საიუბილეო დღეები

 
ა.წ. 9, 12, 15 და 21  დეკემბერს თბილისის სასულიერო აკადემიასა და სემინარიაში  უწმინდესისა და უნეტარესის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია II-ის დაბადებიდან 90-ე და აღსაყდრებიდან  45-ე  წლისადმი მიძღვნილი საიუბილეო დღეები იმართება.  იგი თემატური და შინაარსობრივი   მრავალფეროვნებით გამორჩეულ  რამდენიმე მნიშვნელოვან ღონისძიებას აერთიანებს  -  9/12 დეკემბერს სტუდენტები  წაიკითხავენ  პატრიარქის ღვაწლისა და შემოქმედების ამსახველ  მოხსენებებს,  მოეწყობა სასულიერო აკადემიისა და სემინარიის საეკლესიო არქიტექტურის (ხუროთმოძღვრების), ხატწერის, დაზგური და მონუმენტური ხატწერის რესტავრაციის ფაკულტეტის სტუდენტთა ნამუშევრების გამოფენა, ნაჩვენები იქნება პატრიარქის ცხოვრება-საქმიანობის ამსახველი ფილმები, გაიმართება თსასის მგალობელთა გუნდების კონცერტი, 15 დეკემბერს თსასში გაიმართება შეხვედრა  პოეტ  ტარიელ ხარხელაურთან,  21 დეკემბერს კი, დასკვნითი ღონისძიების სახით, ჩატარდება პატრიარქის საიუბილეო დღეებისადმი მიძღვნილი პროფესორ-მასწავლებელთა სამეცნიერო კონფერენცია.
 
9 დეკემბერს პატრიარქისადმი მიძღვნილი საიუბილეო დღეები მისასალმებელი სიტყვით გახსნა თბილისის სასულიერო აკადემიისა და სემინარიის რექტორმა, ფილოლოგიის, თეოლოგიისა და პოლიტიკის მეცნიერებათა დოქტორმა, პროტოპრესვიტერმა გიორგი ზვიადაძემ. მან დამსწრე საზოგადოებას  მიულოცა უწმინდესისა და უნეტარესის დაბადებიდან 90-ე და აღსაყდრებიდან  45-ე წლისთავი. აღნიშნა, რომ თბილისის სასულიერო აკადემიამ და სემინარიამ, როგორც პატრიარქის მიერ დაარსებულმა უმაღლესმა საღვთისმეტყველო სკოლამ,  განსაკუთრებული  ღირსებით, მოწიწებითა და მადლიერებით  უნდა აღნიშნოს  დღე იმ პიროვნებისა, რომლის ღვაწლი განუსაზღვრელად დიდია სასწავლებლისა და ზოგადად, ქვეყნის სულიერების, საეკლესიო განათლებისა და მეცნიერების აღორძინების თვალსაზრისით.
 
სტუდენტთა მოხსენებები  პატრიარქის ღვაწლს სხვადასხვა ასპექტით წარმოაჩენდა:
 
1. ბესიკ გამყრელიძე, თბილისის სასულიერო აკადემიის მეორე კურსის სტუდენტი - გალობის აღორძინება (ხელმძღვანელი - თეოლოგიის მაგისტრი ლაშა ზაალიშვილი);
 
2. ნიკოლოზ ჩარგაზია, გიორგი გვიმრაძე, თბილისის სასულიერო სემინარიის მეოთხე კურსის სტუდენტები  - სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ღვაწლი მონასტრული ცხოვრების აღორძინებისათვის საქართველოში (აღსაყდრებიდან დღემდე) (ხელმძღვანელი - ისტორიის მეცნიერებათა და თეოლოგიის დოქტორი, პროფ. სერგო ვარდოსანიძე);
 
3. ცოტნე გიგიბერია, თბილისის სასულიერო აკადემიის მესამე კურსის სტუდენტი - საპატრიარქო ეკლესიის კანონიკური წყობა და პატივი (ხელმძღვანელი - თეოლოგიის მაგისტრი, დეკანოზი ლონგინოზ სუარიშვილი);
 
4. კონსტანტინე მაჭავარიანი, თბილისის სასულიერო აკადემიის პირველი კურსის სტუდენტი - პატრიარქი - ერის სულიერი წინამძღოლი (ხელმძღვანელი - თეოლოგიის დოქტორი, არქიდიაკონი დემეტრე (დავითაშვილი);
 
5. მარიამ ჯორჯაძე, თბილისის სასულიერო აკადემიისა და სემინარიის ქრისტიანული ფსიქოლოგიის ფაკულტეტის მესამე კურსის სტუდენტი - საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ღვაწლი უცხოეთის ქართული ქრისტიანული მემკვიდრეობის დაცვა-შენარჩუნებისათვის (ხელმძღვანელი - ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფ. ელდარ ბუბულაშვილი);
 
ნაჩვენები იყო რეჟისორ  ნინო ხოფერიას  ფილმ  „მარადიული აწმყოს“  ერთ-ერთი სერია -  ავტოკეფალია. 
 
ღონისძიებაზე   თსასის  გუნდმა  - გუნდის ხელმძღვანელი - სამუსიკო ხელოვნებისა და თეოლოგიის მაგისტრი ლაშა ზაალიშვილი -  შეასრულა საგალობლები, მათ შორის, უწმინდესისა და უნეტარესის  ,,წმიდაო ღმერთო“ და წმინდა ნინოსადმი მიძღვნილი საგალობელი.
 
დასკვნით სიტყვაში თსასის რექტორმა, პროტოპრესვიტერმა გიორგი ზვიადაძემ მადლობა გადაუხადა მომხსენებლებს, მათ  ხელმძღვანელებს - პროფესორ- მასწავლებლებს, ღონისძიების ორგანიზატორთ და თითოეული სტუდენტისათვის მეტად საპატიო,  საპასუხისმგებლო და ამასთანავე, ამაღელვებელი, ემოციური  სიტყვები წარმოთქვა: ,,დღეს რომ  გხედავდეთ პატრიარქი, იამაყებდა თქვენით“.
 
ღონისძიების პროგრამა იხილეთ ბმულზე
10.12.2022
ბეჭდვა