სადოქტორო ნაშრომის ხელმძღვანელი
გახლდათ დეკანოზი მიქაელ გალდავა - თეოლოგიისა და ფილოლოგიის დოქტორი,
პროფესორი. რეცენზენტები - დეკანოზი ბიძინა გუნია - სადისერტაციო
საბჭოს სწავლული მდივანი, გელათის მეცნიერებათა აკადემიის
აკადემიკოსი, თეოლოგიისა და ფილოლოგიის დოქტორი, პროფესორი და
დეკანოზი იოანე ბონდარენკო, თბილისის სასულიერო აკადემიისა და
სემინარიის პედაგოგი, თეოლოგიის დოქტორი.
სადისერტაციო ნაშრომის დაცვასთან
დაკავშირებით გამართულ სხდომას ხელმძღვანელობდა სადისერტაციო
საბჭოს თანათავმჯდომარე, პროტოპრესვიტერი გიორგი ზვიადაძე.
სადისერტაციო ნაშრომის დაცვას ესწრებოდნენ
თბილისის სასულიერო აკადემიისა და სემინარიის ღვთისმეტყველების
სადისერტაციო საბჭოს წევრები: დეკანოზი ბიძინა გუნია – ფილოლოგიისა და
თეოლოგიის დოქტორი, გელათის მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი,
პროფესორი (სწავლული მდივანი); დეკანოზი მიქაელ გალდავა – ფილოლოგიისა
და თეოლოგიის დოქტორი, პროფესორი; დეკანოზი გიორგი გუგუშვილი–
ისტორიისა და თეოლოგიის დოქტორი, პროფესორი; მღვდელი იოანე ბონდარენკო
– თეოლოგიის დოქტორი; მღვდელი ცოტნე ჩხეიძე – თეოლოგიის დოქტორი,
პროფესორი; არქიდიაკონი დემეტრე (დავითაშვილი)– თეოლოგიის დოქტორი,
პროფესორი; ედიშერ ჭელიძე – ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი,
თეოლოგიის დოქტორი, გელათის მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი,
პროფესორი; სერგო ვარდოსანიძე – ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი,
თეოლოგიის დოქტორი, პროფესორი; ირაკლი ორჟონია – თეოლოგიის
დოქტორი,პროფესორი.
სადისერტაციო კომისიის მუშაობას
ხელმძღვანელობდა ჭყონდიდელი მიტროპოლიტი, მისი
მაღალყოვლადუსამღვდელოესობა სტეფანე (კალაიჯიშვილი); სადისერტაციო
კომისიის მდივანი გახლდათ ხელოვნებათმცოდნეობის დოქტორი, პროფესორი
მარიამ დიდებულიძე.
სადისერტაციო ნაშრომის დაცვის
პროცედურას წარმართავდა სადისერტაციო საბჭოს სწავლული მდივანი,
დეკანოზი ბიძინა გუნია.
სადისერტაციო ნაშრომის დაცვას
ესწრებოდნენ - წალკის ეპარქიის ეპისკოპოსი, მისი
ყოვლადუსამღვდელოესობა გრიგოლი (კაცია), გელათის სასულიერო აკადემიისა
და სემინარიის რექტორი, დეკანოზი ირაკლი ახალაძე, ივანე ჯავახიშვილის
სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი,
ხელოვნებთმცოდნეობის დოქტორი, ბატონი ზაზა სხირტლაძე, სასულიერო
პირები, მეცნიერები, თბილისის სასულიერო აკადემიისა და
სემინარიის პროფესორ-მასწავლებლები და სტუდენტები.
დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართა
სადისერტაციო საბჭოს თანათავმჯდომარემ, თბილისის სასულიერო აკადემიისა
და სემინარიის რექტორმა, თეოლოგიის, ფილოლოგიისა და პოლიტიკის
მეცნიერებათა დოქტორმა, პროფესორმა, საქართველოს მართლმადიდებელი
ეკლესიის პროტოპრესვიტერმა გიორგი ზვიადაძემ. მან პატივი მიაგო
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის - ილია II-ის ნათელ
ხსოვნას და ისაუბრა მის განუზომელ ღვაწლზე საქართველოს
მართლმადიდებელი ეკლესიის, მთელი ქართველი ერისა და კულტურული
სამყაროს წინაშე, წარმოაჩინა მისი განსაკუთრებული ძალისხმევა
სულიერების, საეკლესიო განათლებისა და მეცნიერების აღორძინების
მიმართულებით. უწმინდესისა და უნეტარესის, სრულიად საქართველოს
კათოლიკოს-პატრიარქის, ილია II-ის უდიდესი ძალისხმევისა და
ავტორიტეტის გარეშე თბილისის სასულიერო აკადემიაში ვერც სადისერტაციო
საბჭო შეიქმნებოდა და ვერც დოქტორანტურა დაფუძნდებოდა, -
აღნიშნა პროტოპრესვიტერმა გიორგი ზვიადაძემ.
