პროფესორ-მასწავლებელთა ყოველწლიური სამეცნიერო კონფერენცია

20 მაისს თბილისის სასულიერო აკადემიასა და სემინარიაში სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია II-ისადმი მიძღვნილი პროფესორ-მასწავლებელთა ყოველწლიური სამეცნიერო კონფერენცია გაიხსნა. კონფერენცია სამი დღის განმავლობაში გაგრძელდება და ერთგვარად შეაჯამებს მთელი წლის განმავლობაში პროფესორ-მასწავლებელთა მიერ გაწეულ სამეცნიერო-კვლევით საქმიანობას.
კონფერენციის პირველ დღეს გაიმართა პლენარული სხდომა, რომელიც მისასალმებელი სიტყვით გახსნა თბილისის სასულიერო აკადემიისა და სემინარიის რექტორმა, თეოლოგიის, ფილოლოგიისა და პოლიტიკის მეცნიერებათა დოქტორმა, პროფესორმა, პროტოპრესვიტერმა გიორგი ზვიადაძემ. მან ისაუბრა აკადემიისა და სემინარიის საგანმანათლებლო სივრცეში სამეცნიერო კონფერენციების განსაკუთრებულ მნიშვნელობაზე, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია II-ის საგანმანათლებლო მოღვაწეობასა და მის მიერ დამკვიდრებული ტრადიციების ერთგულების აუცილებლობაზე.
პლენარულ სხდომას თავმჯდომარეობდა ფილოლოგიის დოქტორი ხათუნა კალანდარიშვილი.

პლენარულ სხდომაზე მოხსენებებით წარდგნენ:
ფილოლოგიისა და თეოლოგიის დოქტორი, გელათის მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი, პროფესორი, დეკანოზი ბიძინა გუნია — „აწ განუტევე მონაი შენი, მეუფეო...“
ისტორიის მეცნიერებათა და თეოლოგიის დოქტორი, პროფესორი სერგო ვარდოსანიძე — „რა გვაერთიანებდა, რა გაგვაერთიანებს“ (ისტორიული პარალელები)
ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი ლელა ხაჩიძე — წმ. გიორგი მთაწმიდელის „წმ. იოანესა და ეფთვიმეს ცხოვრება“ და „ივირონის აქტები“.
დეკანოზმა ბიძინა გუნიამ მოხსენებაში — „აწ განუტევე მონაი შენი, მეუფეო...“ — განიხილა მწუხრის ჟამის ბოლოს განჩინებული მირქმის საგალობელი — „აწ განუტევე მონაი შენი, მეუფეო...“, რომელიც ყველა რანგის მსახურებისას სრულდება და განსაკუთრებული მნიშვნელობისაა.
„ცხონების გზაზე შემდგარი მორწმუნისათვის ღვთისმსახურებაში ჩართულობა სულიერი ცხოვრების უმნიშვნელოვანესი მდგენელია, სადაც ცენტრალურ ადგილს განიკუთვნებს საღმრთო ლიტურგია, რომლის სიღრმისეული წვდომა ევქარისტიული ძღვენის შეწირვის მნიშვნელობის გაცნობიერებაზე გადის. ევქარისტიის საიდუმლოში უცილობელი მონაწილეობისთვის თვით მაცხოვარი მოგვიწოდებს სიტყვებით: „ამენ, ამენ გეტყვი თქუენ: უკუეთუ არა სჭამოთ ხორცი ძისა კაცისაი და სუათ სისხლი მისი, არა გაქუნდეს ცხორებაი თავთა შორის თქუენთა“ (ინ. 6,53). შესაბამისად, განკაცებული ძე ღმერთის გამომსყიდველობითი ქმედების ძალა და მნიშვნელობა მთელ კაცობრიობაზე ვრცელდება, რითაც თითოეულ პიროვნებას ცოდვისაგან დახსნის, განახლების, აღორძინებისა და დასაბამიერ პატივში აღდგენის საშუალება ეძლევა. და თუ პიროვნება მთელი არსებითაა ჩართული საეკლესიო მსახურებაში, მისი სარწმუნოებრივი ხედვა და სულიერი ცხოვრება გაცნობიერებული, გააზრებული და მიზანმიმართულია“, — აღნიშნა მამა ბიძინამ.
