გამოიცა თბილისის სასულიერო აკადემიის საღვთისმეტყველო-სამეცნიერო შრომების 2019-2020 წწ-ის მეათე-მეთერთმეტე ნომერი

გამოიცა თბილისის სასულიერო აკადემიის საღვთისმეტყველო-სამეცნიერო შრომების 2019-2020 წწ-ის მეათე-მეთერთმეტე ნომერი, რომელიც მეტად შთამბეჭდავია როგორც მოცულობით, ისე პუბლიკაციების მეცნიერული აკრიბიითა და საღვთისმეტყველო სიღრმით. ქვემოთ წამოვადგენთ კრებულის მოკლე დახასიათებას შესაბამისი რუბრიკების მიხედვით:

 

ღვთისმეტყველება

 

პროტოპრესვიტერი გიორგი ზვიადაძე

ამაღლების დღესასწაულისადმი მიძღვნილი ერთი ჰომილიის უძველესი ქართული თარგმანი 

 

პუბლიკაციაში ფილოლოგიურ-თეოლოგიური კუთხით შესწავლილია მეათე საუკუნის "კლარჯულ მრავალთავში" დაცული ამაღლების დღესასწაულისადმი მიძღვნილი ერთი ბოლონაკლული ჰომილია, რომლის ავტორადაც წმ. ათანასე ალექსანდრიელია მითითებული. აღნიშნული ჰომილია განსაკუთრებულ ყურადღებას იქცევს საღვთისმეტყველო ასპექტით, ვინაიდან მასში სულიერი თვალით არის განჭვრეტილი არა მხოლოდ ამაღლება მაცხოვრისა, არამედ, აგრეთვე, მისი მკვდრეთით აღდგომა და საეკლესიო მოძღვრებასთან დაკავშირებული სხვა უარსებითესი მოვლენები, რაც გულისხმობს ადამიანის შექმნას, ცოდვით დაცემას, მაცხოვრის მიერ კაცობრიობის გამოხსნას ანუ მეორე ადამის („სხუაჲ ადამ“) მოვლინებას და საღვთო განგებულების აღსრულებას - ცოდვით დაცემულ ადამიანში თავდაპირველი ხატის განახლებას. ესოდენ მნიშვნელოვანი ძეგლის უძველესი ქართული თარგმანი პროტოპრესვიტერ გიორგის მიერ განხილულია ბერძნულ ორიგინალის სამ გამოცემასთან და, აგრეთვე, ლათინურ-რუსულ თარგმანებთან სკრუპულოზური, სიტყვა-სიტყვითი შედარების მეთოდით, რის შედეგადაც, ერთი მხრივ, გამოვლენილია ქართული თარგმანის არსებული გამოცემის სამწუხარო ხარვეზები, მეორე მხრივ, ფილოლიგურად შესწავლილია ბერძნულ-ქართული ტექსტობრივი მიმართებანი, მესამე მხრივ კი, მოცემულია მნიშვნელოვანი დაკვირვებანი არაერთ საღვთისმეტყველო ტერმინსა და გამონათქვამზე. მაგალითისთვის, ყურადღებას მივაქცევთ ძეგლში გადმოცემულ სწავლებაზე ადამიანის, როგორც ღვთის ხატის შესახებ. კერძოდ, ეს საკითხი უკავშირდება ადამიანის დაცემის-შემდგომ ვითარებას. ძველ ქართულ თარგმანში დაცემულ ხატთან დაკავშირებით გამოყენებულია ტერმინი „წარწყმედა“, რასაც ორიგინალში შეესატყვისება მნიშვნელობით საკმაოდ განსხვავებული ტერმინი πλανωμένη, რაც შეიძლება ითარგმნოს სიტყვით „შეცთომილი“. ნათელია, რომ ქართულ თარგმანში უფრო მკვეთრი ტერმინია გამოყენებული ადამიანის თავდაპირველი ხატისებრობის ცოდვისმიერი შემუსვრის აღსანიშნად, ვიდრე ბერძნულ ორიგინალში. საყურადღებოა, აგრეთვე, ისიც, რომ ბერძნული ტერმინი "ეიკონ" („ხატი“) ქართულად გადმოტანილია როგორც „მსგავსებაჲ“, რაც, მოცემული კონტექსტის გათვალისწინებით, დამატებით ხაზს უსვამს იმას, რომ, თანახმად წმ. კირილე ალექსანდრიელის სწავლებისა, ხატი და მსგავსება არსებითად ერთი და იგივე ღირსებაა ადამიანში. მეტად საყურადღებოა, აგრეთვე, ვრცელი მსჯელობა მაცხოვრის როგორც „ქალწულობის ნაყოფის“ მიერ სიკვდილის ძლევის შესახებ. სამწუხაროდ, ქართული თარგმანი ნაკლულევანია, თუმცა ზემორე კვლევამ თვალნათლივ აჩვენა, რომ ის მცირე ნაწილიც კი ტექსტისა, რაც შემოგვრჩა, განსაკუთრებული მნიშვნელობის მქონეა საეკლესიო ღვთისმეტყველებით დაინტერესებული საზოგადოებისათვის.

