სრულიად საქართველოს კათოლიკოს -პატრიარქისადმი მიძღვნილი საიუბილეო ღონისძიება თბილისის საკრებულოში

 
2022 წლის 14 დეკემბერს ქალაქ თბილისის საკრებულოს თამარ მეფის დარბაზში გაიმართა უწმინდესისა და უნეტარესის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია II-ის დაბადებიდან 90-ე და აღსაყდრებიდან 45-ე წლისთავისადმი მიძღვნილი საიუბილეო სხდომა.
 
სხდომა გახსნა თბილისის სასულიერო აკადემიისა და სემინარიის რექტორმა, თეოლოგიის, ფილოლოგიისა და პოლიტიკის მეცნიერებათა დოქტორმა, პროფესორმა, მართლმადიდებელი ეკლესიის პროტოპრესვიტერმა გიორგი ზვიადაძემ. მან ისაუბრა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია მეორის მრავალმხრივ მოღვაწეობაზე. პროტოპრესვიტერმა გიორგი ზვიადაძემ გულითადი მადლობა გადაუხადა ღონისძიების მონაწილეებს მობრძანებისა და სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის მიმართ გამოხატული უდიდესი პატივისცემისთვის. ,,უნდა აღვნიშნოთ, რომ პატრიარქის უდიდესი დამსახურება ქართული სახელმწიფოს წინაშე,  საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წინაშე, ქართველი ხალხის წინაშე, მსოფლიო მართლმადიდებელი ეკლესიის წინაშე არის ის ღვაწლი, რომელსაც ვერავითარი ძალა ვერ გააფერმკრთალებს... ეს არის ეპოქალური ღვაწლი, რომელსაც ყოველთვის ყველა მოწიწებით შეხედავს“ - ბრძანა მან.
ღონისძიებას ესწრებოდნენ წმინდა სინოდის წევრები - მანგლისისა და თეთრიწყაროს მიტროპოლიტი ანანია (ჯაფარიძე), აბბა ალავერდელი მიტროპოლიტი დავითი (მახარაძე), ახალციხისა და ტაო-კლარჯეთის მიტროპოლიტი თეოდორე (ჭუაძე), ვანისა და ბაღდადის მიტროპოლიტი ანტონი (ბულუხია), გორისა და ატენის მიტროპოლიტი ანდრია (გვაზავა),  მარნეულისა და ჰუჯაბის ეპისკოპოსი გიორგი (ჯამდელიანი), სხვა სასულიერო პირები; საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე - შალვა პაპუაშვილი, საკანონმდებლო და აღმასრულებელი  ხელისუფლების წარმომადგენლები; თბილისის საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ტყემალაძე; საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის პრეზიდენტი გიორგი კვესიტაძე,   საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის ვიცე-პრეზიდენტი როინ მეტრეველი; უმაღლესი სასწავლებლის რექტორები; აკადემიკოსები; პროფესორ-მასწავლებლები; სტუდენტები; დიპლომატიური კორპუსის დუაიენი, წმინდა ტაძრის დესპანი ჟოზე აველინო ბეტანკური; ამერიკის შეერთებული შტატების საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი კელი დეგნანი; დიპლომატიური კორპუსისა და სხვა აღმსარებლობის წარმომადგენლები.
აღნიშნული ღონისძიების ფარგლებში  პროტოპრესვიტერმა გიორგი ზვიადაძემ საზოგადოებას წარუდგინა თბილისის სასულიერო აკადემიასა და სემინარიაში განხორციელებული უმნიშვნელოვანესი პუბლიკაციები - ,,მრავალენოვანი ბიბლია“, ,,კურთხევანი“, წმ.გიორგი მთაწმიდელის ,,მარხვანი“ და ისაუბრა თითოეული მათგანის  განსაკუთრებულ სამეცნიერო-საღვთისმეტყველო და ეროვნულ მნიშვნელობაზე.
პროტოპრესვიტერმა გიორგი ზვიადაძემ უდიდესი პატივისცემა და მადლიერება გამოხატა საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ბატონი ირაკლი ღარიბაშვილის მიმართ, რომლის თანადგომითა და მხარდაჭერით შესაძლებელი გახდა ,,მრავალენოვანი ბიბლიის“ - ამ უნიკალური, ეროვნული მნიშვნელობის ძეგლის - გამოცემა.  მადლიერება გამოხატა იმ განსაკუთრებული დახმარებისთვის, რომელიც ამ  უმნიშვნელოვანესი პუბლიკაციის განსახორციელებლად გასწია საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა, ბატონმა  მიხეილ ჩხენკელმა.
თბილისის სასულიერო აკადემიისა და სემინარიის პატრისტიკისა და დოგმატიკის კათედრის გამგემ, ფილოლოგიისა და თეოლოგიის დოქტორმა, გელათის მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსმა, პროფესორმა ედიშერ ჭელიძემ ისაუბრა მის მიერ შედგენილი მრავალტომეულის - "მრავალენოვანი ბიბლიის" [Biblia Polyglotta] -  უკვე გამოცემული სამი ტომის შესახებ, რომლებიც  უწმინდესისა და უნეტარესის, სრულიად საქართველოს  კათოლიკოს-პატრიარქის, ილია II-ის ლოცვა-კურთხევითა და საქართველოს პრემიერ-მინისტრის - ირაკლი ღარიბაშვილის მხარდაჭერით დაიბეჭდა. მკვლევარმა აღნიშნა,რომ გამოცემაში  შემოკრებილია უმდიდრესი ქართულენოვანი ბიბლეისტური მასალა, რასაც აქვს არა მხოლოდ განსაკუთრებული სამეცნიერო-საღვთისმეტყველო ღირებულება, არამედ  დიდი ეროვნული მნიშვნელობაც, გამომდინარე იმ სამწუხარო ფაქტიდან, რომ ევროპის სამეცნიერო ცენტრებში აქამდე გამოცემული "მრავალენოვანი ბიბლიები" აბსოლუტურად არ ითვალისწინებს წმინდა წერილის იმ ჭეშმარიტად შეუფასებელ საუნჯეს, რაც ქართულ ენაზეა დაცული. აღნიშნულ გამოცემას აქვს გამოკვეთილი კვლევითი მიზანდასახულობა, რაც ასახულია ტექსტებზე დართულ მრავალრიცხოვან სქოლიოებში.