შეკითხვას — რა უშლის ხელს ღვთისმსახურებაში ადამიანის გონიერ ჩართულობას? — მამა ბიძინამ წმიდა იოანე დამასკელის სწავლებიდან მოხმობილი არგუმენტებით უპასუხა: „გრძნობა არის ხუთი: მხედველობა, სმენა, ყნოსვა, გემო და შეხება. მსგავსადვე, გრძნობის ორგანოც ხუთია. გვმართებს ვიცოდეთ, რომ ცოდვით დაცემისა და ექსორიის შემდგომ ცოდვა პიროვნებაში ამ ხუთი კარიბჭის გავლით შემოდის და სულიერად აზიანებს მას, აშორებს ქმნილებას შემოქმედისაგან და წუთისოფლის ორომტრიალში ითრევს“ (დამასკელი, 2000: 362–365). „ზემოთქმულის გათვალისწინებით, საზოგადო ღვთისმსახურების მსვლელობა და მისი სტრუქტურა საყურადღებოა სწორედ ამ ხუთი გრძნობის ორგანოს სულიერი დაცვის კუთხითაც, რაც პიროვნების ცოდვისაგან დახსნის, განახლების, აღორძინებისა და დასაბამიერ პატივში აღდგენის საფუძველია“, — ბრძანა მამა ბიძინამ.

ბატონი სერგო ვარდოსანიძის ნაშრომში — „რა გვაერთიანებდა, რა გაგვაერთიანებს“ (ისტორიული პარალელები) — განხილული იყო ქართველი ერის ისტორიული კონსოლიდაციის ძირითადი ფაქტორები ანტიკური ხანიდან თანამედროვე ეპოქამდე. ავტორმა წერილობით წყაროებზე დაყრდნობით შეისწავლა და განიხილა შემდეგი საკითხები: რა როლი ენიჭებოდა და ენიჭება სარწმუნოებრივ და ენობრივ ცნობიერებას ეროვნული თვითშეგნების ფორმირებაში; როგორი იყო და არის კონფესიური მრავალფეროვნებისა და გარე იმპერიების ზემოქმედების გამოცდილება ქართულ რეალობაში. ნაშრომში განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ქართული სახელმწიფოებრივი ცნობიერების ფორმირების პროცესში ქრისტიანული სარწმუნოების, ქართული ენისა და ევროპული ცივილიზაციური არჩევანის მნიშვნელობის განსაზღვრას. შესაბამისად, შეკითხვას — რა გვაერთიანებდა, რა გაგვაერთიანებს? — მომხსენებელმა დასკვნის სახით ასე უპასუხა:
„ისტორიული გამოცდილება ცხადყოფს, რომ თანამედროვე საქართველოში გამაერთიანებელი იდეა უნდა დაეფუძნოს:
სახელმწიფოებრივ დამოუკიდებლობას — როგორც უზენაეს ღირებულებას;
ქართულ ცივილიზაციურ იდენტობას — ერთიან კულტურულ სივრცეს;
ევროპულ არჩევანს — ისტორიულად აღიარებულ გზას;
დემოგრაფიულ პასუხისმგებლობას — ერის გადარჩენის წინაპირობას.
მხოლოდ ამ პრინციპების გარშემო მოსახლეობის კონსოლიდაცია გახდის შესაძლებელს, რომ საქართველო გაუმკლავდეს XXI საუკუნის გეოპოლიტიკურ გამოწვევებს“, — აღნიშნა მომხსენებელმა.