 

 

ეგზეგეტიკა

 

ირაკლი ორჟონია

ძველი აღთქმის თეოფანიები და მათი საეკლესიო ეგზეგეზისი

წინამდებარე პუბლიკაციაში, ეკლესიის მამათა შესაბამისი შრომების საფუძველზე, განხილულია შემდეგი საკითხები:

 

1. ძველ აღთქმაში განჭვრეტილი ყოვლადწმინდა სამების საიდუმლო;

საეკლესიო წყაროების შეჯერების შედეგად წარმოჩენილია, რომ მიუხედავად მდინარე იორდანეზე აღსრულებული სახარებისეული ნათლისღებისა, როდესაც განცხადდა კაცობრიობის წინაშე ერთარსი ღმერთის სამპიროვნულობა, ძველი აღთქმის მართალნი, ძალისამებრ, წინასწარ ჭვრეტდნენ ამ უდიდეს საიდუმლოს, მხოლოდ იმ განსხვავებით, რომ ძველაღთქმისეული შემეცნება სახეებითა და იგავებით ხდებოდა, ხოლო იორდანესეული თეოფანია ადამის მოდგმის წინაშე ყოველგვარი დაფარულობის გარეშე გაცხადებული  ჭეშმარიტებაა.

2. ძველ აღთქმაში განჭვრეტილი ძე ღმერთის საიდუმლო;

მამათა სწავლების გაანალიზების შედეგად ნაჩვენებია, რომ ქრისტეშობამდე აღსრულებულ ყველა თეოფანიაში ადამიანების წინაშე საკუთრივ ძე ღმერთი ცხადდებოდა;

3. სწავლება ძველ აღთქმაში განჭვრეტილი ძე ღმერთის სხეულებრივი გარეგნობის შესახებ;

შესაბამისი პატრისტიკული წყაროების შესწავლის საფუძველზე ნათქვამია, რომ ქრისტეშობამდელ გამოცხადებებში დანახული განკაცებადი ღმერთი (ყოვლადწმინდა სამების მეორე პირი - ძე) ადამიანის გარეგნობით წარმოუჩნდებოდა ძველი აღთქმის მართალთ, ხოლო ხსენებული ადამიანური გარეგნობა იესო ქრისტეს სახით, ხატებით, იერით შეიცნობოდა ქრისტეშობამდელ მოსაგრეთა მიერ. 

 

 

საეკლესიო ლინგვისტიკა

 

მაია რაფავა

საღვთო სახელთა გრამატიკული ართრონის შესახებ თეოდორე აბუკურას ერთ ტრაქტატში  

 

სტატიაში შესწავლილია და გამოქვეყნებულია თეოდორე აბუკურას, VIII საუკუნის ცნობილი თეოლოგის, ტრაქტატი, რომლის სახელწოდებაა „მოძღურებაჲ შემოკლებული საღმრთოთა სახელთათჳს საზოგადოთა სამებისათა და განთჳსებულთა თითოეულისა გუამისათა“. აღნიშნული ძეგლი სტატიის ავტორის მიერ გაანალიზებულია  წმ. იოანე ოქროპირის ერთ-ერთი ჰომილიის ("სიტყჳსა მისთჳს, ვითარმედ: „ქრისტე აღმოსავალი აღმოსავალთაჲ“ და ვითარმედ „აღვიდა“ და „შთავიდა“ და სულისათჳს წმიდისა, ვითარმედ „ყოვლისამპყრობელ არს“) ძველ ქართულ თარგმანზე  დართულ ვრცელ კომენტართან მიმართებით, რომელსაც ეწოდება „სიტყუაჲ ართრონთათჳს“. ამ კომენტარში მოცემულია ართრონის განმარტება, რაც საყურადღებოა ზოგადად ბერძნული ართრონის ფუნქციის ჩვენების თვალსაზრისით და საღვთისმეტყველო კუთხით, საღვთო ტერმინებთან ართრონის როლის მართლმადიდებლური და მწვალებლური შეფასებების საილუსტრაციოდ.

