შეხვედრა ლინცის უნივერსიტეტის წარმომადგენლებთან

 
2019 წლის 2 დეკემბერს თბილისის სასულიერო აკადემიასა და სემინარიას სტუმრობდნენ ავსტრიის ქალაქ ლინცის უნივერსიტეტის წარმომადგენლები: საერთაშორისო ურთიერთობებისა და პროექტების უზრუნველყოფის სამსახურის უფროსი, ქალბატონი ანგელინა კრათშანოვა და ასისტენ-პროფესორი, ბატონი ფლორიან ვეგშაიდერი (ლიტურგიკის კათედრა).

აღნიშნული შეხვედრის მიზანი იყო Erasmus+ პროგრამის ფარგლებში მხარეებს შორის კავშირის დამყარება. ლინცის უნივერსიტეტი სხვადასხვა ქვეყნის ქრისტიანული ტრადიციის შესწავლით არის დაინტერესებული. მათმა წარმომადგენლებმა გამოთქვეს სრული მზაობა აღნიშნული ურთიერთობების ჩამოყალიბებისთვის. ქალბატონმა  ანგელინა კრათშანოვამ თსას-ის წარმომადგენლებს გააცნო პროექტი, რომელიც უცხოელი სტუდენტების სწავლებას ითვალისწინებს, ბატონმა ფლორიან ვეგშაიდერმა კი აღნიშნა, რომ ლინცის უნივერსიტეტის ლიტურგიკის კათედრა დაინტერესებულია აღმოსავლეთის მართლმადიდებელი ეკლესიის ლიტურგიკული ტრადიციის შესწავლით.

თსას-ის წარმომადგენლებმა, ასევე, გამოთქვეს მზაობა მხარეთა შორის სამეცნიერო კავშირის დამყარებისთვის. ქართულმა მხარემ სტუმრებს უნივერსიტეტთან დაკავშირებული  არაერთი შეკითხვა დაუსვა და გამოთქვა სურვილი, რომ გაეცნონ ლინცის უნივერსიტეტში არსებულ თეოლოგიის სწავლების მეთოდებსა და საგანმანათლებლო პროგრამებს.

თბილისის სასულიერო აკადემიისა და სემინარიის მხრიდან შეხვედრაში მონაწილეობდნენ თეოლოგიისა და ფილოლოგიის დოქტორი, პროფესორი, დეკანოზი ბიძინა გუნია (ლიტურგიკის კათედრა), თბილისის სასულიერო სემინარიის დეკანი, დეკანოზი თეიმურაზ მჟავანაძე, საეკლესიო სამართლის კათედრის გამგე, დეკანოზი ლონგინოზ სუარიშვილი, დოქტორანტურის ხელმძღვანელი, ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი ელდარ ბუბულაშვილი, მონუმენტური ხატწერის რესტავრაციის მიმართულების ხელმძღვანელი, პროფესორი მერაბ ბუჩუკური, რექტორის თანაშემწე ხარისხის უზრუნველყოფის სისტემისა და ინსტიტუციური განვითარების დარგში, ქალბატონი თამარ სანიკიძე, რექტორის თანაშემწე საზღვარგარეთის მართლმადიდებელ სასწავლებლებთან ურთიერთობის საკითხებში, ქალბატონი ლალი ხუჭუა და საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსის მოადგილე, თეოლოგიის დოქტორი, ბატონი ცოტნე ჩხეიძე.

 
02.12.2019
ბეჭდვა