ბატონი სერგი მეგენეიშვილის მოხსენება

 
2019 წლის 28 ნოემბერს თსას-ში თბილისის სასულიერო აკადემიის II კურსის სტუდენტმა, სერგი მეგენეიშვილმა, წაიკითხა მოხსენება თემაზე: „მონოფიზიტობის სხვადასხვა მიმდინარეობად დაშლა“ (სამეცნიერო ხელმძღვანელი: დეკანოზი მაქსიმე ჭანტურია, თეოლოგიის დოქტორი, პროფესორი). მან აღნიშნა, რომ V-VI  საუკუნეების ქრისტოლოგიური დავების ძირითადი თემა ქრისტეს ღვთაებრივი და ადამიანური ბუნების ურთიერთდამტევნელობის საკითხი იყო, კერძოდ, თუ როგორ შეიერთა სამების მეორე ჰიპოსტასმა ადამიანური ბუნება. იმ რადიკალისტმა ქრისტიანებმა, რომელთაც არ ესმოდათ წმინდა კირილე ალექსანდრიელის სწავლების არსი ქრისტეს ორი ბუნების შესახებ, სათავე დაუდეს მონოფიზიტობის ერესს. აღნიშნული მწვალებლობის მიმდევრები თავიანთი სწავლების დასაცავად შეუპოვრად იბრძოდნენ. მონოფიზიტები გადაჭრით უარყოფდნენ ქალკედონის კრებას. ბატონმა სერგი მეგენეიშვილმა აღნიშნა, რომ მონოფიზიტობის ისტორია მცირე ფრაქციებად დაყოფის პროცესს წარმოადგენს. ორი ასეული წლის განმავლობაში მონოფიზიტობა 12-13 სხვადასხვა სექტად დაიყო, რაც, მომხსენებლის თქმით, ნაწილობრივ დოგმატური, ნაწილობრივ კი კანონიკური საკითხების გამო მოხდა. ბატონი სერგი მეგენეიშვილის მოხსენება სწორედ ამ ისტორიის მრავალმხრივი ასპექტით განხილვას წარმოადგენს. მომხსენებლის თქმით, მონოფიზიტობამ დასაყრდენი ნაციონალურ დავაში ჰპოვა და რამდენიმე ქვეყანა (ეთიოპია, სომხეთი და ა. შ.) მოიცვა, შემრიგებლური პოზოციის გამონახვის ყველა მცდელობა კი უშედეგო აღმოჩნდა.
28.11.2019
ბეჭდვა