 

 

ანგელოლოგია

 

მირიან გუნია

დაცემული ანგელოზის „მთიებად“ სახელდების შესახებ 

 

აღნიშნულ სტატიაში ცხადყოფილია, რომ „ცისკრის ვარსკვლავი“, მისი სიკაშკაშისდა გამო, შესაძლოა მრავალი ალეგორიის ქვაკუთხედი იყოს, რადგანაც ეს გამონათქვამი, როგორც სიმბოლო სინათლისა და ბრწყინვალებისა, გამოგვისახავს მაცხოვარს, გულთა შინა აღმოცისკრებულ ჭეშმარიტ ნათელს, რადგანაც, წმინდა მამათა განჩინებით, ხილული სილამაზე უხილავი მშვენიერის სიმბოლოდ უნდა აღვიქვათ, რაც კვლავ მიმანიშნებელია იმის, რომ შურსა და ამპარტავნებას დამონებული, ეშმაკად წოდებული დაცემული ანგელოზი მარადიული ნეტარების წილმქონე იყო და მიუხედავად „ყოვლადბრწყინვალე“ ბუნებისა,  მის მიმართ გამოყენებული იგივეობრივი სახისმეტყველება - „მთიები“ ანუ „ცისკრის ვარსკვლავი“, ცხადია, არა თვალთ­შეუდგამი, დაუსაბამო ბუნებითი ნათლის შესახებ დაიტევს იდუმალმეტყველებას, არამედ პლანეტა ვენერას თვალითხილული და „გაუკუღმართებული“ ასტრონომიული თავისებურების სიმბოლოდ გამოყენებით გაუკეთურებულ გონისმიერ ძალთა მიერ ცათა შინა აღსრულებულ ამბოხზე, საკუთარი შემოქმედისადმი ნებელობით დაპირისპირებაზე მიგვანიშნებს და წმინდა წერილის შესაბამისი მუხლიც, მოძღვრების გამოთქმის სრული სისავსით, უკეთური გულისთქმის მქონე ანგელოზისადმი კუთვნილ რჯულდებას განაჩინებს: „როგორ ჩამოემხე ციდან, მთიებო, ძეო განთიადისა!“

 

 

საეკლესიო ფილოლოგია 

 

ლაშა ტყებუჩავა 

ევაგრე პონტოელის შრომა „ბოროტების რვა სულის შესახებ“ და მისი წმ. ექვთიმე ათონელისეული თარგმანი

 

წინამდებარე ნარკვევში განხილულია ევაგრე პონტოელის ნაშრომი De octo spiritibus malitiae და მისი ექვთიმე ათონელისეული თარგმანი. თხზულება ქართულ სასულიერო მწერლობაში წმ. მაქსიმე აღმსარებელს მიეწერება და წარმოჩენილია როგორც Talking Back on Passion-ის ტექსტის ნაწილი. დასახელებული ასკეტური ძეგლი (Talking Back on Passion) ბერძნული წყაროებით არ დასტურდება, იგი წარმოადგენს ევაგრე პონტოელის (IV ს) Antirrheticus-ისა და მისივე De octo spiritibus malitiae-გან  შემდგარ ასკეტურ სახელმძღვანელოს.  ქართულად ევაგრეს შრომათა ფრაგმენტები უძველესი წინაათონური თარგმანით (Sin. 35, 907 წ) არსებობს, მათ შორის – De octo spiritibus malitiae-ს პირველი ორი თავი (De gula and De luxuria). თავად თხზულების ბერძნული დედანი ვრცელი (B) და მოკლე (A) ვერსიებით არის ცნობილი. როგორც გაირკვა, რედაქციულად ორივე ქართული თარგმანი (წინაათონური და ექვთიმე ათონელისეული) ბერძნული ტექსტის ვრცელ (B) რედაქციას მისდევს. ამასთან, ექვთიმესეული თარგმანი განსაკუთრებულ სიახლოვეს ამჟღავნებს XI საუკუნის ათონურ ხელნაწერ Lavra Γ 93-თან.  

