შეხვედრა სახელმწიფო ენის დეპარტამენტის წარმომადგენლებთან

შეხვედრა სახელმწიფო ენის დეპარტამენტის წარმომადგენლებთან

4 აპრილს თბილისის სასულიერო აკადემიასა და სემინარიაში გაიმართა შეხვედრა სახელმწიფო ენის დეპარტამენტის თავმჯდომარესთან,  ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორ, საქართველოს საპატრიარქოს წმინდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართული უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტის პროფესორ გიორგი ალიბეგაშვილსა და სახელმწიფო ენის დეპარტამენტის სამეცნიერო-საგანმანათლებლო სამსახურის უფროს სპეციალისტთან, თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის არაბული ფილოლოგიის დოქტორანტ, აღმოსავლეთმცოდნე ლადო ზირაქაშვილთან.

ბატონმა გიორგი ალიბეგაშვილმა ისაუბრა სახელმწიფო ენის დეპარტამენტის საქმიანობისა და მის წინაშე არსებული გამოწვევების შესახებ, აღნიშნა, რომ სახელმწიფო ენის დეპარტამენტი  საქართველოს საკანონმდებლო აქტებით დადგენილი ნორმის ფარგლებში იცავს სახელმწიფო ენის კონსტიტუციურ სტატუსს, ზრუნავს მის პოპულარიზაციაზე, ქართული სალიტერატურო ენის ნორმების დადგენასა და დამკვიდრებაზე, მისი ფუნქციაა  სახელმწიფო ენის დაცვისა და განვითარებისთვის ერთიანი პროგრამისა და პოლიტიკის შემუშავება, სხვადასხვა ღონისძიების დაგეგმვა სახელმწიფო ენის განვითარებისა და საქართველოს ენობრივი მრავალფეროვნების წარმოჩენის მიზნით. მომხსენებელმა ისაუბრა აფხაზური ენის წინაშე მდგარი საფრთხეებისა და საქართველოში მცხოვრები მცირერიცხოვანი მოსახლეობის ენობრივი დაცულობის შესახებ.

შეხვედრაზე აღინიშნა, რომ სახელმწიფო ენის დეპარტამენტის საქმიანობა ცოცხალი  პროცესია, შესაბამისად, ენის დეპარტამენტი, სამოქმედო გეგმის ფარგლებში, მუდმივად მართავს შეხვედრებს, ლექციებს, ტრენინგებს საჯარო სამსახურში დასაქმებული რედაქტორებისა და კორექტორებისთვის, აცნობს საზოგადოებას  ქართული სალიტერატურო ენის ახალ და განახლებულ ნორმებს. ამასთანავე, სახელმწიფო ენის დეპარტამენტი აქტიურად მუშაობს ქართულენოვანი ბეჭდური მასალის გაციფრულების სტანდარტიზაციის საკითხებზე. 

ბატონმა ლადო ზირაქაშვილმა წაიკითხა მოხსენება ქართული ენის განახლებული ნორმების შესახებ და დამსწრე საზოგადოებას წარუდგინა სახელმწიფო ენის დეპარტამენტის მიერ შემუშავებული გეგმა სახელმწიფო ენის 2021-2030 წლების ერთიანი პროგრამის (სტრატეგიის) შესახებ. ყურადღება გაამახვილა სალიტერატურო ენის ნორმების, ქართული და აფხაზური ენის ფუნქციონირებისა და პოპულარიზაციის,  ქართულენოვანი  ტერმინოლოგიის განვითარების შესახებ.

შეხვედრას ესწრებოდნენ თბილისის სასულიერო აკადემიისა და სემინარიის რექტორი, პროტოპრესვიტერი გიორგი ზვიადაძე, სასწავლებლის პროფესორ-მასწავლებლები და სტუდენტები. მამა გიორგიმ მადლობა გადაუხადა მობრძანებულ სტუმრებს საინტერესო მოხსენებებისთვის და სამახსოვრო საჩუქრები გადასცა. შეხვედრამ საინტერესოდ ჩაიარა. სტუმრებმა ამომწურავად უპასუხეს მსმენელთა მიერ დასმულ შეკითხვებს.
alt

04.04.2024
ბეჭდვა