რაც შეეხება ,,კურთხევანს“, იგი საეკლესიო ლიტურგიკის უმნიშვნელოვანესი ნაწილია და გამოცემულია სამ ტომად - აღნიშნა მკვლევარმა. მასში შემოკრებილია ძირითადი კურთხევითი წეს-განგებანი, რომლებიც რედაქციულად მოიცავენ როგორც წინაათონურ ეპოქას, ასევე ათონისა და გელათის მამათა უძვირფასეს ლიტურგიკულ მემკვიდრეობას. ტექსტების პუბლიკაცია შესრულებულია ყველა არსებული ხელნაწერის მიხედვით, შესაბამისი სქოლიოებითა და ვრცელი ტერმინოლოგიურ-წყაროთმცოდნეობითი განხილვებით.
თბილისის სასულიერო აკადემიისა და სემინარიის ქართული ენისა და ლიტერატურის კათედრის გამგემ, ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორმა, პროფესორმა ლელა ხაჩიძემ   ისაუბრა გიორგი მთაწმიდელის რედაქციის «მარხვანის» (გამოცემულია 2 ტომად) შესახებ. აღნიშნა, რომ ნაშრომში პირველად გამოქვეყნდა საქართველოს სამოციქულო ეკლესიისა და ქართული კულტურის უდიდესი წარმომადგენლის - წმ. გიორგი მთაწმიდელის მიერ თარგმნილ-რედაქტირებული უნიკალური ლიტურგიკულ-ჰიმნოგრაფიული კრებულის - მარხვანის -  აკადემიურად დადგენილი ტექსტი XI-XV საუკუნეების შვიდი ყველაზე მნიშვნელოვანი ქართული ხელნაწერის მიხედვით. ამ კრებულში დაცულია ქრისტიანული ეკლესიის თვალსაჩინო წარმომადგენლების - დიდი წმინდანების - დიდმარხვისათვის განკუთვნილი მრავალრიცხოვანი საგალობლის ქართული თარგმანები, რომლებიც წმ. გიორგი მთაწმიდელის მიერაა თარგმნილი ბერძნულიდან, ან მის მიერაა რედაქტირებული. მსგავსი სისრულის კრებული დღეისათვის ცნობილ ბერძნულ მარხვანებში არ გვხვდება. ამავე კრებულში დაცულია X საუკუნის დიდი ქართველი ჰიმნოგრაფის, იოანე მინჩხის 100-ზე მეტი საგალობელი.
გამომსვლელთა შორის იყვნენ -  საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის პრეზიდენტი, აკადემიკოსი გიორგი კვესიტაძე;  საქართველოს ეროვნული აკადემიის ვიცე-პრეზიდენტი, აკადემიკოსი როინ მატრეველი; საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის აკადემიკოსი, ფილოლოგის მეცნიერებათა დოქტორი ელგუჯა ხინთიბიძე; დიპლომატიური კორპუსის დუაიენი, წმინდა ტაძრის დესპანი ჟოზე აველინო ბეტანკური; ამერიკის შეერთებული შტატების საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი კელი დეგნანი; საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი; საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ტყემალაძე. გამომსვლელებმა მადლობა გადაუხადეს თბილისის სასულიერო აკადემიისა და სემინარიის რექტორს - გიორგი ზვიადაძეს - მაღალ აკადემიურ დონეზე ორგანიზებული, მეტად მასშტაბური და წარმომადგენლობითი ხასიათის ღონისძიებისთვის და განსაკუთრებული სიყვარული და პატივისცემა გამოხატეს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქისადმი.
შემაჯამებელ სიტყვაში თბილისის სასულიერო აკადემიისა და სემინარიის რექტორმა, პროტოპრესვიტერმა გიორგი ზვიადაძემ მობრძანებისთვის მადლობა გადაუხადა მღვდელმთავრებს, სასულიერო პირებს, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს, ბატონ შალვა პაპუაშვილს,   საკრებულოს თავმჯდომარეს, ბატონ გიორგი ტყემალაძეს, პარლამენტის წევრებსა და მინისტრთა კაბინეტის წარმომადგენლებს, აკადემიური წრეების წარმომადგენლებს, საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის პრეზიდენტს, ვიცე-პრეზიდენტს, უმაღლესი სასწავლებლის რექტორებს, თბილისის სასულიერო აკადემიისა და სემინარიის პროფესორ-მასწავლებლებს, სტუდენტებს, საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს. აღნიშნა, რომ მათი მობრძანება და  მონაწილეობა აღნიშნულ ღონისძიებაში  არის დიდი პატივისცემის დადასტურება საქართველოს პატრიარქის, საქართველოს წმინდა ეკლესიის, სასულიერო აკადემიისა და სემინარიის მიმართ.    
საიუბილეო ღონისძიებაში მონაწილეობდნენ თბილისის სასულიერო აკადემიისა და სემინარიის სტუდენტთა მგალობელი გუნდები (ხელმძღვანელები - ლაშა ზაალიშვილი, ლექსო გრემელაშვილი).
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესი და უნეტარესი ილია II-ის  აღსაყდრებიდან 45-ე და დაბადებიდან 90-ე წლისთავისადმი მიძღვნილ საიუბილეო ღონისძიებაზე წარმოთქმული სიტყვები
 
