აფხაზეთობა

23 მაისი, წმ. სვიმონ კანანელის ხსენების დღე, უწმინდესისა და უნეტარესის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტის ილია II-ის ლოცვა-კურთხევით დაწესებულია „აფხაზეთობის“ დღედ. ამასთან დაკავშირებით, დღეს სიონის საკათედრო ტაძარში საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა, მაღალყოვლადუსამღვდელოესმა შიომ (მუჯირი) სავედრებელი პარაკლისი აღავლინა. თანამსახურებდნენ მაღალყოვლადუსამღვდელოესი, გორისა და ატენის მიტროპოლიტი ანდრია (გვაზავა), ყოვლადუსამღვდელოესი, წალკის ეპისკოპოსი გრიგოლი (კაცია), თბილისის სასულიერო აკადემიისა და სემინარიის რექტორი, პროტოპრესვიტერი გიორგი ზვიადაძე, საპატრიარქოს საზოგადოებასთნ ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი, დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე, თბილისის სასულიერო აკადემიისა და სემინარიის პრორექტორი, დეკანოზი ბესარიონ ცინცაძე და სიონის საპატრიარქო ტაძრის მღვდელმსახურნი. 
პარაკლისს დაესწრნენ საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლები, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე რუსლან აბაშიძე, უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ჯემალ გამახარია და აფხაზეთის მთავრობის სხვა წარმომადგენლები, ასევე, თბილისის სასულიერო აკადემიისა და სემინარიის პროფესორ-მასწავლებლები, სტუდენტები და მორწმუნე საზოგადოება.
პარაკლისის დასასრულ საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა, მაღალყოვლადუსამღვდელოესმა შიომ ტაძარში შეკრებილ საზოგადოებასა და სრულიად საქართველოს მიულოცა „აფხაზეთობა“ და გადასცა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ლოცვა-კურთხევა. მან ქადაგებაში ყურადღება გაამახვილა მიმტევებლობასა და იმ თბილი ურთიერთობის აღდგენის აუცილებლობაზე, რაც ოდითგან ჰქონდათ აფხაზებსა და ქართველებს.
23.05.2022
ბეჭდვა