27 მაისს თბილისის სასულიერო აკადემიისა და სემინარიის საქართველოს ისტორიის კათედრის ორგანიზებით სასულიერო სემინარიის, ქრისტიანული ხელოვნებათმცოდნეობისა და ქრისტიანული ფსიქოლოგიის ფაკულტეტების პირველკურსელთათვის მოეწყო ექსკურსია იმერეთში.
ექსკურსანტებმა მოილოცეს უბისის წმ. გიორგის სახელობის ტაძარი. სასულიერო სემინარიის დეკანმა, მღვდელმა გიორგი ვაშალომიძემ სტუდენტებს მოუთხრო ტაძრის ისტორია და გააცნო მისი უნიკალური კედლის მხატვრობა.
საქართველოს ისტორიის კათედრის ხელმძღვანელი, თეოლოგიისა და ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი სერგო ვარდოსანიძე გზად სტუდენტებს ესაუბრებოდა ზესტაფონის, ხარაგაულისა და თერჯოლის მატერიალურ-კულტურული მემკვიდრეობის შესახებ, აცნობდა იმ დიდ მოღვაწეთა ცხოვრებასა და მოღვაწეობას, რომლებიც წარმოშობით ამ რეგიონიდან იყვნენ.
ბაგრატის ტაძართან ექსკურსანტებს საგანგებოდ დახვდა ქუთაისის მკვიდრი, საქართველოს ეკლესიის ისტორიის ახალგაზრდა მკვლევარი, ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი ლაშა დეისაძე-შარვაშიძე, რომელმაც წაიკითხა ლექცია თემაზე: „ქუთაის-გაენათის ეპარქიის ისტორია; ბაგრატი-მოწამეთა-გელათი“.
ქუთაისში სტუდენტებმა მოილოცეს კიდევ ერთი - წმინდა გიორგის სახელობის ეკლესია. ტაძრის წინამძღვარმა, დეკანოზმა ვახტანგ ჟორჟოლიანმა მათ ტაძრის ისტორია გააცნო და გაიხსენა ცხუმ-აფხაზეთის ეპარქიაში მსახურების წლები უწმიდესისა და უნეტარესის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსის, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტის, ილია მეორის იმ ეპარქიაში მოღვაწეობის ჟამს.
მოწამეთაში, ტაძრის მოლოცვასთან ერთად, სტუდენტებმა გაიხსენეს საქართველოს ისტორიის ურთულესი პერიოდი - VIII საუკუნე და არგვეთის მთავართა - დავით და კონსტანტინე მხეიძეების გმირობა.
გელათის სამონასტრო კომპლექსში მიმდინარე სარესტავრაციო სამუშაოების გამო ექსკურსანტებს ტაძრის მოლოცვის შესაძლებლობა არ მიეცათ, მაგრამ მის გალავანთან კიდევ უფრო შთამბეჭდავი აღმოჩნდა საუბარი წმ. მეფე დავითისა და ჩვენი ქვეყნის ისტორიაში მისი განუზომელი ღვაწლის შესახებ.
ექსკურსია სასწავლებლის დაფინანსებით მოეწყო.