(14 დეკემბერი, 2022)
 
**********
 
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ბ-ნი შალვა პაპუაშვილი
ჩემთვის, რა თქმა უნდა, დიდი პატივია, რომ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის აღსაყდრებიდან 45-ე და დაბადებიდან 90-ე წლისადმი მიძღვნილ ღონისძიებაში ვიღებ მონაწილეობას. მე წარმოვადგენ იმ თაობას, რომლის ასაკიც თითქმის ემთხვევა უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორის პატრიარქობის პერიოდს. ჩემს ცხოვრებაში, ისევე როგორც ჩემი თაობის წარმომადგენლების ცხოვრებაში, არ ყოფილა წუთი, დღე, წელი, როდესაც ჩვენი პატრიარქი არ იყო ჩვენი ცხოვრების ნაწილი. ჩვენ ამავე დროს წარმოვადგენთ  იმ თაობას, რომელმაც გამოიარა ეკონომიკური კეთილდღეობაცა და სიდუხჭირეც, გამოირა საზოგადოების ერთიანობა და გახლეჩა, გამოიარა ომი და მშვიდობა. არ ყოფილა დღე, არ ყოფილა წელი, როდესაც პატრიარქი არ იყო ჩვენი საზოგადოების ნაწილი და ჩვენი თანაზიარი ჭირსა თუ ლხინში.
ჩვენ ყველას გვახსოვს მისი ღვაწლი საზოგადოების სულიერი განვითარებისა  და აზროვნების განვითარების კუთხით.
ყველა მისი ეპისტოლე არის, ერთი მხრივ, შინაარსობრივად დატვირთული და, მეორე მხრივ, ეს არის მოწოდებაც, წყაროც აზროვნებისთვის, დაფიქრებისთვისა და გააზრებისთვის - სად ვართ, სად ვიყავით და საით მივდივართ.
ეს არის მთელი ეპოქა და, რა თქმა უნდა, დიდი პატივია, რომ ასეთ ღონისძიებაში ვიღებ მონაწილეობას. დღეს წარმოდგენილი ნაშრომებიც დასტურია იმისა, რაც არის მთავარი ღვაწლი პატრიარქის - სინთეზი სულიერებისა და განათლების, სულიერებისა და აზროვნების, ამის ნაყოფია ეს ნაშრომებიც.
 
**********
 
საქართველოში არსებული დიპლომატიური კორპუსის მეთაური,  ვატიკანის ელჩი საქართველოში ჟოზე აველინო ბეტანკური
ბატონო პარლამენტის თავმჯდომარევ,
ბატონო მინისტრებო,
ბატონო პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილევ,
პატივცემულო პარლამენტის წევრებო,
საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდის წევრებო,
პატივცემულო ელჩებო,
პროფესორო ედიშერ ჭელიძე და პროფესორო ლელა ხაჩიძე,
თბილისის სასულიერო აკადემიის აკადემიურო კორპუსო და სტუდენტებო,
პატივცემულო სასულიერო პირნო,
თქვენო აღმატებულებანო და ძვირფასო სტუმრებო,
მადლობას მოგახსენებთ, რომ მომიწვიეთ თბილისის სასულიერო აკადემიის სხდომაზე, რომელიც ეძღვნება მნიშვნელოვან მიღწევებსა და თარიღებს.   
გადავცემ პაპი ფრანცისკეს სალამს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, მის უწმინდესობას ილია II-ს და ყველა აქ დამსწრეს. 
25 დეკემბერს ჩვენ ვზეიმობთ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მისი უწმინდესობა ილია II-ის აღსაყდრების 45-ე წლისთავს. 4 იანვარს კი ვზეიმობთ ჩვენი სულიერი ლიდერის დაბადების დიდად საპატივცემულო 90-ე წლისთავს.         
დღეს პატივცემული საზოგადოება შეიკრიბა იმ კეთილშობილური განზრახვით, რომ პატივი მიაგოს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, მის უწმინდესობა ილია II-ს. აღნიშნულ კონტექსტში იმართება პრეზენტაცია პროფესორების - ედიშერ ჭელიძისა და ლელა ხაჩიძის მიერ შედგენილი და გამოცემული წიგნებისა, რომლებიც ეძღვნება  მის უწმიდესობას ილია II-ს.
ჩვენ შევიკრიბეთ ამაღლებული და კეთილშობილი გრძნობებით.
პროფესორ ედიშერ ჭელიძის მოღვაწეობა კარგადაა ცნობილი წმინდა საყდრის სადესპანოსთვის. ჩემი ერთ-ერთი წინამორბედის მხარდაჭერით, პროფესორ ჭელიძისა და მთარგმნელთა ჯგუფის მიერ განხორციელდა პროექტი, რომელიც ითვალისწინებდა ქართული ჰაგიოგრაფიული ნაწარმოებების თარგმნას ძველი ქართულიდან ახალ ქართულ ენაზე. ეს გამოცემა ნათელი მაგალითია კათოლიკური და საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიების თანამშრომლობისა.    დღეს ჩვენ წინაშეა კიდევ სამი გამოცემა: „მრავალენოვანი ბიბლია“, „კურთხევანი“, „მარხვანი“, რომლებიც ეხმიანებიან ისტორიული გელათის აკადემიის სახელოვან საღვთისმეტყველო ტრადიციებს,    
გილოცავთ ამ დიდებულ წამოწყებას. მჯერა, რომ ეს გამოცემები ბიძგს მისცემენ შემდგომ თეოლოგიურ კვლევებსა და აკადემიურ საქმიანობას თბილისის სასულიერო აკადემიასა თუ საქართველოს ფარგლებს გარეთ არსებულ დაწესებულებებში.  
უძველეს ტრადიციებში ჩაღრმავება ახალ საუნჯეს და ახალ წყაროებს წარმოაჩენს, რაც კიდევ უფრო განამტკიცებს თანამედროვე სულიერებას და ამდიდრებს სამომავლო კვლევებს.   
ამ საქმიანობისთვის ნამდვილად ღირს დროისა და რესურსების ინვესტირება წმინდა ეკლესიისა და კეთილშობილი ქართველი ერის სასიკეთოდ.  
დღეს გვსურს ჯეროვანი პატივი მივაგოთ თქვენი ეკლესიის ღრმა სულიერ ტრადიციებს და სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მისი უწმინდესობა ილია II-ის მიერ ათწლეულების მანძილზე ნაკისრ უდიდეს პასუხისმგებლობას, მის თავდადებას ქართული ეკლესიისა და ქართველი ერის სამსახურში.    
ახალი 2023 წლის დამდეგს  მივესალმებით მის უწმინდესობას და, მის დაბადების დღესა და შობადღის დღესასწაულთან დაკავშირებით, ვუძღვნით მას ჩვენს გულითად და საუკეთესო ლოცვით სურვილებს, ვუსურვებთ ჯანმრთელობას, მშვიდობასა და სიხარულს.     
 
