საეკლესიო წელიწადი, რომელიც ძველი სტილით 1 სექტემბერს იწყება
და 31 აგვისტოს ღვთისმსახურებით სრულდება, სიმბოლურად განასახიერებს
დროის იმ ინტერვალს, რომელიც ქვეყნიერების შექმნიდან მეორედ მოსვლამდე
გრძელდება. სახარებისეული სწავლებით, ეს არის დღე, როდესაც მაცხოვარი
შევიდა სინაგოგაში და შეკრებილ საზოგადოებას ესაია წინასწარმეტყველის
წიგნიდან კაცობრიობის გამოხსნასთან დაკავშირებული უწყება
წაუკითხა.
XIV საუკუნეში მოღვაწე წმინდა გრიგოლ პალამას სწავლების
მიხედვით, „შემოდგომა და მისი პირველი თვე - სექტემბერი - წლის
დასაწყისია და, იმავდროულად, არის დასაწყისი ჩვენი ცხონებისა, საღმრთო
აღმშენებლობის გზისა“.
ღვთისმსახურების დასრულების შემდეგ სრულიად საქართველოს
კათოლიკოს-პატრიარქმა შიო III-მ თბილისის სასულიერო აკადემიისა და
სემინარიის პროფესორ-მასწავლებლებსა და სტუდენტებს, მორწმუნე
საზოგადოებას ახალი საეკლესიო და სასწავლო წლის დაწყება
მიულოცა.
სწავლა მძიმე შრომაა, მოითხოვს დიდ ძალისხმევასა და ნებისყოფას,
ამიტომაც ხშირად უნდა ვევედროთ უფალს, გაგვინათოს გონება
და მოგვცეს სიბრძნე, - მიმართა პატრიარქმა შეკრებილთ... წმინდა
წერილის მიხედვით, კაცთათვის უპირველესი სიბრძნე თვით სიბრძნის
მოხვეჭაა, იგი აღემატება ყოველგვარ ოქროსა და ვერცხლს... სწავლისა და
შემეცნების გზაზე მხოლოდ გონებისა და მეხსიერების განვითარება არ არის
მთავარი, მთავარია გულის სიწმინდე, ეს არის სულიერი განვითარება, ეს
არის სიბრძნე... უგულებელყოფა სულიერი განათლებისა საზიანოა...
მნიშვნელოვანი ცოდნა და ნამდვილი განათლება კი ქრისტეს ნათლით
განათებაა,- ბრძანა კათოლიკოს-პატრიარქმა შიო III-მ.
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ყურადღება გაამახვილა
აწ განსვენებული პატრიარქის, ილია II-ის განუზომელ ღვაწლზე.
მწუხარებით აღნიშნა, რომ ეს პირველი საეკლესიო და სასწავლო წლის
დასაწყისია უწმინდესისა და უნეტარესის, სრულიად საქართველოს
კათოლიკოს-პატრიარქის, ილია II-ის გარეშე. პატრიარქი ყოველთვის
გვიქადაგებდა სულიერი განათლების, გულის სიწმინდის, სიბრძნის
უპირატესობას, - ბრძანა მან.
აღნიშნულ მსახურებას ესწრებოდნენ უპირველესი საღვთისმეტყველო
სკოლის, თბილისის სასულიერო აკადემიისა და სემინარიის
პროფესორ-მასწავლებლები, სტუდენტები და მორწმუნე
საზოგადოება.
ტაძარში გალობდა სემინარიის სტუდენტთა გუნდი, რომლის
ხელმძღვანელია თეოლოგიის მაგისტრი, მუსიკოლოგი ლაშა ზაალიშვილი.