ნაშრომის წარდგენამდე დოქტორანტმა, მამა
გიორგი ვაშალომიძემ, განსაკუთრებული მადლიერება და სიყვარული გამოხატა
ახლად გარდაცვლილი სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ის
მიმართ და პატივი მიაგო მის ნათელ ხსოვნას, აგრეთვე, მის განუზომელ
ღვაწლს სასულიერო და სამეცნიერო განათლების აღორძინების
თვალსაზრისით.
ამასთანავე, მადლობა გადაუხადა თბილისის
სასულიერო აკადემიისა და სემინარიის რექტორს, პროტოპრესვიტერ გიორგი
ზვიადაძეს, ვისი დიდი ძალისხმევისა და დაუღალავი შრომის შედეგია, რომ
დღესაც, პატრიარქის მიერ დაარსებული უმაღლესი საღვთისმეტყველო
სკოლა - თბილისის სასულიერო აკადემია და სემინარია - არის მძლავრი
საგანმანათლებლო და სამეცნიერო ცენტრი — ადგილი, სადაც ჰარმონიულად
ერთიანდება ცოდნა და რწმენა.
დისერტანტმა მადლიერება გამოხატა
სამეცნიერო ხელმძღვანელის, დეკანოზ მიქაელ გალდავას მიმართ, რომლის
კვალიფიციური დახმარებითაც შეძლო სადისერტაციო ნაშრომზე მუშაობა.
ასევე, მადლობა გადაუხადა რეცენზენტებს, რომელთა საქმიანი რჩევები და
მითითებები მნიშვნელოვნად დაეხმარა ნაშრომის სრულყოფასა და დახვეწაში.
განსაკუთრებული მადლობა გადაუხადა სადოქტორო პროგრამის ხელმძღვანელს,
თეოლოგიის დოქტორს, მღვდელ ცოტნე ჩხეიძეს, ხელოვნებათმცოდნეობის
დოქტორს, ქალბატონ მარიამ დიდებულიძესა და ფილოლოგიის დოქტორს,
ქალბატონ ასმათ ჯიქიას სადისერტაციო ნაშრომზე მუშაობისას გაწეული
დახმარებისა და კვალიფიციური რჩევებისათვის.
მამა გიორგი ვაშალომიძემ მკაფიოდ
ჩამოაყალიბა სადისერტაციო ნაშრომის აქტუალურობა, მეცნიერული სიახლეები
და კვლევის ძირითადი შედეგები. აღნიშნულ ნაშრომში დისერტანტმა
პირველად სამეცნიერო სივრცეში სისტემურად შეისწავლა სახარებისეული
მოვლენების ამსახველი იკონოგრაფიის საღვთისმეტყველო საფუძვლები და
დაასაბუთა, რომ ხატმეტყველება არ არის მხოლოდ ესთეტიკური, სტილისტური
თუ ისტორიული ანალიზის საგანი, არამედ ეფუძნება თეოლოგიის,
ეგზეგეტიკის, ლიტურგიკისა და ჰომილეტიკის ღრმა შინაარსს.
შესაბამისად, „ვიზუალური ღვთისმეტყველების“ კონცეფციის
ფარგლებში, იკონოგრაფია გააზრებულია არა მხოლოდ ხელოვნებათმცოდნეობით,
არამედ სრულფასოვან თეოლოგიურ დისციპლინად და ქართული ხატწერის
ნიმუშები შესწავლილია მათი ღრმა საღვთისმეტყველო დანიშნულების
გათვალისწინებით. რამდენადაც იკონოგრაფია მიჩნეულია ეკლესიაში
წარმოშობილი მწვალებლობების მხილების საშუალებად, დისერტანტმა
ფერისცვალებისა და ჯვარცმის იკონოგრაფიის საფუძველზე არგუმენტირებულად
დაასაბუთა ხატმეტყველებისა და თეოლოგიის განუყოფელი ერთიანობა და
ქრისტიანული ეკლესიის ისტორიაში იკონოგრაფიის განსაკუთრებულობა.
დოქტორანტის სამეცნიერო ხელმძღვანელმა,
მიქაელ გალდავამ, ისაუბრა ნაშრომის ღირსებებსა და მის
ინტერდისციპლინარულ მნიშვნელობაზე.
სადისერტაციო ნაშრომის ოფიციალურმა
რეცენზენტებმა — დეკანოზმა ბიძინა გუნიამ და დეკანოზმა იოანე
ბონდარენკომ — დადებითად შეაფასეს მღვდელ გიორგი ვაშალომიძის ნაშრომი
და გამოთქვეს კვალიფიციური შენიშვნები და რეკომენდაციები.
გაიმართა სამეცნიერო დისკუსია,
რომელშიც მონაწილეობდნენ სამეცნიერო საბჭოს წევრები და თბილისის
სასულიერო აკადემიისა და სემინარიის პროფესორ-მასწავლებლები. ერთხმად
აღინიშნა ნაშრომის მაღალაკადემიური დონე, აქტუალობა და მისი
მნიშვნელობა როგორც საეკლესიო, ისე სამეცნიერო თვალსაზრისით.
სადისერტაციო საბჭომ ნაშრომი მაღალი
ქულით შეაფასა და მღვდელ გიორგი ვაშალომიძეს ერთხმად მიენიჭა
თეოლოგიის დოქტორის აკადემიური ხარისხი.