აშშ-ს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში ქ-ნი კელი დეგნანი
ჩემთვის დიდი პატივია, ამერიკის შეერთებული შტატების სახელით  მივულოცო და პატივისცემა გამოვხატო  მისი უწმინდესობის, ილია მეორის მიმართ, დაბადებიდან  90-ე და აღსაყდრებიდან 45-ე წლისთავთან დაკავშირებით.
1977 წლიდან მისი უწმინდესობა  სულიერ მხარდაჭერასა და წინამძღოლობას უწევს ქართველ ერს, როგორც საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წინამძღოლი. მისმა მადლმა, სიბრძნემ და ზნეობრივმა სიწმინდემ სასიცოცხლო  როლი შეასრულა  ქართველი ერის თვითმყოფადობისა და რწმენის შენარჩუნებასა და საქართველოს, როგორც დამოუკიდებელი ერის,  ხელახლა დაბადებასა და აღორძინებაში.
მე წილად მხვდა  პატივი შევხვედროდი მის უწმინდესობას და ჩემთვის ყოველთვის ამაღელვებელი იყო   მისი სიბრძნე, თანაგრძნობა და ძალა. მას მართლაც გამორჩეული ადგილი უჭირავს ქართულ საზოგადოებაში და გასაკვირი არ არის, რომ ის ამდენ ადამიანს  ასე უყვარს. 
აშშ-ის საელჩო უაღრესად აფასებს  მისი უწმინდესობისა და საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის მნიშვნელოვან როლს საქართველოში. მისმა უწმინდესობამ თავისი ცხოვრება მიუძღვნა  მშვიდობის, თავისუფლებისა და ერთიანობის სანუკვარ ფასეულობებს, ღირებულებებს, რომლებიც ამერიკელებისთვისაც ძალიან ძვირფასია. თავისი ხანგრძლივი და გამორჩეული მოღვაწეობის განმავლობაში პატრიარქი მოუწოდებდა და მოუწოდებს ყველას  გამოწვევების მშვიდობიანი გადაჭრისკენ  და ის ყოველთვის იყო და  არის  ერთიანობის ხმა დღევანდელ პოლარიზებულ სამყაროში.
შეერთებული შტატები რჩება ერთგული იმ მიზნებისა, რომლებსაც მისმა უწმინდესობამ მიუძღვნა თავისი ცხოვრება - მშვიდობიანი, სუვერენული, დემოკრატიული საქართველო.
მილიონობით ადამიანი საზრდოობს  უწმინდესის სულიერი წინამძღოლობით და ქართველი ხალხის მიმართ მისი ერთგულებით. ვუსურვებთ მას ძალას, ჯანმრთელობასა და სიმშვიდეს მრავალი წლის განმავლობაში 
გაუმარჯოს, მრავალჟამიერ!
 
 
 
**********
 
ქალაქ თბილისის საკრებულოს თავმჯდომარე ბ-ნი გიორგი ტყემალაძე
 
,,ჩვენთვის დიდი პატივია  საკრებულოს დარბაზში ვუმასპინძლოთ სრულიად საქართველოს კათალიკოს-პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის, ილია მეორის დაბადებიდან 90-ე და აღსაყდრებიდან 45-ე წლისთავისადმი მიძღვნილ საიუბილეო ღონისძიებას. 
ფასდაუდებელია ჩვენი პატრიარქის ღვაწლი ჩვენი ეკლესიის, ხალხისა და სახელმწიფოს წინაშე. მის ზრუნვასა და სიყვარულს იღებს საქართველოს  ყველა მოქალაქე განურჩევლად მრწამსისა.
მისი უწმინდესობის ინიციატივით დაიწყო და განხორციელდა კიდეც  ქვეყნისთვის არაერთი მნიშვნელოვანი საკითხი. მისი ავტორიტეტი მუდმივად ეხმარება სახელმწიფოს საერთაშორისო ასპარეზზე. აუცილებლად უნდა აღვნიშნო პატრიარქის უდიდესი წვლილი თბილისის სასულიერო აკადემიისა და სემინარიის  არსებობასა და წარმატებულ საქმიანობაში.
 
