მგალობელთა გუნდის საანგარიშო კონცერტი

12 ივნისს თბილისის სასულიერო აკადემიასა და სემინარიაში გაიმართა აკადემიის მგალობელთა გუნდის საანგარიშო კონცერტი.
 
გუნდის წევრები არიან: ივერი სვანიძე, ლაშა ბზუკაშვილი, დემეტრე ჯაჯანიძე, თევდორე გოგოლაძე, გიორგი ზოიძე, ლექსო ბრეგვაძე და თორნიკე კოღუა. გუნდის ხელმძღვანელია ლექსო გრემელაშვილი.
 
კონცერტზე შესრულდა ქართლ-კახური საეკლესიო საგალობლები, ასევე, გელათის სკოლისა და შემოქმედის სკოლის საგალობლები.
 
კონცერტზე მოწვეულნი იყვნენ სასულიერო აკადემიის კურსდამთავრებულები, წალკის სოფ. სამების ჯვრის მამათა მონასტრის მონაზვნები — გიორგი ასკურავა და ექვთიმე კრუპიცკი, ასევე, სამუსიკო ხელოვნების მაგისტრი მუსიკოლოგიაში გიორგი აბრამიშვილი და მგალობელი ბექა დადვანი. სტუმრებმა ორი საგალობელი შეასრულეს.
 
აკადემიის მგალობელთა გუნდის წევრები და მოწვეული სტუმრები დალოცა აკადემიისა და სემინარიის რექტორმა, ფილოლოგიის, თეოლოგიისა და პოლიტიკის მეცნიერებათა დოქტორმა, პროფესორმა, პროტოპრესვიტერმა გიორგი ზვიადაძემ და მადლობა გადაუხადა  მათ გაწეული შრომისათვის.
 
მგალობლებს სიტყვით მიმართეს და მადლობა გადაუხადეს სასულიერო აკადემიისა და სემინარიის პრორექტორმა სასწავლო და ადმინისტრაციულ დარგში, დეკანოზმა ბესარიონ ცინცაძემ და ლიტურგიკისა და სამოძღვრო ღვთისმეტყველების კათედრის ხელმძღვანელმა, თეოლოგიის დოქტორმა, არქიდიაკონმა დემეტრემ (დავითაშვილი).
 
სასულიერო აკადემიის მგალობელთა გუნდის საანგარიშო კონცერტები ყოველი სასწავლო წლის დასასრულს იმართება.
12.06.2026
ბეჭდვა