პრაქტიკული ფსიქოლოგიის ნაკვალევზე

5 ნოემბერს თბილისის სასულიერო აკადემიასა და სემინარიაში საჯარო ლექცია წაიკითხა ჩვენი სასწავლებლის ქრისტიანული ფსიქოლოგიის ფაკულტეტის კურსდამთავრებულმა, ფსიქოკონსულტანტმა თემურ სამხარაძემ. ლექციის თემა გახლდათ „პრაქტიკული ფსიქოლოგიის ნაკვალევზე“.
ბატონი თემურ სამხარაძე არის ამერიკის ფსიქოლოგთა ასოციაციის წევრი (APA), ინტეგრირებული ფსიქოთერაპიის პრაქტიკოსი, საქართველოს ფსიქო-ონკოლოგიის საზოგადოების წევრი, არტ-თერაპევტი, ტრენერი. იგი ამჟამად მუშაობს სპეციალური პენიტენციური სამსახურის რესოციალიზაცია-რეაბილიტაციის დეპარტამენტში ფსიქოლოგის პოზიციაზე.  
მომხსენებელმა ისაუბრა ფსიქოლოგიის უდიდეს როლზე პრაქტიკულ საქმიანობაში და პირადი გამოცდილებიდან ბევრი საინტერესო მაგალითი მოიყვანა. სტუმარმა აღნიშნა, რომ ფსიქოთერაპია გაცილებით შედეგიანია იმ პირებთან ურთიერთობისას, რომელთაც ღმერთის რწმენა აქვთ.
მიმდინარე წელს გამოიცა თემურ სამხარაძის წიგნი „ნაკვალევი“ (თვითგანვითარების დღიური), რომელიც ავტორმა, დედასთან და მეუღლესთან ერთად, მიუძღვნა თავის მასწავლებელს თბილისის სასულიერო აკადემიასა და სემინარიაში, ქალბატონ ნანა გოგიჩაშვილს. ქალბატონი ნანა ამ წიგნის რეცენზენტიცაა.
წიგნი არ არის მხოლოდ კითხვისთვის განკუთვნილი, ის მკითხველს დაეხმარება, იმუშაოს საკუთარ თავზე, აღმოაჩინოს დაფარული ემოციები და დაინახოს გზა ემოციური გამოჯანმრთელებისკენ. სპეციალურად შემუშავებული სავარჯიშოები და ფსიქოთერაპიული ინტერვენციების ელემენტები, რაც წიგნშია წარმოდგენილი, მკითხველს ეხმარება საკუთარი თავის ფსიქოთერაპევტად იქცეს. 
სტუმარმა სიყვარულით გაიხსენა სტუდენტობის წლები და მადლობა გადაუხადა ჩვენს სასწავლებელს, რომელმაც მას არა მხოლოდ განათლება, არამედ თავშესაფარიც მისცა. ბატონი თემურ სამხარაძე სასწავლებლის პანსიონში ცხოვრობდა. მან სასწავლებლის ბიბლიოთეკასა და სტუდენტებს საჩუქრად გადასცა თავისი წიგნები.
შეხვედრას ესწრებოდნენ თბილისის სასულიერო აკადემიისა და სემინარიის სტუდენტები და პროფესორ-მასწავლებლები. მოხსენება მართლაც საინტერესო იყო, მეტადრე ქრისტიანული ფსიქოლოგიის ფაკულტეტის სტუდენტებისათვის.
05.11.2025

FaceBook გვერდი