 

 

საეკლესიო ისტორია 

 

ედიშერ ჭელიძე 

წმ. მელქისედეკ კათოლიკოსპატრიარქის ანდერძისა და ე. წ. „მცხეთის აღაპის“ შესახებ  

 

სტატიაში გარკვეულია, რომ წმ. მექისედეკის ანდერძში საუბარია არა ქალაქ მცხეთისამი აღაპის დაწესებაზე, რაც სრული  გაუგებრობაა, არამედ მხოლოდ იმაზე, რომ მექისედეკმა მცხეთაში საგანგებო აღაპის დღე დაუდგინა თავის ძმებს.

 

ლიტურგიკა

 

დეკანოზი ბიძინა გუნია 

კომენტარები საპასექო თხზულების „საუკუნო კალენდრის“ ფრაგმენტებზე

 

სტატიაში განხილულია 1880 წელს დაბეჭდილი საპასექო გამოთვლების ამსახველი ბროშურა სათაურით "საუკუნო კალენდარი". ამ გამოცემის ყდაზე გამოსახულია მარჯვენა ხელის მტევანი (ხელისგულით წინ), რომელზეც ნეკა თითიდან ცერისკენ იკითხება წარწერა - "ჴელთა". ხელის მტევნის ქვემოთ მითითებულია, რომ აღნიშნული ბროშურა "შედგენილი და პირველად გამოცემულია ტფილისის კალოუბნის ეკლესიის მღვდლის გაბრიელ სოფრომაძისაგან", რასაც ერთვის ეპიგრაფი: "თუმცა მშრომელი მოკვდების, ნაშრომი ხსოვნად დაშთების". სტატიის ავტორის გამოკვლევით, აღნიშნული ნაშრომი მეცნიერული ღირებულების მქონეა და ორიგინალობის გამო მისი შესწავლა საყურადღებოა მასში, პასქალურ-კალენდარული მახასიათებლების დადგენისას, ორივე ხელის მტევნის თითის ფალანგებით ათვლის ხერხია მოცემული. სტატიაში, უპირველესად, "საუკუნო კალენდარის" ტექსტი დაყოფილია ფრაგმენტებად და დანომრილია, რათა გაადვილდეს სხავადასხვა პასქალურ-კალენდარულ მახასიათებლებს შორის აზრობრივი კავშირის წარმოჩენა. დეკანოზი ბიძინი გუნია აღნიშნავს, რომ ბროშურაში საპასექო გამოთვლათა ამსახველი ტექსტი ლოგიკურად შეუსაბამო თანმიმდევრობითაა წარმოდგენილი, რის გამოც დანომრილი ფრაგმენტები მის მიერ განსხვავებული რიგითობით არის განხილული, ხოლო მათი იდენტიფიკაციის მიზნით, ყოველ მათგანთან ფრჩხილებში მითითებულია თავდაპირველად განჩინებული ნომერი. პატივცემული დეკანოზი "საუკუნო კალენდარის" მონაცემებს აისბერგის წვერს ადარებს, რომლის უხილავ ნაწილში საპასექო გამოთვლათა თეორიული ასპექტები უნდა იყოს ნაგულისხმევი, რაც ნათლად წარმოუჩენდა მკითხველს წარმოდგენილ გამოთვლებსა და მის თეორიულ წანამძღვრებს შორის არსებულ ლოგიკურ კავშირს.  

 

ასკეტიკა

 

მღვდელი იოანე ბონდარენკო

იოანე სინელის „კლემაქსის“ გელათური თარგმანის მეოთხე თავი: „მორჩილებისათჳს“

 

წინამდებარე ნაშრომი მიზნად ისახავს სათაურში ხსენებული ძეგლის კრიტიკული ტექსტის გამოქვეყნებას შესაბამისი საღვთისმეტყველო-ტერმინლოგიური სქოლიოებით. ტექსტის განსაკუთრებული სირთულიდან გამომდინარე, რედაქციამ მიზანშეწონილად მიიჩნია პარალელური ბერძნული ორიგინალის მიწოდება დაინტერესებული მკითხველისთვის. ხსენებული ნაშრომი კარგად წარმოაჩენს, ერთი მხრივ, წმ. იოანე სინელის ასკეტური ღვთისმეტყველების განსაკუთრებულ ღირსებებს, მეორე მხრივ კი გელათური სკოლის ტერმინოლოგიური სტრუქტურის თავისებურებებს.   

