სტუდენტთა სამეცნიერო კონფერენცია

2025 წლის 7 მაისს თბილისის სასულიერო აკადემიასა და სემინარიაში  პლენარული სხდომით გაიხსნა სტუდენტთა ყოველწლიური სამეცნიერო კონფერენცია. იგი სტუდენტებისა და პედაგოგების ერთობლივი მუშაობის, სტუდენტთა თვითრეალიზების,  სამეცნიერო-შემოქმედებითი უნარ-ჩვევების გამომუშავება-გამოვლენის ერთ-ერთი საუკეთესო საშუალებაა. კონფერენცია 2 დღის განმავლობაში გაგრძელდება და მასში მონაწილეობას მიიღებს თსას თითქმის ყველა ფაკულტეტის სტუდენტი.
სტუდენტთა სამეცნიერო კონფერენციის პლენარული სხდომის მუშაობა გახსნა თბილისის სასულიერო აკადემიისა და სემინარიის რექტორმა, თეოლოგიის, ფილოლოგიისა და პოლიტიკის მეცნიერებათა დოქტორმა, პროფესორმა, პროტოპრესვიტერმა გიორგი ზვიადაძემ. 
მან ისაუბრა თბილისის სასულიერო აკადემიისა და სემინარიის - უმაღლესი საღვთისმეტყველო სკოლის - მისიაზე. სტუდენტებმა ჩვენს სასწავლებელში უნდა მიიღონ არა მარტო სისტემური, აკადემიური განათლება, განვითარდნენ და სრულიყონ პროფესიულად,  არამედ, უპირველესად,  წარემატონ სულიერადაც. განათლებული ადამიანისათვის სწავლა დაუსრულებელი პროცესია, როგორც დაუსრულებელია ადამიანის განსწავლა, სრულყოფა სათნოებათა თვალსაზრისით, - ბრძანა პროტოპრესვიტერმა  გიორგი ზვიადაძემ.
პლენარულ სხდომას თავმჯდომარეობდა - სასულიერო აკადემიის მეორე კურსის სტუდენტი დავით სახელაშვილი. აუდიტორიის წინაშე მოხსენებებით წარდგნენ:
1.​დიაკონი გენადი ტლაშაძე (სასულიერო აკადემია, III კურსი) - არსენ იყალთოელის მიერ კირიონ ქართლის კათალიკოსის სახელის მიზანმიმართულად დაფარვის შესახებ
2.​ნიკოლოზ გერგედავა (სასულიერო სემინარია, III კურსი)  - დასავლეთ საქართველო არქანჯელო ლამბერტის ჩანაწერებში; ხელმძღვანელი - ისტორიის მეცნიერებათა და თეოლოგიის დოქტორი, პროფესორი სერგო ვარდოსანიძე
3.​დავით სახელაშვილი (სასულიერო აკადემია, II კურსი) - სწავლება ადამის შექმნისა და კაცთა გამოხსნის საღმრთო განგებულების შესახებ ჰიმნოგრაფიული ტექსტების მიხედვით;  ხელმძღვანელი - ფილოლოგიისა და თეოლოგიის დოქტორი, გელათის მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი, პროფესორი, დეკანოზი ბიძინა გუნია
მომხსენებლებმა ამომწურავად უპასუხეს დასმულ შეკითხვებს. გაიმართა დისკუსია, პედაგოგებმა და სტუდენტებმა მოხსენებებთან დაკავშირებით გამოითქვეს საგულისხმო მოსაზრებები
07.05.2025

FaceBook გვერდი