პროფესორ ლელა ხაჩიძის მოხსენებაში განხილული იყო წმ. გიორგი მთაწმიდელის „წმ. იოანესა და ეფთვიმეს ცხოვრებასა“ და „ივირონის აქტებში“ დაცული ისტორიული ცნობების ურთიერთმიმართების საკითხი, რის საფუძველზეც მეცნიერმა დაასაბუთა წმინდა გიორგი მთაწმინდელის თხზულების კულტუროლოგიური და ზოგადმეცნიერული მნიშვნელობა. „ივირონის აქტების“ შედარებამ „წმ. იოანესა და ეფთვიმეს ცხოვრებასთან“ კიდევ ერთხელ ცხადყო, თუ რა სიზუსტით ასახავს წმ. გიორგი მთაწმიდელი ნაწარმოებში აღწერილ ისტორიულ რეალობას.
გთავაზობთ რამდენიმე ამონარიდს ქალბატონი ლელა ხაჩიძის მოხსენებიდან:
„წმ. იოანესა და ეფთვიმეს ცხოვრება“ საეტაპო მნიშვნელობის ნაწარმოებია და მრავალმხრივ იმსახურებს ყურადღებას. ფილოლოგიური და ისტორიული თვალსაზრისით ის კარგადაა შესწავლილი, მაგრამ მისი არაერთი ასპექტი ჯერ კიდევ შეუსწავლელია და ძეგლის მნიშვნელობიდან გამომდინარე, შემდგომ კვლევას მოითხოვს. ძეგლის სრულყოფილად შესწავლის მიზნით, მასში დაცული ცნობების ანალიზისა და ინტერპრეტაციისათვის განუსაზღვრელად დიდი მნიშვნელობა ენიჭება მის შედარებას „ივირონის აქტების“ სახელით ცნობილ ოთხტომიან კორპუსთან, რომელიც 1985–1995 წლებში ფრანგულ ენაზე გამოაქვეყნეს ჟაკ ლეფორმა, ნიკოლაოს იკონომიდისმა, დენიზ პაპახრისანთუმ და ელენე მეტრეველმა. ოთხივე ტომი ქართულ ენაზე თარგმნა ცისანა ბიბილეიშვილმა და 2008 წელს გამოიცა“.
„წმ. გიორგი მთაწმიდელს გარკვეული მიზეზები და მიზნები ჰქონდა ამ ნაწარმოების დასაწერად: პირველ ყოვლისა, წმინდა მამას „ივირონის“ მაშენებელთა სახელის უკვდავყოფა და ქართველთა კანონიერი უფლებების დასაბუთების სურვილი ამოძრავებდა. ამასთანავე, „ივირონის აქტებში“ გამოქვეყნებული მასალები რიგ სიახლეებს, უფრო სწორად, დაზუსტებებს გვთავაზობს: ნათელი ხდება იოანე იბერის, ეფთვიმეს მამის, ერისკაცობაში სახელად აბულ(ჰერით) ვინაობა; აქტებში დეტალურადაა აღწერილი სიძე-სიმამრს შორის ყმაწვილი ეფთვიმეს გამო გამართული დავა, რომელსაც ნიკიფორე ფოკას სამეფო კარზე ჰქონდა ადგილი; მეფე იძულებული გამხდარა ჩარეულიყო დავაში და არჩევანი თავად ეფთვიმესთვის მიენდო; ეფთვიმეს მამა აურჩევია“...
ბიზანტიური დოკუმენტები საგულისხმო ინფორმაციას გვაწვდის „ივირონის“ დაარსების, იქ მოღვაწე მამების საქმიანობისა და უფლება-მოვალეობების შესახებ. მომხსენებელმა „ივირონის აქტებში“ დაცული საყურადღებო ცნობების საფუძველზე დაასაბუთა თორნიკე ერისთავის სრულიად განსაკუთრებული დამსახურება უმნიშვნელოვანესი საღვთისმეტყველო-სამწერლობო კერის დაარსებასა და მის შემდგომ საქმიანობაში.
პლენარული სხდომის ბოლოს გაიმართა დისკუსია. დამსწრე საზოგადოების მხრიდან გამოითქვა საინტერესო და საგულისხმო მოსაზრებები.
სხდომას ესწრებოდნენ სასულიერო აკადემიისა და სემინარიის პროფესორ-მასწავლებლები და სტუდენტები.
alt alt
20.05.2026
ბეჭდვა