გასვლითი ლექცია ბოლნისის ეპარქიაში

2025 წლის 27 ნოემბერს თბილისის სასულიერო აკადემიისა და სემინარიის ქრისტიანული ფსიქოლოგიის ფაკულტეტის დეკანის, ისტორიის დოქტორ გრიგოლ ხაჭაპურიძის, თაოსნობით ჩატარდა გასვლითი ლექცია ბოლნისის ეპარქიაში. სტუდენტებმა მოილოცეს ბოლნისის სიონის, წუღრუღაშენის წმინდა გიორგისა და წმ. პეტრე და პავლე მოციქულების სახელობის სამონასტრო
კომპლექსები. ისინი, ასევე, ეწვივნენ სულხან-საბა ორბელიანის სახლ-მუზეუმს სოფელ ტანძიაში.

ბოლნისის სიონში მამა შიო ბოკერიამ ჩაატარა სავედრებელი პარაკლისი და დალოცა სასწავლებლის სტუდენტები. ამავე ტაძრის ეზოში ფილოლოგიის დოქტორმა ქეთევან მამასახლისმა წაიკითხა ლექცია ქვემო ქართლის ამ ძირძველი კუთხის განსაკუთრებული როლის შესახებ
ჩვენი ქვეყნისა და ეკლესიის წინაშე. მან სტუდენტებს დაათვალიერებინა აღნიშნული ტაძრის კედლებზე შესრულებული უძველესი წარწერები, მოუყვა მათი ისტორიის, შინაარსისა და დათარიღების შესახებ. ხაზი გაუსვა წარწერებში მოხსენიებულ ისტორიულ პირებსა და ხანმეტი მწერლობის ნიმუშებს. მან ასევე ისაუბრა აქ მოღვაწე დიდი ჰიმნოგრაფი მამის - იოანე ბოლნელის - პიროვნების, მისი ქადაგებების ძირითადი არსის შესახებ. სოფელ ტანძიაში სტუდენტები გაეცვნენ იმ საარქივო მასალას, რომელიც თავმოყრილია სულხან-საბა ორბელიანის სახლ-მუზეუმში. ღონისძიება მიეძღვნა საქართველოში ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების 1700 წლისთავს.
28.11.2025
ბეჭდვა