 
*****

საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის პრეზიდენტი, აკადემიკოს გიორგი კვესიტაძე 

            თბილისის სასულიერო აკადემიისა და სემინარიის პროფესორების - ქალბატონი ლელა ხაჩიძისა და ბატონი ედიშერ ჭელიძის მიერ გამოცემული წიგნების პრეზენტაცია  სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმიდესისა და უნეტარესის, ილია II-ის საიუბილეო თარიღებს ეძღვნება. ეს სამაგალითო ღონისძიება განსაკუთრებულ რეზონანს სძენს წარმოდგენილ  წიგნებს.

ამასთანავე, აღნიშნული პრეზენტაცია ნათელი დადასტურებაა იმისა, რომ პატრიარქის დაფუძნებული უპირველესი სასულიერო სასწავლებელი ჭეშმარიტად არის მნიშვნელოვანი საგანმანათლებლო და სამეცნიერო-კვლევითი ცენტრი, რომ სასწავლებლის დღევანდელი ხელმძღვანელობა განსაკუთრებულ ძალისხმევას იღებს   სამეცნიერო საქმიანობის ხელშესაწყობად.

განუზომელი და იგავმიუწვდომელია ღვაწლი ჩვენი სულიერი მამისა. უწმიდესმა და უნეტარესმა საპატრიარქო ტახტზე აღსაყდრებისას რამდენიმე უმრევლო ეკლესია ჩაიბარა, ამჟამად კი, მისი დაუცხრომელი შრომის შედეგად, 50-მდე ეპარქიის 2000-ზე მეტ ტაძარში 3000-მდე სასულიერო პირი ასიათასობით მართლმადიდებელს აზიარებს ქრისტეს რწმენას.

უწმიდესის და უნეტარესის ბრძნული გადაწყვეტილებებით, საქართველოს ეკლესია გასცდა თანამედროვე სახელმწიფო საზღვრებს და თავის წიაღში შემოიკრიბა დედასამშობლოს მოწყვეტილი ქართული ისტორიული მხარეები.

პატრიარქის სახელთანაა დაკავშირებული ისიც, რომ საქართველოს ეკლესიამ უდიდესი საერთაშორისო ავტორიტეტი მოიპოვა არამხოლოდ ქრისტიანულ სამყაროში, არამედ  განსხვავებული სარწმუნოების მიმდევართა შორისაც.

პატრიარქის მრავალმხრივი მოღვაწეობის შედეგია ჩვენს ქვეყანაში სასულიერო განათლების აღორძინება, სარწმუნოების, მეცნიერების და განათლების ჰარმონიული შერწყმა.

უწმიდესს და უნეტარესს - საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის საპატიო აკადემიკოსს - ჩვენი კოლექტივის თითოეული წევრი სიყვარულით ულოცავს საიუბილეო თარიღებს!

*****

 
საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის ვიცე-პრეზიდენტი, აკადემიკოსი როინ   მეტრეველი
 
თბილისის სასულიერო აკადემიისა და სემინარიის თაოსნობით სამი  მნიშვნელოვანი წიგნი გამოიცა საქართველოში - ,,მრავალენოვანი ბიბლია“, ,,კურთხევანი“ და წმ.გიორგი მთაწმიდელის ,,მარხვანი“.
ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორის, პროფესორ ლელა ხაჩიძის რედაქციით მომზადდა  წმ. გიორგი მთაწმიდელის ,,მარხვანის“ - ლიტურგიკულ-ჰიმნოგრაფიული კრებულის - ორტომეული.  აღსანიშნავია, რომ მეცნიერი 40 წლის განმავლობაში სწავლობდა კრებულში დაცულ მასალას, მოგვიანებით მუშაობაში ჩაერთო სამეცნიერო ჯგუფიც.  გამოცემაში შესულია მსოფლიოს ჰიმნოგრაფიული საგანძური, ამასთანავე მეათე საუკუნის დიდი საეკლესიო მოღვაწისა და ჰიმნოგრაფის იოანე მინჩხის ასზე მეტი ორიგინალური საგალობელი.  კრებულში დაცული მასალის გაცნობა  ამყარებს მოსაზრებას, რომელიც გასული საუკუნის 50-იან წლებში გამოთქვა აკადემიკოსმა შალვა ნუცუბიძემ, რომ ქართული რენესანსი  წინ უსწრებსო დასავლეთ ევროპულს. მეცნიერს ამის ნიმუშად მოჰყავდა ქართული მრავალხმიანი საგალობელი, არქიტექტურული ძეგლები და ,,ვეფხისტყაოსანი“. ამ ჩამონათვალს ახლა მიქაელ მოდრეკილისა და იოანე მინჩხის საგალობლებიც შეგვიძლია დავუმატოთ.  
 
