პროფესორ-მასწავლებელთა სამეცნიერო კონფერენცია

 
დღეს, 21 დეკემბერს თბილისის სასულიერო აკადემიასა და სემინარიაში გაიმართა პროფესორ-მასწავლებელთა სამეცნიერო კონფერენცია, რომელიც მიეძღვნა უწმინდესისა და უნეტარესის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსისა და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტის, ილია II-ის დაბადებიდან 90-ე და საპატრიარქო ტახტზე აღსაყდრებიდან 45-ე წლისთავს. კონფერენცია მისასალმებელი სიტყვით გახსნა აკადემიისა და სემინარიის რექტორმა, ფილოლოგიის, თეოლოგიისა და პოლიტიკის მეცნიერებათა დოქტორმა, პროტოპრესვიტერმა გიორგი ზვიადაძემ, რომელმაც კიდევ ერთხელ მიულოცა საქართველოს ეკლესიის საჭეთმპყრობელს საიუბილეო თარიღები და მოკლედ აღნიშნა მისი ღვაწლი ერის წინაშე.
 
კონფერენციის დამსწრე საზოგადოებამ მოისმინა სამი მოხსენება.
 
თეოლოგიისა და ისტორიის მეცნიერებათა დოქტორმა, საქართველოს ისტორიის კათედრის გამგემ, პროფესორმა სერგო ვარდოსანიძემ წაიკითხა მოხსენება „მე-12 საეკლესიო კრება და კათოლიკოს-პატრიარქის არჩევნები“.
 
მომხსენებელი დამსწრე საზოგადოებას ესაუბრა 1977 წლის 23 დეკემბრის საქართველოს მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესიის  XII საეკლესიო  კრების შესახებ, რომელმაც ერთხმად დაუჭირა მხარი ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი ილიას (შიოლაშვილი) კანდიდატურას და სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქად აირჩია იგი უწმინდესი და უნეტარესი ილია II-ის სახელწოდებით.
 
ბატონმა სერგომ მადლიერებით გაიხსენა ეს ისტორიული დღე და მიულოცა  უწმინდესსა და უნეტარესს საიუბილეო თარიღები.
 
პატრისტიკისა და დოგმატიკის კათედრის პედაგოგმა, ფილოლოგიის დოქტორმა, ეკა დუღაშვილმა წაიკითხა მოხსენება „საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი და საერთაშორისო ურთიერთობები“. ეკა დუღაშვილი მოხსენებაში შეეხო საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის საერთაშორისო ავტორიტეტს, კონსტანტინოპოლის, ალექსანდრიის, იერუსალიმის, ელადის, კვიპროსის ეკლესიის მეთაურთა წერილებს, რომლებშიც ნათლადაა შეფასებული საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ღვაწლი. მომხსენებელმა, ასევე, ისაუბრა ათონის ივერთა მონასტერში უწმინდესის ვიზიტის შესახებ.
 
პატრისტიკისა და დოგმატიკის კათედრის გამგემ, თეოლოგიისა და ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორმა, პროფესორმა ედიშერ ჭელიძემ წაიკითხა მოხსენება „ფსალმუნთა ძველი ქართული თარგმანის მართებული გამოცემის შესახებ“.
 
მომხსენებელმა ყურადღება გაამახვილა იმ სირთულეზე, რაც ახლავს ფსალმუნთა ძველი ქართული რედაქციების ტექსტობრივი გამართვა-შესწორების პროცესს. „აღნიშნული სირთულე, ერთი მხრივ, განპირობებულია იმ გარემოებით, რომ არაიშვიათად საკუთრივ ძველი ქართული ტექსტი რომელიმე ნუსხისა, ცალკე აღებული, შესაძლოა სრულიად მართებული ჩანდეს და მხოლოდ ორიგინალთან (აგრეთვე, სხვაენოვან თარგმანებთან) შედარებამ გაგვირკვიოს არსებული ცთომილება, მეორე მხრივ, ზოგჯერ ტექსტი მართებულად არის დაცული ნუსხებში, მაგრამ მცდარია აღნიშნული ტექსტის გააზრება მკვლევართა (და გამომცემელთა) მიერ,“- ბრძანა პროფესორმა ედიშერ ჭელიძემ. მან ფსალმუნის ერთ-ერთი მუხლის ქართული თარგმანი კიდევ უფრო დააზუსტა ბერძნულ ტექსტთან შედარების გზით.
 
კონფერენციის დასასრულ ნაჩვენები იყო რეჟისორ თათია თოფურიას მიერ გადაღებული ფილმი „შეხვედრა 1000 წლის შემდეგ“ (პატრიარქი საბერძნეთსა და ათონზე), რომელიც პატრიარქის მოღვაწეობას ასახავს.
22.12.2022
ბეჭდვა