ყოველწლიური სამეცნიერო კონფერენცია თბილისის სასულიერო აკადემიასა და სემინარიაში

 
დღეს, 4 მაისს, თბილისის სასულიერო აკადემიასა და სემინარიაში პროფესორ-მასწავლებელთა ყოველწლიური სამეცნიერო კონფერენცია გაიხსნა.
თბილისის სასულიერო აკადემიასა და სემინარიაში უკვე ტრადიციად იქცა, რომ ყოველი წლის გაზაფხულის სემესტრის ბოლოს იმართება პროფესორ-მასწავლებელთა სამეცნიერო კონფერენცია. წელს ის მიეძღვნა წმინდა ილია მართლის (ჭავჭავაძე) დაბადებიდან 185-ე წლისთავს. 
ღონისძიება ორ დღეს გაგრძელდება. კონფერენციაზე წარმოდგენილი მოხსენებები მრავალფეროვანი შინაარსისაა, მოიცავს საღვთისმეტყველო, ფილოლოგიური, ისტორიული, ხელოვნებათმცოდნეობითი, ფილოსოფიური  და სხვა მიმართულების კვლევებს. 
კონფერენცია შესავალი სიტყვით გახსნა თბილისის სასულიერო აკადემიისა და სემინარიის რექტორმა, თეოლოგიის, ფილოლოგიისა და პოლიტიკის  დოქტორმა, პროტოპრესვიტერმა გიორგი ზვიადაძემ. მან ისაუბრა სამეცნიერო კონფერენციის მნიშვნელობაზე აკადემიისა და სემინარიის საგანმანათლებლო ცხოვრებაში; აღნიშნა, რომ სასულიერო აკადემიამ და სემინარიამ იმთავითვე იმემკვიდრა ის საგანმანათლებლო ტრადიციები, რომელიც არსებობდა გელათის საღვთისმეტყველო სკოლაში. კონფერენცია ერთგვარი შემაჯამებელი ღონისძიებაა მთელი წლის განმავლობაში პროფესორ-მასწავლებელთა მიერ გაწეული  კვლევა-ძიებისა მართლმადიდებლობის სამეცნიერო და მოძღვრებითი შინაარსის შესწავლის გზაზე და სასწავლებელი ამგვარი ღონისძიებებითაც ხდება მაცხოვნებელი რწმენისა და მეცნიერული აზრის  საიმედო  საყრდენი.  

პლენარულ სხდომაზე მოხსენებებით გამოვიდნენ:  
1. ფილოლოგიისა და თეოლოგიის დოქტორი, დეკანოზი ბიძინა გუნია - გენდერის თეორია გუშინ და დღეს;  
2. ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი მაია რაფავა - უცნობი ბერძნული ეპიგრამა იოანე ათონელის შესახებ; 
3. ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი ლელა ხაჩიძე - მიქაელ მოდრეკილის „კალენდარი“; 
4. ისტორიის მეცნიერებათა და თეოლოგიის დოქტორი სერგო ვარდოსანიძე - ჩამაბარეთ უნივერსიტეტის გასაღები (არშაკ ბაბოვი ქართული უნივერსიტეტის წინააღმდეგ). 
წაკითხულმა მოხსენებებმა აუდიტორიის დიდი მოწონება დაიმსახურა. გაიმართა საინტერესო დისკუსია.
04.05.2022
ბეჭდვა