საბაკალავრო ნაშრომის დაცვა

25 ივნისს გაიმართა საეკლესიო არქიტექტურის (ხუროთმოძღვრების), ხატწერის, დაზგური და მონუმენტური ხატწერის რესტავრაციის ფაკულტეტის საეკლესიო არქიტექტურის პროგრამის სტუდენტთა საბაკალავრო ნაშრომების დაცვა. გიგა ალავერდაშვილმა, იოანე ბარდაველიძემ და ლუკა კვიციანმა შემფასებელ კომისიას წარუდგინეს ერთობლივი საბაკალავრო ნაშრომი — პროექტი, რომელიც მოიცავდა, როგორც საეკლესიო, ასევე, საერო ნაწილს. ნაშრომის საეკლესიო ნაწილში წარმოდგენილი იყო „სამონასტრო კომპლექსი ტყიბულის წყალსაცავის მიმდებარედ ზემო სიმონეთის უნაგირას მთაზე,“ ხოლო საერო ნაწილში — „მზრუნველობამოკლებულ ბავშვთა და მოხუცებულთა ურთიერთობის ჰარმონიზაციის სამყარო.“ ნაშრომის საეკლესიო ნაწილის ხელმძღვანელი იყო არქიტექტურის მაგისტრი ნანა აბრამია, ხოლო საერო ნაწილისა — არქტიტექტურის დოქტორი მედეა მელქაძე.
 
საბაკალავრო ნაშრომების შემფასებელი კომისიის წევრები ივნენ: ფაკულტეტის დეკანი, ხატწერის მიმართულების ხელმძღვანელი, დეკანოზი იოსებ ვანიძე, საეკლესიო არქიტექტურის (ხუროთმოძღვრების) მიმართულების ხელმძღვანელი, დეკანოზი ბესარიონ მენაბდე, არქტიტექტურის დოქტორი მედეა მელქაძე, არქიტექტურის მაგისტრი ნანა აბრამია, გეოლოგიის დოქტორი მურად ტყემალაძე, ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი გვანცა კოპლატაძე და არქიტექტურის დოქტორი ნიკოლოზ აბაშიძე.
 
ნაშრომების დაცვას ესწრებოდნენ: საქართველოს საპატრიარქოს ხუროთმოძღვრებისა და ხელოვნების ცენტრის თავმჯდომარე, აბბა ალავერდელი მიტროპოლიტი, მაღალყოვლადუსამღვდელოესი დავითი (მახარაძე), თბილისის სასულიერო აკადემიისა და სემინარიის რექტორი, ფილოლოგიის, თეოლოგიისა და პოლიტიკის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი, პროტოპრესვიტერი გიორგი ზვიადაძე, პრორექტორი სამეცნიერო დარგში, თეოლოგიის დოქტორი რატი სტურუა, პრორექტორი სასწავლო და ადმინისტრაციულ დარგში, ისტორიის დოქტორი, დეკანოზი ბესარიონ ცინცაძე, ხატწერის, დაზგური და მონუმენტური ხატწერის რესტავრაციის კათედრის ხელმძღვანელი მერაბ ბუჩუკური და ფაკულტეტის პროფესორ-მასწავლებლები.
 
სტუდენტებმა საბაკალავრო ნაშრომის საეკლესიო ნაწილში წარმოადგინეს ცალ-ცალკე ნამუშევრები, ხოლო საერო ნაწილში — ერთობლივი ნამუშევარი.
 
საეკლესიო ნაწილში თითოეულ დიპლომანტს წარმოდგენილი ჰქონდა სამონასტრო კომპლექსის პროექტი ზემო სიმონეთის უნაგირას მთაზე. პროექტი მოიცავდა ჯვარ-გუმბათოვან ტაძარს, საცხოვრებელ სენაკებს, სატრაპეზოს, სამეურნეო ნაგებობებს, ასევე, რეკრეაციულ სივრცესა და სასოფლო-სამეურნეო კულტურების განლაგების ზონას.
 
გიგა ალავერდაშვილმა წარმოადგინა წმ. გიორგის სახელობის ჯვარ-გუმბათოვანი ტაძრის პროექტი, იოანე ბარდაველიძემ — წმ. იოანე ღვთისმეტყველის სახელობის ტაძრისა, ხოლო ლუკა კვიციანის პროექტი სამონასტრო კომპლექსში ითვალისწინებდა წმ. ნიკოლოზის სახელობის ტაძრის მშენებლობას.
 
საერო ნაწილში წარმოდგენილი პროექტი მიზნად ისახავს მზრუნველობამოკლებულ ბავშვთა და მოხუცებულთა ყოფის შემსუბუქებას. პროექტი შექმნილია ქუთაისის ტერიტორიაზე მდებარე კონკრეტული ადგილისათვის, სადაც იგეგმება ჰარმონიზაციის სამყაროს მშენებლობა. ეს იქნება სივრცე, სადაც მოხუცებს ექნებათ საშუალება, მომავალ თაობას გადასცენ თავიანთი ცოდნა და გამოცდილება. ეს, რა თქმა უნდა, უდიდესი მოტივაცია იქნება ხანდაზმულთათვის, ხოლო ბავშვები ამ გზით მიიღებენ არა მხოლოდ ცოდნას, არამედ დედაშვილურ სითბოსა და მზრუნველობას.
 
როგორც სადიპლომო ნამუშევრის ხელმძღვანელმა, ქალბატონმა მედეა მელქაძემ აღნიშნა, საეკლესიო არქიტექტურის (ხუროთმოძღვრების), ხატწერის, დაზგური და მონუმენტური ხატწერის რესტავრაციის ფაკულტეტის საეკლესიო არქიტექტურის პროგრამა ერთადერთია საქართველოში, სადაც ერთდროულად ისწავლება საეკლესიო და საერო არქიტექტურა. ეს კი სტუდენტებს ცოდნის გაღრმავებისა და შემდგომი საქმიანობის კიდევ უფრო დიდ შესაძლებლობას აძლევს.
 
საბაკალავრო ნაშრომის რეცენზენტმა, არქიტექტურის დოქტორმა ნიკოლოზ აბაშიძემ საგულისხმო შენიშვნები მისცა პროექტების ავტორებს, თუმცა, იმავდროულად, საგანგებოდ აღნიშნა სტუდენტების მიერ გაწეული შრომის მასშტაბი.
 
წარმოდგენილი პროექტები შესახებ აზრი გამოთქვა საქართველოს საპატრიარქოს ხუროთმოძღვრებისა და ხელოვნების ცენტრის თავმჯდომარემ, მაღალყოვლადუსამღვდელოესმა, აბბა ალავერდელმა მიტროპოლიტმა დავითმა. მან, ასევე, მოიწონა სტუდენტთა ნამუშევრები და მომავალ არქიტექტორებს შესაბამისი მიმართულებით თავისი გამოცდილებაც უშურველად გაუზიარა.
 
ფაკულტეტის პროფესორ-მასწავლებლებსა და სტუდენტებს გულითადი მადლობა გადაუხადა სასწავლებლის რექტორმა, პროტოპრესვიტერმა გიორგი ზვიადაძემ, დალოცა ისინი და კვლავაც ყოველმხრივი თანადგომა აღუთქვა.
 
კომისიამ სადიპლომო ნაშრომი დადებითად შეაფასა და გიგა ალავერდაშვილს, იოანე ბარდაველიძესა და ლუკა კვიციანს მიენიჭათ არქიტექტურის ბაკალავრის აკადემიური ხარისხი.
26.06.2026
ბეჭდვა