ამა წლის 31 მაისს თბილისის საკრებულოს წმინდა თამარ მეფის დარბაზში მუშაობა გააგრძელა საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციამ - „პრიმატობისა და სინოდალობის საკითხი და პირველი მსოფლიო საეკლესიო კრება“, რომელიც ეძღვნებოდა ნიკეის პირველი მსოფლიო საეკლესიო კრების 1700 წლისთავს. აღნიშნული საერთაშორისო კონფერენცია მიმდინარეობდა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსის, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტის, უწმინდესი და უნეტარესი ილია II-ის ლოცვა-კურთხევით, საქართველოს საპატრიარქოსა და თბილისის სასულიერო აკადემიისა და სემინარიის ორგანიზებითა და თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მხარდაჭერით.
კონფერენციის მეორე დღის მონაწილეთა სამუშაო სხდომა გახსნა თბილისის სასულიერო აკადემიისა და სემინარიის რექტორმა, თეოლოგიის, ფილოლოგიისა და პოლიტიკის მეცნიერებათა დოქტორმა, პროფესორმა, მართლმადიდებელი ეკლესიის პროტოპრესვიტერმა გიორგი ზვიადაძემ. სხდომას ხელმძღვანელობდა თბილისის სასულიერო აკადემიისა და სემინარიის სადისერტაციო საბჭოს სწავლული მდივანი, გელათის მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი, თეოლოგიისა და ფილოლოგიის დოქტორი, პროფესორი, დეკანოზი ბიძინა გუნია. კონფერენციის სამუშაო ენა იყო ქართული და ინგლისური. მოხსენებების სინქრონულ თარგმანს უზრუნველყოფდნენ საერთაშორისო კვალიფიკაციის თარჯიმნები - ქ-ნი ლალი კერესელიძე და ქ-ნი თამარ ნეფარიძე.
კონფერენციაზე მოხსენებებით წარდგნენ: 1. მისი მაღალყოვლადუსამღვდელოესობა ანანია (ჯაფარიძე) - მანგლისისა და თეთრიწყაროს მიტროპოლიტი, ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი - „ნიკეის მსოფლიო კრებაში მონაწილე პიტიუნტის საეპისკოპოსო კათედრა და საქართველოს ეკლესიის ჩამოყალიბება“. 2. მიქაელ ჰიალმი - შვედეთი, სტოკჰოლმი. სტოკჰოლმის წმ. ეგნატე ღმერთშემოსილის სახელობის უნივერსიტეტის რექტორი, პროფესორი - „საყოველთაო ეკლესია: სინოდალობა კონსილიარიზმის ნაცვლად“. 3.მღვდელი სერაფიმ სმენსგარდი - შვედეთი, სტოკჰოლმი. სტოკჰოლმის წმინდა ეგნატე ღმერთშემოსილის სახელობის უნივერსიტეტის რექტორის ასისტენტი, პროფესორი - „დიალოგური სწავლება ანთროპოლოგიურ ზღვარზე: ფრეიერისა და ჰორუჟისეულ ხედვათა კავშირი ადამიანის ჩამოყალიბების შესახებ“. 4. იღუმენი ისააკ ბაანი - უნგრეთი, ბუდაპეშტი. თეოლოგიის დოქტორი, ბუდაპეშტის საპიენტიას უნივერსიტეტის პროფესორი - „პრიმატი და სინოდალური ფუნქციონირება დასავლურ სამონასტრო ცხოვრებაში წმ. ბენედიქტეს წესთან მიმართებით“. 5. დეკანოზი ლონგინოზ სუარიშვილი - საქართველო, თბილისი. თბილისის სასულიერო აკადემიისა და სემინარიის კანონიკური სამართლის კათედრის გამგე, თეოლოგიის მაგისტრი - „სინოდალობა და პრიმატი ეკუმენურ და ტოპიკურ (ადგილობრივ) დონეზე“. 6. დეკანოზი ალექსი ქშუტაშვილი - საქართველო, თბილისი. თბილისის სასულიერო აკადემიისა და სემინარიის კანონიკური სამართლის კათედრის პედაგოგი, თეოლოგიის დოქტორი - „საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის 1995 წლის გაფართოებული საეკლესიო კრება და მასზე მიღებული დოგმატურ-კანონიკური სწავლებები“.
სხდომის დასასრულს კონფერენციის მუშაობა შეაჯამა თბილისის სასულიერო აკადემიისა და სემინარიის რექტორმა, პროტოპრესვიტერმა გიორგი ზვიადაძემ. მან გულითადი მადლობა გადაუხადა საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციის მონაწილე ქართველ და უცხოელ მეცნიერებს მაღალაკადემიურ დონეზე მომზადებული მოხსენებებისათვის და მათი ცალკე კრებულად გამოცემის აუცილებლობაზე ისაუბრა. დასკვნით სიტყვაში პროტოპრესვიტერმა გიორგი ზვიადაძემ ყურადღება გაამახვილა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია მეორის უდიდეს ღვაწლზე ქართული სახელმწიფოს, საქართველოს წმინდა ეკლესიის, ქართველი ხალხისა და მსოფლიო მართლმადიდებელი ეკლესიის წინაშე, ისაუბრა პატრიარქის განსაკუთრებულ დამსახურებაზე საქართველოში საღვთისმეტყველო განათლების აღორძინებისა და განვითარების მიმართულებით.
გულწრფელი და ემოციური იყო კონფერენციის უცხოელი მონაწილეების სამადლობელი სიტყვები სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, საქართველოს საპატრიარქოსა და თბილისის სასულიერო აკადემიისა და სემინარიის, პირადად მისი რექტორის, პროტოპრესვიტერ გიორგი ზვიადაძის მიმართ გამოთქმული. თითოეულმა მათგანმა განსაკუთრებული მადლიერება გამოხატა ნიკეის პირველი მსოფლიო საეკლესიო კრების 1700 წლის იუბილესადმი მიძღვნილ საერთაშორისო კონფერენციაში მონაწილეობის შესაძლებლობისა და გულითადი მასპინძლობისათვის.
აღსანიშნავია, რომ კონფერენციას, მოწვეული სტუმრის სტატუსით, ესწრებოდა ალექსანდროს კაციარასი - საბერძნეთის მართლმადიდებელი ეკლესიის ოფიციალური ჟურნალის - „თეოლოგია“ - რედაქტორი. მისი გამოსვლის სინქრონულ თარგმანს ბერძნულიდან ქართულად უზრუნველყოფდა თსას ეკლესიის ისტორიის, პატრისტიკისა და დოგმატიკის კათედრის თანაშემწე, თეოლოგიის მაგისტრი თორნიკე მამნიაშვილი.
საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციის მუშაობის დასასრულს თბილისის სასულიერო აკადემიის გუნდმა, ლექსო გრემელაშვილის ხელმძღვანელობით, ქართული საგალობლები შეასრულა.
სამუშაო სხდომას ესწრებოდნენ თბილისის სასულიერო აკადემიისა და
სემინარიის პროფესორ-მასწავლებლები და სტუდენტები, სასულიერო პირები, სამეცნიერო და
აკადემიური წრეების წარმომადგენლები, სხვადასხვა უმაღლეს
სასწავლებლის
პედაგოგები, სტუდენტები და აღნიშნული საკითხებით დაინტერესებული სხვა
პირები.