ფილოლოგიისა და თეოლოგიის დოქტორმა, პროფესორმა ედიშერ ჭელიძემ გამოსცა ,,კურთხევანი“ სამ ტომად და მრავალტომეულის - ,,მრავალენოვანი ბიბლიის“- სამი ტომი - უმნიშვნელოვანესი ნაშრომი ბიბლიოლოგიის დარგში. ედიშერ ჭელიძე დიდი მკვლევარი და მეცნიერია. მან  უზარმაზარი შრომა გასწია პირველი ქართული ,,მრავალენოვანი ბიბლიის“ გამოსაცემად. შეისწავლა ბიბლიურ წიგნთა როგორც ქართული, ისე უცხოენოვანი ხელნაწერები, რედაქციები და გამოცემები. მოგეხსენებათ, საქართველოში ბიბლიურ წიგნთა თარგმნის, კომენტირებისა და სამეცნიერო კვლევის მრავალსაუკუნოვანი ტრადიცია არსებობს. ბიბლიური წიგნები ქრისტიანობის გავრცელებასთან ერთად ითარგმნებოდა ჩვენში.  ევროპის სამეცნიერო ცენტრებში ,,მრავალენოვანი ბიბლიის“ გამოცემის დიდი ტრადიცია არსებობს, მაგრამ სამწუხარო ის არის, რომ არცერთ გამომცემელს  არ გაუთვალისწინებია ბიბლიის უძველესი ქართული თარგმანები, უფრო მეტიც, მრავალენოვანი ბიბლიის ერთ-ერთი გამომცემელი -  სომეხი მეცნიერი ტიგრან აივაზიანი - სრულიად უგულებელყოფს წმინდა წერილის ქართულენოვან თარგმან-რედაქციებს. არადა ბიბლიის უძველესი ქართული რედაქციები და ხელნაწერები არა თუ  ჩამოუვარდება, არამედ, ხშირ შემთხვევაში, აღემატება კიდეც სხვაენოვანი ბიბლიების მონაცემებს. ბატონი ედიშერ ჭელიძის მიერ მეცნიერული სიზუსტით მომზადებული გამოცემა, ვფიქრობ, ღირსეული პასუხია მათთვისაც, ვინც ქართულ კულტურულ მემკვიდრეობას უგულებელყოფს.
 
მოგეხსენებათ,  პირველი ქართული წიგნი 1629 წელს  დაიბეჭდა რომში. ერთი საუკუნის შემდეგ 1743 წელს მოსკოვში დაიბეჭდა ბაქარის ბიბლია. ასე რომ, ბიბლიურ წიგნთა შესწავლასა და გამოცემას დიდი ტრადიცია აქვს ჩვენში და დღესაც უდიდესი მნიშვნელობა ენიჭება. ედიშერ ჭელიძის აღნიშნული გამოცემა  განსაკუთრებით ძვირფასია ჩვენთვის, იგი დიდი სიახლეა როგორც ქართული, ისე მსოფლიო სამეცნიერო წრეებისათვის. გამოცემას დართული აქვს მრავალრიცხოვანი სქოლიოები.
 
მისასალმებელია, რომ ამ ბოლო დროს თბილისის სასულიერო აკადემია და სემინარია მნიშვნელოვან სამეცნიერო კვლევით და საგამომცემლო საქმიანობას  ეწევა. ის მხოლოდ სასწავლო დაწესებულება კი არ არის, არამედ მნიშვნელოვანი სამეცნიერო კერაცაა. აქ მზადდება და გამოიცემა საერთაშორისო მნიშვნელობის  პუბლიკაციები, მაღალმეცნიერული დონის საღვთისმეტყველო, ფილოსოფიური, ისტორიული და ფილოლოგიური ხასიათის კრებულები.
 
მინდა ხაზი გავუსვა თბილისის სასულიერო აკადემიისა და სემინარიის რექტორის,  თეოლოგიის, ფილოლოგიისა და პოლიტიკის მეცნიერებათა  დოქტორის, პროტოპრესვიტერ გიორგი ზვიადაძის განსაკუთრებულ ძალისხმევას,  რომელსაც იგი იჩენს სასწავლებელში საგამომცემლო და სამეცნიერო საქმიანობისადმი.  მოგეხსენებათ, პროტოპრესვიტერი გიორგი ზვიადაძე თავადაც სერიოზული მკვლევარია. მისი მონოგრაფია  გრიგოლ ნოსელის შესახებ უაღრესად ფასეული შრომაა როგორც საღვთისმეტყველო, ისე ფილოლოგიური თვალსაზრისით. რექტორის განსაკუთრებულ ძალისხმევის, შრომის შედეგია ის, რომ თბილისის სასულიერო აკადემია და სემინარია დღეს  უმნიშვნელოვანესი საგანმანათლებლო და სამეცნიერო-კვლევითი ცენტრია. ამას ადასტურებს წარმოდგენილი გამოცემებიც. ბატონი ედიშერ ჭელიძისა და ქალბატონი ლელა ხაჩიძის ნაშრომები მნიშვნელოვანი მონაპოვარია როგორც ქართული, ისე მსოფლიო სამეცნიერო საზოგადოებისათვის.       
 
***********
 
საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის აკადემიკოსი, ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი ელგუჯა ხინთიბიძე
 
