სტუმრობა ქალაქ მცხეთის სკოლებში

 
20 დეკემბერს, პარასკევს, თბილისის სასულიერო აკადემიისა და სემინარიის წარმომადგენლობა (კანონიკური სამართლის კათედრის ხელმძღვანელის თანაშემწე, დეკანოზი იაკობ ჩიჩილიძე, რექტორის თანაშემწე საფინანსო და პერსპექტიული განვითარების საკითხებში, ბატონი ნუგზარ სამხარაძე, საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსის მოადგილე, ბატონი ცოტნე ჩხეიძე) სტუმრობდა მცხეთის N2 საჯარო სკოლასა და წმინდა ათორმეტ მოციქულთა სახელობის გიმნაზიას. მოსწავლეებთან შეხვედრისას თსას-ის წარმომადგენლებმა ყურადღება გაამახვილეს საღვთისმეტყველო ცოდნის მნიშვნელობაზე, სასწავლებლის დანიშნულებაზე, რწმენისა და ცოდნის სინთეზის სიკეთეზე, ასევე -მაღალპროფესიულ და თბილ გარემოზე, რომელიც სტუდენტის სულიერ და ინტელექტუალურ განვითარებას უწყობს ხელს. სკოლის მოსწავლეებს (IX, X, XI და XII კლასები) ასევე გააცნეს სასწავლებლის მისია, ისტორია, საბაკალავრო პროგრამები და სტუდენტური ცხოვრება. პრეზენტაციამ დიდი ინტერესი გამოიწვია. მისი დასრულების შემდეგ სკოლებს გადაეცათ თბილისის სასულიერო აკადემიისა და სემინარიის 30 წლის იუბილესთან დაკავშირებით გამოცემული წიგნი.
 
20.12.2019
ბეჭდვა