სამეცნიერო კონფერენცია

8 თებერვალს საქართველოში აღინიშნება ორი ღირშესანიშნავი   მოვლენა - წმ. დავით აღმაშენებლის ხსენებისა და ქართული უნივერსიტეტის დაარსების დღე.
2023 წლის 6 თებერვალს თბილისის სასულიერო აკადემიასა და სემინარიაში ამ მოვლენებისადმი  მიძღვნილი სამეცნიერო კონფერენცია გაიმართა.
შეკრებილ საზოგადოებას მისასალმებელი სიტყვით მიმართა თსასის პრორექტორმა სამეცნიერო დარგში, თეოლოგიის დოქტორმა, დიაკვანმა  ცოტნე ჩხეიძემ. ქართველი ერისა და მართლმადიდებელი ეკლესიის მიერ ,,დიდებული მეფისა“ და ,,დიდებული კაცის“ - წმინდა დავით აღმაშენებლის - წარუშლელი ღვაწლის აღიარების დასტურად მან ილია ჭავჭავაძის სიტყვები გაიხსენა: ,,საქართველოს ეკლესია, რომელიც ყოველთვის თავდადებით ჰპატრონობდა ჩვენს ერს და არასდროს დიდებას ერისას დავიწყებას არ აძლევდა, 26 იანვარს აქებს და ადიდებს სახელოვან დავით მეფეს, რომელსაც უტყუარმა განაჩენმა ერისამ ეკლესიის დალოცვითა და კურთხევით, აღმაშენებლის სახელი დაარქვა საუკუნო სახსენებლად“. აღნიშნა, რომ ახლადდაარსებულ უნივერსიტეტს უნდა ეტვირთა ერის ინტელექტუალური და სულიერი აღმავლობის მისია.  
კონფერენციაზე მოხსენებით - ,, „წმინდა მეფე დავით აღმაშენებელი“ -  წარდგა თბილისის სასულიერო აკადემიისა და სემინარიის პროფესორი, ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი, გელათის მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი ელდარ ბუბულაშვილი. მომხსენებელმა ამომწურავად ისაუბრა წმ. დავით აღმაშენებლის ღვაწლზე, მის მიერ განხორციელებულ სახელისუფლო, საეკლესიო, სამხედრო, სოციალურ-ეკონომიკურ, კულტურულ-საგანმანათლებლო რეფორმებზე, მის პიროვნულ ღირსებებზე - ქველმოქმედებასა და რელიგიურ შემწყნარებლობაზე, მეფის მიერ  თურქ-სელჩუკთა წინააღმდეგ გამართულ უმნიშვნელოვანეს ბრძოლაზე, რომელიც დიდგორის ბრძოლის ან ,,ძლევაი საკვირველის“(1121 წ. 12 აგვისტო) სახელითაა ცნობილი. ბატონმა ელდარმა საინტერესო ფაქტებით დაადასტურა დავით აღმაშენებლის   განსაკუთრებული  ავტორიტეტი იმდროინდელ მსოფლიოში, შეეხო ისტორიულ წყაროებში დაცულ ცნობებს წმინდა გრაალისა და ანსელუსის ჯვარის შესახებ, რომლებიც, ზოგიერთი მოსაზრებით, დავით აღმაშენებლის სახელსაც უკავშირდება.   
თსასის საქართველოს ისტორიის კათედრის გამგე, ისტორიის მეცნიერებათა და თეოლოგიის დოქტორი, პროფესორი სერგო ვარდოსანიძე დამსწრე საზოგადოებას წარუდგა მოხსენებით - „8 თებერვალი თბილისის უნივერსიტეტის დაარსების დღეა“. მეცნიერმა ისაუბრა იმ მნიშვნელოვან მოვლენებზე, რომლებიც უნივერსიტეტის დაარსებას უძღოდა წინ. აღნიშნა, რომ, მართალია, პირველი უნივერსიტეტი 1918 წლის 8 თებერვალს გაიხსნა, მაგრამ იდეა  უნივერსიტეტის დაარსებისა, გაცილებით ადრე,  ჯერ კიდევ მე-19 საუკუნის დასაწყისში, გაჩნდა. მომხსენებელმა ისაუბრა  ილიასა და სამოციანელთა განსაკუთრებულ დამსახურებაზე ამ იდეის განხორციელების თვალსაზრისით, სირთულეებზე, რაც თან სდევდა ამ დიადი ჩანაფიქრის აღსრულებას, ივანე ჯავახიშვილის დაუღალავ ცდაზე - დაეარსებინა პირველი ქართული უნივერსიტეტი, უნივერსიტეტის პირველ რექტორებსა და პროფესორ-მასწავლებლებზე. მოხსენების დასასრულს ბატონმა სერგომ აღნიშნა, რომ  სწორედ უნივერსიტეტის ფესვებზეა ამოზრდილი ყველა სხვა მნიშვნელოვანი საგანმანათლებლო კერა საქართველოში.
კონფერენციის მუშაობა შეაჯამა თბილისის სასულიერო აკადემიისა და სემინარიის რექტორმა, პროტოპრესვიტერმა გიორგი ზვიადაძემ. მან მადლობა გადაუხადა კონფერენციის მონაწილეებს აღნიშნულ საკითხთა ღრმა, საფუძვლიანი და მეტად საგულისხმო ანალიზისთვის. ისაუბრა დავით აღმაშენებლის განსაკუთრებულ ღვაწლსა და დამსახურებაზე ქართველი ერის წინაშე, მის ღვთივსათნო ცხოვრების წესზე, ეკლესიურ ცნობიერებაზე; ქართული უნივერსიტეტის დაარსების იდეასა და განათლების, რწმენისა და ცოდნის ერთობლიობის მნიშვნელობაზე.
 
07.02.2023
ბეჭდვა