სამაგისტრო ნაშრომის დაცვა



    დღეს 23 სექტემბერს თბილისის სასულიერო აკადემიასა და სემინარიაში შედგა სულხან ზარანდიას სამაგისტრო ნაშრომის: „წმინდა ბასილი დიდის ასკეტურ-ჰომილეტიკური თხზულებისგან გამოკრებილი ერთი ქართული თარგმანი“ დაცვა. 
      სულხან ზარანდიას სადიპლომო ნაშრომი  ეხება ასკეტიკის ჟანრის ქართულად ნათარგმნ ძეგლს. თხზულება „სწავლათაგან წმიდისა ბასილისათა რჩევით გამოკრებულნი. თქუა წმიდამან ბასილი: კაცთმოყუარე ღმერთი ჩუჱნი, რომელი-იგი ასწავებს კაცთა მეცნიერებასა გულისჴმის-ყოფისასა...” ბასილი კესარიელს ეკუთვნის. მისი   უძველესი ქართული თარგმანი დაცულია ორი ხელნაწერით (A 116 და A 57). ეს ხელნაწერები ასკეტურ-ჰომილეტიკურ თხზულებათა კრებულებია. მართალია აღნიშნული ხელნაწერები ნაკვლევია სხვადასხვა ასპექტით, მაგრამ გარკვეული საკითხები  კვლევისთვის მაინც საყურადღებოა. სადიპლომო თემად შერჩეული ნაშრომი არის გამოკრებილი სწავლებები. 
სადიპლომო ნაშრომის ღირსებაა ის, რომ  სულხან ზარანდიამ გამოავლინა წმინდა ბასილის ის ბერძნული ტექსტი, საიდანაც ქართველმა მთარგმნელმა გამოკრიბა თავისი თარგმანი. ეს არის „პროლოგი 34“.

alt
    შემდეგი საკითხი ქართველი მთარგმნელის ვინაობის დადგენა იყო. ქართული მთარგმნელობითი ტრადიციების გათვალისწინებით, კერძოდ, ათონის საღვთისმეტყველო-ლიტერატურულ სკოლაში შემუშავებულ მეთოდოლოგიაზე დაყრდნობით, რაც სხვადასხვა ტექსტის გამოკრებასა და კომპილაციაში მდგომარეობდა, დიპლომანტმა სრულიად დამაჯერებლად აჩვენა, რომ თარგმანი ათონურ  სამწიგნობრო კერაშია შექმნილი და ეკუთვნის წმინდა ექვთიმე მთაწმიდელს.
      ნაშრომის ერთ-ერთი თავი წმინდა ექვთიმე ათონელის ზემოაღნიშნულ კომპილაციაში არსებულ საღვთისმეტყველო სწავლებების ანალიზს ეთმობა. 
      ს. ზარანდიას სამეცნიერო ხელმძღვანელის, ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორის, მაია რაფავას შეფასების თანახმად, სადიპლომო ნაშრომი ავლენს მისი ავტორის დიდ პასუხისმგებლობას, შრომისმოყვარეობას და რაც მთავარია, მეცნიერული კვლევა-ძიების უნარს.  მაია რაფავას აზრით, მისი სახით სასულიერო აკადემიას მომავალში სერიოზული მეცნიერი ეყოლება. სადიპლომო ნამუშევრის რეცენზენტის, თეოლოგიის დოქტორის ირაკლი ორჟონიას თანახმად, სადიპლომო ნაშრომი საღვთისმეტყველო კუთხით  ხარვეზს არ შეიცავს.
ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორმა გვანცა კოპლატაძემ სულხან ზარანდიას ორი შეკითხვა დაუსვა: 1. რა მოწმობანია მოხმობილი ნაშრომში იმის დასამტკიცებლად, რომ წმინდა ექვთიმე ათონელი კომპილაციის შედგენისას წმინდა ბასილი დიდის შრომიდან ხელმძღვანელობდა; 2. არის თუ არა შედარებული დიპლომანტის საკვლევ ნაშრომში გამოყენებული ბიბლიური ციტატები წმინდა წერილის სხვა რედაქციებთან?
    ს. ზარანდიამ ორივე კითხვას დამაჯერებლად უპასუხა. მან თქვა, რომ აღნიშნულ საკითხებს ნაშრომში ცალკე თავები ეძღვნება. სადიპლომო ნაშრომში გულდასმითაა შედარებული წმინდა ექვთიმე ათონელის კომპილაცია წმინდა ბასილი დიდის ზემოხსენებულ თხზულებასთან, ხოლო წმინდა წერილის პარალელური იკითხვისები არაერთი რედაქციიდანაა მოხმობილი. 
    ნაშრომმა მაღალი შეფასება დაიმსახურა და სულხან ზარანდიას თეოლოგიის მაგისტრის ხარისხი მიენიჭა.

23.09.2019
ბეჭდვა