს
ძველი აღთქმის რედაქციებისა და უძველესი თარგმანების, ასევე, მკვდარი
ზღვის რეგიონში აღმოჩენილი ხელნაწერების შესახებ.
კრებულში წარმოდგენილია ციალა ქურციკიძის ეპოქალური ნაშრომი
ბიბლიის ქართული თარგმანებისა და რედაქციების შესახებ, ედიშერ ჭელიძის
,,ბიბლია და ქრისტიანობა“ (განმარტების მეთოდები), რ. სირაძის
,,ბიბლია და ქართული მწერლობა“ და მრავალი სხვა. ასევე, ვრცლადაა
წარმოდგენილი ეკლესიის ისტორიის, დოგმატური ღვთისმეტყველების,
პატროლოგიისა და ლიტურგიკის განყოფილებები. ანთროპოლოგიის ნაწილში
წარმოდგენილი წერილები ეხება ადამიანის რაობას; სხეულის, სულის,
სამშვინველის თემებს; ხატებასა და მსგავსებას და ა. შ.
წიგნში ცალკე განყოფილება ეთმობა წერილებს ქრისტიანული
ხელოვნების შესახებ.
ეს ანთოლოგია მართლმადიდებლის სამაგიდო წიგნია. შეიძლება ითქვას,
რომ ,,საღვთისმეტყველო მოზაიკა” თეოლოგიის ენციკლოპედიური
მრავალთავია,“ - ბრძანა მამა თეიმურაზმა.
წიგნში დაბეჭდილია თავად მამა თეიმურაზ თათარიშვილის ვრცელი
ნაშრომი ,,ბიბლია და მსოფლიო ლიტერატურა“, ასევე, ნ. ბერდიაევის, ვ.
ლოსკის, დ, ამუსინის, ა. მენის, ზ. კიკნაძის, დ. თუმანიშვილისა და
სხვათა ნაშრომები.
წიგნის წარდგენას ესწრებოდნენ სასწავლებლის სტუდენტები და
პროფესორ-მასწავლებლები.




