სამაგისტრო ნაშრომის დაცვა

2025 წლის 12 ივნისს, თბილისის სასულიერო აკადემიასა და სემინარიაში გაიმართა  დიაკონ გენადი ტლაშაძის სამაგისტრო ნაშრომის დაცვა თემაზე: „კირიონ ქართლის კათალიკოსთან დაკავშირებული ეპისტოლეების საღვთისმეტყველო  ანალიზი“. ხელმძღვანელი - თეოლოგიის დოქტორი, პროფესორი, დეკანოზი  მაქსიმე ჭანტურია; რეცენზენტი - თსასის ბიბლეისტიკის კათედრის კონსულტანტი, თეოლოგიის დოქტორი ირაკლი ორჟონია; ნაშრომის ენობრივი ანალიზი ეკუთვნის ფილოლოგიის დოქტორს, ხათუნა ნიშნიანიძეს.
სხდომას თავმჯდომარეობდა თბილისის სასულიერო აკადემიისა და სემინარიის რექტორი, თეოლოგიის, ფილოლოგიისა და პოლიტიკის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი, პროტოპრესვიტერი გიორგი ზვიადაძე.
შეკრებილთ  დღის წესრიგი გააცნო აკადემიის დეკანმა, დეკანოზმა იოანე კვანჭიანმა.
მაგისტრანტმა, დიაკონმა გენადი ტლაშაძემ კომისიასა და დამსწრე საზოგადოებას  სამაგისტრო ნაშრომის ძირითადი დასკვნები გააცნო. აღნიშნა, რომ საკვალიფიკაციო ნაშრომში საღვთისმეტყველო კუთხითაა შესწავლილი „ეპისტოლეთა წიგნში“ (რომელიც წარმოადგენს ქართლისა და სომხეთის ეკლესიების ურთიერთობის უნიკალურ დოკუმენტს) შესული, VI-VII საუკუნეების ქართველი მოღვაწის - კირიონ ქართლის კათალიკოსის - ეპისტოლეები. „ეპისტოლეთა წიგნისა“ და უხტანესის ნაშრომში - „ისტორია გამოყოფისა ქართველთა სომეხთაგან“ - შესული, კირიონ კათალიკოსის მიერ სომხურად დაწერილი ხუთი ეპისტოლის საფუძვლიანი შესწავლისა და ანალიზის საფუძველზე დადგინდა, რომ ხსენებული კათალიკოსის სარწმუნოებრივი აღმსარებლობა სრულად ეთანხმება მართლმადიდებელ ეკლესიაში დაცულ სწავლებებს და აბათილებს როგორც ისტორიოგრაფიაში გავრცელებულ მცდარ მოსაზრებას ქართლის კათალიკოსის მონოთელიტური აღმსარებლობის შესახებ, ისე გამოთქმულ ვარაუდს - კირიონ I ქართლის კათალიკოსისა და  მონოთელიტი და  მოგვიანებით  მწვალებლობისთვის დაგმობილი კიროს ფაზისელის იდენტურობასთან დაკავშირებით. 
კირიონ ქართლის კათალიკოსთან დაკავშირებული ეპისტოლეების ღრმა და საფუძვლიანი საღვთისმეტყველო  ანალიზის საფუძველზე მაგისტრანტმა დაასკვნა, რომ ეპისტოლეების საღვთისმეტყველო კუთხით შესწავლამ კიდევ უფრო მკაფიო გახადა მის მიერ გაწეული ღვაწლის მნიშვნელობა ქართველი ერის წინაშე. „მართლმადიდებლური სარწმუნოებისა და ერეტიკულ მოძღვრებათა დაპირისპირების ჟამს, რომელსაც თამამად შეიძლება ეპოქალური ვუწოდოთ, როდესაც ჭეშმარიტის გამორჩევა თავისთავადაც ურთულესი მოვლენა იყო, კირიონ კათალიკოსმა მძიმე მდგომარეობაში მყოფი ქართლი ნაბიჯ-ნაბიჯ განაშორა წარმწყმედელ ერესებს და ქართველი ერი მაცხონებელ წიაღში შეიყვანა. კირიონ  პირველმა მარჯვედ გამოიყენა შექმნილი საერთაშორისო პოლიტიკური  ვითარება და შეუდგა კარგად მოფიქრებული ეროვნული სულისკვეთების საეკლესიო პოლიტიკის განხორციელებას, რომლის მთავარი იდეა იყო ახლად აღდგენილ პოლიტიკურ „ყოველ ქართლში“ მართლმადიდებლური სარწმუნოების განმტკიცება და ღვთისმსახურების ენად ქართულის დანერგვა. სწორედ კირიონ კათალიკოსის ეროვნული სულისკვეთების გამოძახილია X საუკუნეში გიორგი მერჩულის მიერ გახმოვანებული ქართველი ერის მთლიანობის იდეა: „ქართლად ფრიადი ქუეყანაჲ აღირაცხების, რომელსაცა შინა ქართულითა ენითა ჟამი შეიწირვის და ლოცვაჲ ყოველი აღესრულების" - დაასკვნა მაგისტრანტმა.
