პროფესორ-მასწავლებელთა სამეცნიერო კონფერენცია პლენარული სხდომა

2019 წლის 13 მაისს, ორშაბათს, თბილისის სასულიერო აკადემიასა და სემინარიაში გაიმართა პროფესორ-მასწავლებელთა სამეცნიერო კონფერენცია, პლენარული სხდომა. კონფერენციის მონაწილეებს მისასალმებელი სიტყვით მიმართა სასწავლებლის რექტორმა, თეოლოგიისა და ფილოლოგიის დოქტორმა, პროფესორმა, პროტოპრესვიტერმა გიორგი ზვიადაძემ. რექტორმა, პროტოპრესვიტერმა ისაუბრა კონფერენციის მნიშვნელობაზე, რაც სასულიერო აკადემიის სამეცნიერო პოტენციალის გამოხატულებაა და მონაწილეებს წარმატებული მუშაობა უსურვა.
 
წარმოდგენილი მოხსენებები შეეხებოდა თეოლოგიის, ეკლესიის ისტორიის, ფილოლოგიის, არქიტექტურის პრობლემურ საკითხებს.
 
თეოლოგიისა და ფილოლოგიის დოქტორმა, პროფესორმა, დეკანოზმა ბიძინა გუნიამ მიმოიხილა შესაქმის დღეთა და ვნების შვიდეულის ურთიერთმიმართებანი ლიტურგიკული ღვთისმეტყველების ჭრილში; ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორმა მაია რაფავამ წარმოადგინა მოხსენება არსენ იყალთოელის „დოგმატიკონის“ რედაქციების შესახებ; ისტორიისა და თეოლოგიის მეცნიერებათა დოქტორის, პროფესორ სერგო ვარდოსანიძის მოხსენება შეეხებოდა XX ს-ში შიომღვიმის მონასტრისათვის ბრძოლას; ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორმა, პროფესორმა ლელა ხაჩიძემ ისაუბრა „საკითხავი დაუჯდომელთაჲსა“ და მისი ქართული თარგმანის შესახებ; არქიტექტურის დოქტორის, პროფესორ მედეა მელქიძის მოხსენების თემა იყო: „კედელი, როგორც ფასადი“.
 
პლენარულმა სხდომამ წარმატებულად ჩაიარა. 2019 წლის 14 მაისს, სამშაბათს, გაგრძელდება სექციური მუშაობა.
13.05.2019
ბეჭდვა