საჯარო ლექცია - „ქართველი სასულიერო პირების მოღვაწეობა ინგუშეთში XIX საუკუნის I ნახევარში“

ა.წ. 3 დეკემბერს, თბილისის სასულიერო აკადემიასა და სემინარიაში, ტრადიციული „საჯარო ლექციების“ ფარგლებში, შეხვედრა გაიმართა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებულ პროფესორთან, ფილოლოგიის დოქტორ ხვთისო მამისიმედიშვილთან. მოხსენების თემა იყო „ქართველი სასულიერო პირების მოღვაწეობა ინგუშეთში XIX საუკუნის I ნახევარში საარქივო დოკუმენტური მასალის მიხედვით“. 
      მომხსენებელი გულითადად მიესალმა აუდიტორიას და მადლიერება გამოხატა აკადემიისა და სემინარიისადმი საკითხით დაინტერესებისათვის.
​სტუმარმა ახლად გამოვლენილ საარქივო მასალებზე დაყრდნობით დამსწრეთ გააცნო ეგზარქოსობის პერიოდში ჩრდილოეთ კავკასიაში მიმდინარე საინტერესო მოვლენები, კერძოდ, ინგუშეთის გაქრისტიანების მცდელობა.
„ინგუშებს ქრიასტიანობა თითქმის სულ დავიწყებული ჰქონდათ და ქრისტიანული წეს-ჩვეულებები წარმართობისკენ იყო მიქცეული. საქართველოდან ზემოხსენებული მისიით ინგუშეთში მივლინებულ სასულიერო პირებს დიდი წინააღმდეგობების გადალახვა უწევდათ. არცთუ იშვიათად საქმე ხელჩართულ ბრძოლამდეც მიდიოდა, მაგრამ, მიუხედავად მრავალი დაბრკოლებისა, ქართველი მღვდლები ინგუშეთში ქრისტიანობას წარმატებით ავრცელებდნენ.
ინგუშეთის გაქრისტიანების საქმეში აქტიურად იყვნენ ჩართულნი საქართველოში მოღვაწე ეგზარქოსები. ქისტების ქრისტიანულ სარწმუნოებაზე მოქცევა წინასწარ შემუშავებული გეგმის მიხედვით რამდენიმე ეტაპად მიმდინარეობდა. 1823 წლის მაისში თბილისის სიონის საპატრიარქო ტაძარში თორმეტი სოფლის ცხრა უხუცესი წარმომადგენელი მოინათლა, რაც სამომავლო იმედს იძლეოდა. თუმცა, ჩეჩნეთისა და დაღესტნის გავლენით, მალე იმძლავრა ისლამის გავრცელების ტენდენციამ. ინგუშეთში ისლამის გავრცელება XIX საუკუნის 40-იანი წლებიდან აქტიურად დაიწყო, 1865 წლიდან კი საბოლოოდ დამკვიდრდა.
​ინგუშეთში მრავლადაა ქრისტიანული კულტურის კვალი. აქ არაერთი ქრისტიანული ტაძარია, რომელთა კედლებზე ქართული ასომთავრული წარწერებია შემონახული“, - ბრძანა მომხსენებელმა.
ლექციას ესწრებოდნენ სასწავლებლის სტუდენტები და პროფესორ-მასწავლებლები. ინგუშეთს საქართველოსთან ყოველთვის გამორჩეული კეთილმეზობლური დამოკიდებულება ჰქონდა. ორ მეზობელ ხალხს შორის ურთიერთობა დღემდე სამაგალითოა. უთუოდ ესეც იყო მიზეზი აუდიტორიის მხრიდან საკითხით ესოდენი დაინტერესებისა.
ბატონი ხვთისო მამისიმედიშვილის ნაშრომი აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, რომელიც მთლიანად საარქივო მასალებს ეყრდნობა, უახლოეს მომავალში დაიბეჭდება სამ ტომად.
alt alt
03.12.2025
ბეჭდვა