 

ჰომილეტიკა

 

ლაშა ტყებუჩავა

„სტოდიერის“ წმ. გიორგი მთაწმინდელისეული თარგმანი

 

წმ. თეოდორე სტუდიელის ქადაგებათა კრებული ძველქართულ სასულიერო მწერლობაში სტოდიერის სახელით არის ცნობილი, რომელიც წმ. გიორგი მთაწმინდელმა თარგმნა და შეადგინა. წინამდებარე ნაშრომი ეძღვნება დასახელებული ძეგლის შედგენილობის გარკვევასა და მისი ბერძნული წყაროს დადგენას. როგორც გაირკვა, სტოდიერი შედგება ხუთი ნაწილისაგან: 1. წმ. თეოდორე სტუდიელის Testamentum (PG 99, col. 1813-1824); 2. Epigramma... (PG 99, col. 105-108); 3. Nauctatii Confessoris Encyclica… (PG 99, col. 1825-1850); 4. დიდი მარხვის სწავლანი სულიერნი; 5. ზატიკის პერიოდის სწავლანი. კრებულის მე-4 ნაწილი (სწავლანი სულიერნი) დიდი მარხვის პერიოდისთვის არის განკუთვნილი და უძველეს ხელნაწერებში 43, ხოლო ზოგიერთ გვიანდელ ნუსხაში 49 ქადაგებისაგან შედგება. ისინი აღებულია წმ. თეოდორეს სწავლათა ორი კრებულიდან, მცირე და დიდი კატეხიზმოდან (ή Μεγάλη Κατήχησις და ή Μικρα Κατήχησις). მცირე კატეხიზმოდან არის თარგმნილი ზატიკის პერიოდის სწავლანიც (სტოდიერის მე-5 ნაწილი), რომელიც აღნიშნული კრებულის საწყისი 15 ქადაგებისაგან შედგება. ნარკვევში მითითებულია თითოეული სწავლის ბერძნული წყარო.  

 

პატრისტიკული ეპისტოლოგრაფია

 

რატი სტურუა

წმ. მარკოზ მონაზონის ასკეტური ეპისტოლის ძველი ქართული თარგმანი

 

საეკლესიო ასკეტიკაში წმ. მარკოზ მონაზონის ნაშრომები განსაკუთრებულ ადგილს იკავებს. ამ ნაშრომთა შორის სრულიად გამორჩეულია ეპისტოლე ნიკოლაოსისადმი, რომლის ძველი ქართული თარგმანის კრიტიკული ტექსტი პირველად ქვეყნდება შესაბამისი ტექსტოლოგიურ-ტერმინოლოგიური მითითებებითა და მცირე შესავლით. ეჭვი არაა, რომ აღნიშნული პუბლიკაცია დიდად მნიშვნელოვანი აღმოჩნდება სულიერ სწავლებათა მეძიებელი მკითხველისთვის, რაც, თავის მხრივ, წინაპირობა იქნება იმისა, რომ მაღალ მეცნიერულ დონეზე მომზადდეს და გამოიცეს წმ. მარკოზის სხვა შრომების ძველი ქართული თარგმანებიც, რომლებიც არსებითად წმ. ეფრემ მცირის სახელს უკავშირდება.   

 

საეკლესიო პოლემიკა 

 

ედიშერ ჭელიძე 

აქვს თუ არა მამა-ღმერთს არსებობა თავისი თავისგან?  (წმ. იოანე დამასკელის ერთი საღვთისმეტყველო გამონათქვამის შესახებ)

 

სტატიაში განხილულია მეტად პრობლემური საკითხი, დაკავშირებული წმ. იოანე დამასკელის ერთ გამონათქვამთან მამა-ღმერთის შესახებ. აღნიშნული გამონათქვამი ბერძნულ ნუსხებში ორი ვარიანტითაა დაცული, რომელთაგან ერთში ნაუწყებია ის, რომ "მამას თავისი თავისგან აქვს არსებობა", ხოლო მეორეში - ის, რომ "მამას არც თავისი თავისგან არ აქვს არსებობა". სტატიაში დასაბუთებულია, რომ დამასკელისეული უნდა იყოს სწორედ პირველი ვარიანტი.

11.11.2020
ბეჭდვა