მე მინდა უღრმესი კმაყოფილება გამოვთქვა იმის გამო, რომ საშუალება მომეცა ჩემი ხმა შევუერთო ამ საიუბილეო დღეებში ქრისტიან მორწმუნეთა მრავალმილიონიან სიმრავლეს. ქართველ ხალხს ვულოცავ, რომ XX და XXI საუკუნეთა მიჯნაზე ჩვენი ქვეყნისათვის მძიმე ათწლეულებში იმედის ხატად გვყავდა და გვყავს დიდი ადამიანი - უწმინდესი და უნეტარესი ილია II.
ამ საიუბილეო ღონისძიების ორგანიზატორი თბილისის სასულიერო აკადემია და სემინარიაა და სხდომის ერთი არსებითი საკითხი ამ აკადემიის  მხარდაჭერით გამოცემული სამეცნიერო ნაშრომების პრეზენტაციაა. ეს ნაშრომებია: 1. „მრავალენოვანი ბიბლია“ - შემდგენელი და გამომცემელი თბილისის სასულიერო აკადემიისა და სემინარიის პატრისტიკისა და დოგმატიკის კათედრის გამგე, ფილოლოგიისა და თეოლოგიის  მეცნიერებათა დოქტორი ედიშერ ჭელიძე;  2. „კურთხევანი“ - ისევ ბატონი ედიშერ ჭელიძის გამოცემა; 3. „წმინდა გიორგი მთაწმინდლის მარხვანი“. გამოცემა მომზადდა რუსთველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის გრანტის ფარგლებში, კორნელი კეკელიძის სახელობის ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის ბაზაზე ცნობილი მკვლევარების - ლელა ხაჩიძის, ექვთიმე კოჭლამაზაშვილის, ლიანა ახობაძისა და ეკა კვირკველიას მიერ, თსუ უნივერსიტეტის პროფესორისა და ამავე დროს სასულიერო აკადემიის ქართული ენისა და ლიტერატურის კათედრის გამგის ლელა ხაჩიძის რედაქტორობითა და გამოკვლევით. მინდა რამდენიმე სიტყვით მოგახსენოთ ამ წიგნების მეცნიერულ მნიშვნელობაზე ქართველოლოგიისა და ზოგადად, ბიზანტინოლოგიის თვალსაზრისით.
ეს გამოცემები ძალზე მნიშვნელოვანია არა მხოლოდ თავიანთი საღვთისმეტყველო ღირებულებით, არამედ ასევე მეცნიერული თვალსაზრისით,   ქართველოლოგიისა და, ზოგადად, ბიზანტიური ფილოლოგიისთვის. ძველი ქართული საღვთისმეტყველო-ლიტერატურული პროზა და პოეზია მოიცავს ქრისტიანული სულიერი კულტურის როგორც ბრწყინვალე ორიგინალურ ნიმუშებს, ასევე ბიზანტიური ლიტერატურის უმნიშვნელოვანესი ძეგლების ძველ ქართულ თარგმანებს, რომელთა ბერძნული დედნები ზოგ შემთხვევაში დაკარგულია, ანდა ბერძნულად შემორჩენილია ამ თხზულებათა მხოლოდ მოგვიანებით გადამუშავებული და არა თავდაპირველი რედაქციები. უფრო კონკრეტულად ვისაუბროთ ამჯერად განსახილველ სამ გამოცემაზე.
„მრავალენოვანი ბიბლია“. უკანასკნელი ათწლეულების ბიბლიური ფილოლოგია განსაკუთრებულ ყურადღებას აქცევს ბიბლიის უძველეს თარგმანებს სხვადასხვა ენაზე, საგანგებოდ ისეთებს, რომლებიც, რედაქციული თვალსაზრისით, თავისთავადობას წარმოაჩენენ და არ წარმოადგენენ სხვა უფრო ძველი ცნობილი ვერსიის მხოლოდ განმეორებას. ბიბლიური ტექსტების ამგვარი მრავალენოვანი გამოცემები უკვე განხორციელდა ევროპის ორიოდე ცნობილ ქრისტოლოგიურ ცენტრში. მათში ადგილი არ დაეთმო ძველ ქართულ ბიბლიურ ტექსტებს. ერთი მნიშვნელოვანი მიზეზი ამისა ბიბლიური ტექსტების ქართული თარგმანების წარმოშობის თაობაზე ქართველოლოგიურ კვლევებში გამოთქმული თვალსაზრისებია. ამ ასპექტითაც ძალზე მნიშვნელოვანია ქართულ საღვთისმეტყველო-ფილოლოგიურ ცენტრში განხორციელება ბიბლიის მრავალენოვანი გამოცემისა, რომელშიც ქართული ბიბლიის უძველესი რედაქცია დაიმკვიდრებს ადგილს.  „მრავალენოვანი ბიბლიის“ ქართული გამოცემის სამი ტომი უკვე დასტამბულია. აქვე მინდა აღვნიშნო, რომ უკანასკნელი ათწლეულების კვლევებით უკვე დადასტურდა, რომ ქართული ბიბლიის ჩვენამდე მოღწეული ყველაზე ძველი ფრაგმენტები, კერძოდ, ხანმეტურ პალიმფსესტებში გაშიფრული ძველი ქართული თარგმანი, აშკარად ასაბუთებს ქართული ბიბლიური ტექსტების თავდაპირველი თარგმანის თაობაზე გამოთქმული ძველი ვარაუდების მცდარობას და გამოავლენს, რომ ქართული ბიბლიური ტექსტების უძველესი თარგმანი ინახავს ბერძნული ბიბლიის ე.წ. ჰექსაპლების რედაქციას, კერძოდ, მის ე.წ. ლუკიანეს ვერსიას და იგი უფრო ძველ ვარიანტზეც მიანიშნებს, ვიდრე ამავე რედაქციის ჩვენამდე მოღწეული ბერძნული დედანია.
