ექსკურსია რაჭაში

ამა წლის 26 მაისს თბილისის სასულიერო სემინარის სტუდენტები სემინარიის დეკან -  მღვდელ გიორგი ვაშალომიძესთან და ახალი აღთქმის პედაგოგ - რევაზ მუჯირიშვილთან ერთად რაჭაში იმყოფებოდნენ.  მათ მოილოცეს ნიკორწმინდისა და ბარაკონის ტაძრები.  ნიკორწმინდის ტაძარში მღვდელმა გიორგი ვაშალომიძემ და სემინარიის სტუდენტებმა, მათ შორის მღვდელმონაზონმა აბელ ბოგვრაძემ, მღვდელმა გიორგი მხატვრიშვილმა, დიაკონმა დიმიტრი ჯაფარიძემ, პარაკლისი და პანაშვიდი აღავლინეს საქართველოს 
დამოუკიდებლობისთვის შეწირულთა სულების მოსახსენებლად (როგორც ვიცით, ამ დღეს საქართველოს დამოუკიდებლობის დღე აღინიშნება).  
 
თბილისის სასულიერო სემინარიის წარმომადგენლებს ამბროლაურში უმასპინძლა ღვინის კომპანია ,,გონაძეების მეღვინეობამ”,  კერძოდ - ამ კომპანიის დირექტორმა, ბატონმა სულხან გონაძემ.  სტუმრებმა დააგემოვნეს ადგილობრივი ვაზის ჯიშის ღვინო - ხვანჭკარა. იქვე, ერთ-ერთ დარბაზში, გაიმართა მცირე კონფერენცია სასწავლებლის პედაგოგებისა და სტუდენტების მონაწილეობით. ღონისძიება ექვთიმე ათონელის ხსენების დღეს დაემთხვა, ამიტომაც კონფერენციაზე საგანგებო ყურადღება გამახვილდა ამ დიდ ქართველ მოღვაწეზე. მოხსენებებით წარდგენენ: თბილისის სასულიერო სემინარიის პედაგოგი, რევაზ მუჯირიშვილი („წმ. ეფთვიმე ათონელის მთარგმნელობითი მეთოდოლოგია - ე.წ. კლებისა და მატების გააზრება“), მღვდელი გიორგი ვაშალომიძე (,,ნიკორწმინდის ტაძრის შესახებ“), სემინარიის პირველი კურსის სტუდენტი ნიკოლოზ ჭუმბურიძე („ექვთიმე ათონელის მთარგმნელობითი ღვაწლის მნიშვნელობა ქართული საეკლესიო სამართლის ისტორიაში“), მეორე კურსის სტუდენტი დავით ხელაძე („ბარაკონი“).  ეპარქიაში სტუმრობა ამბროლაურის ტაძრის მოლოცვით დასრულდა, სადაც მათ უმასპინძლა ამბროლაურის ივერიის ღვთისმშობლის სახელობის ტაძრის წინამძღვარმა, დეკანოზმა ელიზბარ სოფრომაძემ. 
 
თბილის სასულიერო სემინარია მადლობას უხდის ეპარქიის მღვდელმთავარს, ნიკორწმინდელ ეპისკოპოს ვახტანგსა და მამა ელიზბარს გაწეული მასპინძლობისთვის
alt alt
27.05.2026
ბეჭდვა