 ეკლესიის ისტორიის, პატრისტიკისა და დოგმატიკის კათედრის ხელმძღვანელმა, თეოლოგიის მაგისტრმა, მღვდელმა გიორგი ჯანჯღავამ  კომისიის წევრებს წაუკითხა სამაგისტრო ნაშრომის სამეცნიერო ხელმძღვანელის, დეკანოზ მაქსიმე ჭანტურიას დასკვნა. „მოცემული სამაგისტრო ნაშრომი, რომლის სათაურია „კირიონ ქართლის კათალიკოსის ეპისტოლეების საღვთისმეტყველო ანალიზი“, წარმოადგენს მაღალი მეცნიერული ღირებულების მქონე კვლევას, რომელიც მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს ქართულ საღვთისმეტყველო მეცნიერებაში. ნაშრომის ავტორმა, დიაკონმა გენადი ტლაშაძემ, საფუძვლიანად შეისწავლა კირიონ ქართლის კათალიკოსის ეპისტოლეები, განიხილა მათი ისტორიული და საღვთისმეტყველო კონტექსტი და გაანალიზა მათი მნიშვნელობა, როგორც დოგმატური სწავლებების თვალსაზრისით, ასევე, საქართველოს ეკლესიისა და მისი ავტოკეფალიის ისტორიის კუთხით“, - აღნიშნულია სამეცნიერო ხელმძღვანელის  დასკვნაში. რეცენზენტმა - ბატონმა ირაკლი ორჟონიამ - ისაუბრა ნაშრომის ღირსებებზე, კვლევის შედეგად მიღებულ მნიშვნელოვან დასკვნებსა და საგულისხმო სიახლეებზე. ხაზი გაუსვა მაგისტრანტის განსაკუთრებულ გულისხმიერებას, სწავლისმოყვარეობასა და მეცნიერული კვლევისადმი გამოვლენილ ინტერესს.
     მაგისტრანტმა ამომწურავი, კვალიფიციური პასუხი გასცა  კომისიის თავმჯდომარის, პროტოპრესვიტერ გიორგი ზვიადაძისა და კომისიის წევრების მიერ დასმულ შეკითხვებს.
    სამაგისტრო ნაშრომთან  დაკავშირებით საგულისხმო მოსაზრებები და შეფასებები გამოთქვეს ფილოლოგიისა და თეოლოგიის დოქტორმა, გელათის მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსმა, პროფესორმა ედიშერ ჭელიძემ, ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორმა, პროფესორმა გვანცა კოპლატაძემ, თსასის აკადემიის ფაკულტეტის დეკანმა, დეკანოზმა იოანე კვანჭიანმა და სხვებმა.  
     სამაგისტრო ნაშრომების დაცვის კომისიამ, თსასის რექტორის, პროტოპრესვიტერ გიორგი ზვიადაძის თავმჯდომარეობით, უმაღლესი ქულით შეაფასა დიაკონ გენადი ტლაშაძის ნაშრომი და მას ერთხმად  მიენიჭა თეოლოგიის მაგისტრის ხარისხი.
სამაგისტრო ნაშრომის დაცვას ესწრებოდნენ თბილისის სასულიერო აკადემიისა და სემინარიის სამეცნიერო საბჭოს წევრები, სასწავლებლის მოძღვრები, პროფესორ-მასწავლებლები და სტუდენტები. აღსანიშნავია, რომ სამაგისტრო ნაშრომის დაცვას ესწრებოდა დიაკონ გენადი ტლაშაძის სულიერი მოძღვარი, გორის წმინდა ნიკოლოზის სახელობის ტაძრის დეკანოზი გედეონ შალაშვილი. 
თბილისის სასულიერო აკადემიისა და სემინარიის რექტორმა, პროტოპრესვიტერმა გიორგი ზვიადაძემ  მიულოცა მაგისტრანტს ნაშრომის წარმატებით დაცვა და ნაყოფიერი საქმიანობა უსურვა.
alt
alt

12.06.2025
ბეჭდვა