თსას-ის წარმომადგენლების სტუმრობა წმ. ექვთიმე და წმ. გიორგი მთაწმინდელების სახელობის მართლმადიდებელ ქრისტიანთა სკოლაში

 
ორშაბათს, 16 დეკემბერს, თბილისის სასულიერო აკადემიისა და სემინარიის წარმომადგენლები: დაზგური და მონუმენტური ხატწერის რესტავრაციის მიმართულების ხელმძღვანელი, პროფესორი, ბატონი მერაბ ბუჩუკური, ქრისტიანული ხელოვნებათმცოდნეობის ფაკულტეტის დეკანი, ქალბატონი თეა ბეჟუაშვილი, ქრისტიანული ფსიქოლოგიის ფაკულტეტის დეკანის თანაშემწე, ქალბატონი ნათია ფრუიძე და საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსის მოადგილე, თეოლოგიის დოქტორი, ბატონი ცოტნე ჩხეიძე ეწვივნენ თბილისის წმ. გიორგი და წმ. ექვთიმე მთაწმინდელების სახ. მართლმადიდებელ ქრისტიანთა სკოლას. 

ბატონმა ცოტნე ჩხეიძემ სკოლის X, XI და XII კლასის მოსწავლეებს გააცნო თსას-ის მისია და ისტორია, ქალბატონმა თეა ბეჟუაშვილმა ისაუბრა ქრისტიანული ხელოვნებათმცოდნეობის ფაკულტეტზე, ქალბატონმა ნათია ფრუიძემ - ქრისტიანული ფსიქოლოგიის საბაკალავრო პროგრამაზე, ხოლო ბატონმა მერაბ ბუჩუკურმა - საეკლესიო არქიტექტურის, ხატწერის, დაზგური და მონუმენტური ხატწერის რესტავრაციის ფაკულტეტზე. ქალბატონმა თეა ბეჟუაშვილმა ყურადღება გაამახვილა ფაკულტეტის უნიკალურობაზე, სადაც სტუდენტები პროფესიულ საგნებთან ერთად ღვთისმეტყველებასაც ეუფლებიან, რაც უმნშვნელოვანესია ქრისტიანული ხელოვნებათმცოდნეობის შესწავლისათვის. ქალბატონმა ნათია ფრუიძემ აღნიშნა, რომ დღეს დიდი მოთხოვნაა კარგ ფსიქოლოგებზე. მისი თქმით, თეოლოგიის ცოდნა მომავალ ფსიქოლოგს თვალსაწიერს უფართოებს, რაც მას სამომავლოდ ადამიანის წინაშე მდგარი პრობლემების დაძლევაში ეხმარება. ბატონმა მერაბ ბუჩუკურმა აღნიშნა, რომ ღვთისმეტყველება საეკლესიო არქიტექტურის, ხატწერის, დაზგური და მონუმენტური ხატწერის რესტავრაციის ფაკულტეტზეც ისწავლება, რაც სტუდენტებს უყალიბებს პროფესიისადმი ჯანსაღ დამოკიდებულებას და სამომავლო საქმიანობის სწორად წარმართვაში ეხმარება. ბატონმა მერაბ ბუჩუკურმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ დაზგური და მონუმენტური ხატწერის რესტავრაციის  სტუდენტებმა მაღალკვალიფიციური პროფესორ-მასწავლებლების ხელმძღვანელობით ჩაატარეს არაერთი უმნიშვნელოვანესი სამუშაო (წალენჯიხაში მაცხოვრის ფერისცვალების ტაძარში წმინდა ნინოს XIV საუკუნის უნიკალური ფრესკის აღმოჩენა, თბილისის სიონის საკათედრო ტაძრისა და თბილისის ქაშუეთის ტაძრის ფრესკების აღდგენა და სხვ.).
 
16.12.2019
ბეჭდვა