კრებული „კურთხევანი“ ძველ ქართულ ლიტერატურულ ტექსტებს აერთიანებს. ამ კრებულის პირველი სამი ტომი უკვე გამოცემულია. ლიტურგიკულ ტექსტთა შორის ღვთისმეტყველების პრაქტიკაში ძალზე მნიშვნელოვანია ძველი ლიტურგიის, ანუ ჟამის წირვის ტექსტები. ქართული ეკლესია პირველ საუკუნეებიდან X საუკუნის ჩათვლით ე.წ. ,,იაკობის ჟამის წირვის“ რედაქციას იყენებდა. ჩვენამდე შემონახულია „იაკობის ჟამის წირვის“ ქართული თარგმანი ე.წ. „იერუსალიმის კანონარის“ VIII საუკუნის ხელნაწერით, რაც ბიზანტიური ფილოლოგიისათვის ძალზე მნიშვნელოვანი ნიმუშია. XI საუკუნიდან ქართულ ეკლესიაში ბიზანტიის პრაქტიკაში უკვე ცნობილი ,,იოანე ოქროპირის ჟამის წირვა“ დამკვიდრდა. აქვე მინდა აღვნიშნო, რომ 1998 წელს ათონის ქართულ მონასტერში, ივირონში, ჩემი რამდენიმედღიანი მოლოცვის პერიოდში, მონასტრის ქართულ წიგნთსაცავში მე მივაგენი მანამდე მეცნიერთათვის უცნობ ,,იოანე ოქროპირის ჟამის წირვის“ ქართულ ხელნაწერს, რომელიც ათონის ქართული წიგნთსაცავის არცერთ აღწერილობაში არ იყო შეტანილი, იგი ხის კოჭზე დახვეული კონდაკია, ტყავზე შესრულებული ხელნაწერი, და, სავარაუდოდ, ივირონის დიდი ქართველი მწიგნობრების - ეფთვიმესა და გიორგის მოღვაწეობის პერიოდს უკავშირდება. ხელნაწერის მოკლე აღწერილობა გამოვაქვეყნე საქართველოში 1999 წელს, ხოლო ევროპაში 2001 წელს, ბიზანტინისტთა მსოფლიო კონგრესის მასალებში.
„მარხვანი“ ძველი ქართული სასულიერო პოეზიის უბრწყინვალესი ძეგლია. იგი აერთიანებს დიდმარხვის პერიოდში შესასრულებელ საგალობლებს. ძველ საუკუნეებში მარხვანის ჰიმნები აღდგომის პერიოდის საგალობლებთან (რომელსაც ქართულ ხელნაწერებში „ზატიკი“ ერქვა) ერთად იყო შეტანილი კრებულში „ხუედრნი“. მართლმადიდებელთა საეკლესიო პრაქტიკაში საგალობელთა საერთო სისტემაა დაცული და, ამდენად, უძველესი ქართული საგალობლები ბერძნულიდანაა თარგმნილი. ჩვენამდე შემონახულია საგალობელთა ქართული თარგმანების ძველი - IX საუკუნის პაპირუს-პერგამენტის კრებული, რომელშიც იკითხება რედაქციულად უფრო ძველი ჰიმნები, ვიდრე ჩვენამდე მოღწეული ბერძნული ჰიმნებია.  X საუკუნეში ქართველმა ავტორმა იოანე მინჩხმა უძველეს საგალობელთა კრებულიდან - „იადგარიდან“- გამოკრიბა დიდმარხვის პერიოდის ბერძნულიდან თარგმნილი საგალობლები, მათ დაუმატა საკუთარი, მის მიერ შექმნილი ორიგინალური 100 საგალობელი. ასე შეიქმნა ქართული „მარხვანის“ პირველი უნიკალური კრებული. წმ. გიორგი მთაწმინდელის მიერ შექმნილი კრებულის ანალოგი თვით ბიზანტიურ კულტურულ არეალში არ არსებობს. ამაზე თვითონ წმინდა მამა მიუთითებს ამავე წიგნის ერთ-ერთ კოლოფონში, ანუ ანდერძში. გიორგი მთაწმინდელის შრომა არა მხოლოდ საღვთისმეტყველო პრაქტიკისთვისაა უმნიშვნელოვანესი, არამედ დიდ მეცნიერულ ნაშრომს წარმოადგენს. მასში თითოეულ თარიღსა თუ თემასთან დაკავშირდებით შეტანილია ყველა ბერძნული საგალობელი და ამასთან ერთად ყველა ქართული ორიგინალური საგალობელი, რომლებზედაც წმინდა მამას ხელი მიუწვდებოდა. შემდგენელი ანუ წმინდა გიორგი მთაწმინდელი თითოეული საგალობლის ავტორზეც მიუთითებს, რაც არ გვხვდება ბერძნულ ხელნაწერებში. კრებულში შეტანილია ერთი და იმავე ბერძნული საგალობლის არა მხოლოდ ერთი თარგმანი, არამედ ყველა ქართული თარგმანი, რომელიც კი არსებობს. ასე მაგალითად: კრებულში შეტანილია ანდრეა კრეტელის „დიდი კანონის“ სამი ქართული თარგმანი: ძველი ქართული თარგმანი, ეფთვიმე მთაწმინდელის თარგმანი და  გიორგი მთაწმინდელის თარგმანი.
ამრიგად, დღევანდელ საიუბილეო სხდომაზე წარმოდგენილი გამოცემების მნიშვნელობა ძალზე დიდია როგორც ქართული ეკლესიის საღვთისმეტყველო ღირებულებათა თვალსაზრისით, ასევე წმინდა მეცნიერული კუთხით, ქართველოლოგიისა და, ზოგადად, ბიზანტიური ფილოლოგიის თვალსაზრისით.
მოგეხსენებათ, თბილისის სასულიერო აკადემიასა და სემინარიას, რომლის შექმნისა და ფუნქციონირების სათავეში უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე იდგა, დღეს ფილოლოგიის, თეოლოგიისა და პოლიტიკის მეცნიერებათა დოქტორი, თავად ცნობილი მკვლევარი, პროტოპრესვიტერი გიორგი ზვიადაძე ხელმძღვანელობს. თბილისის სასულიერო აკადემია და სემინარია საღვთისმეტყველო, სამეცნიერო და პედაგოგიური  მოღვაწეობით დიდ ქართველოლოგიურ საქმეს ასრულებს. იგი აგრძელებს იმ დიდ ფილოლოგიურ და თავისი მნიშვნელობით ეროვნულ საქმიანობას, რასაც ემსახურებოდნენ ძველი საქართველოს დიდი საღვთისმეტყველო-ლიტერატურული ცენტრები: გელათი, ათონი, ოშკი.
17.12.2022
ბეჭდვა