საჯარო ლექცია - საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქები "ვეფხისტყაოსნის" შესახებ

საჯარო ლექცია - საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქები "ვეფხისტყაოსნის" შესახებ

ა.წ. 25 ნოემბერს, თბილისის სასულიერო აკადემიასა და სემინარიაში, ტრადიციული „საჯარო ლექციების“ ფარგლებში, გაიმართა შეხვედრა შოთა რუსთაველის სახელობის ქართული ლიტერატურის ინსტიტუტის რუსთველოლოგიის კვლევითი ცენტრის მეცნიერ-თანამშრომელთან, ფილოლოგიის დოქტორ ლია კარიჭაშვილთან. მოხსენების თემა იყო „საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქები „ვეფხისტყაოსნის“ შესახებ“.
       მომხსენებელმა მადლიერება გამოხატა აკადემიისა და სემინარიისადმი თანამშრომლობისათვის და საგანგებოდ გადაუხადა მადლობა სასწავლებლის რექტორს, პროტოპრესვიტერ გიორგი ზვიადაძეს.
ქალბატონმა ლიამ ვრცლად ისაუბრა კათოლიკოს-პატრიარქების - ანტონ I-ის, კირიონ II-ის, კალისტრატე ცინცაძის, ეფრემ II-ისა და ილია II-ის წერილებში, სამეცნიერო ხასიათის ნაშრომებსა და ქადაგებებში გამოთქმულ მოსაზრებებზე, აღნიშნა, რომ პატრიარქთა დამოკიდებულება ცხადად ადასტურებს საქართველოს ეკლესიის დამოკიდებულებას დიდი პოეტისა და მისი უკვდავი „ვეფხისტყაოსნის“ მიმართ .
      გთავაზობთ რამდენიმე ამონარიდს ქ-ნი ლიას მოხსენებიდან:
     „კათოლიკოსი ანტონ I, უაღრესად წიგნიერი და განათლებული პიროვნება, თავის „წყობილსიტყვაობაში“ მაღალ შეფასებას აძლევდა რუსთაველის შემოქმედებას, უწოდებდა ბრძენს, ფილოსოფოსს, ღვთისმეტყველს, „უცხო საკვირველ პიიტიკოს–მესტიხეს“, თუმცა სინანულს გამოთქვამდა იმის გამო, რომ მან შექმნა არა საღვთისმეტყველო, არამედ საერო თხზულება“...
       „პატრიარქ კირიონ II-ს ეკუთვნის რუსთველოლოგიური სტატიები, რომლებიც გამოქვეყნდა მისი ეპისკოპოსობის ჟამს (1895 და 1904 წლებში). იგი მსჯელობს პოემის 1888 წლის გამოცემაზე, „ვეფხისტყაოსნის“ ორ უცნობ ხელნაწერზე, აღწერს მათ და ზოგიერთი ტაეპის მნიშვნელოვან წაკითხვასაც გვთავაზობს“...
     „პატრიარქ კალისტრატე ცინცაძის ნაშრომი - „ვეფხისტყაოსნის“ ავტორის მსოფლმხედველობისათვის“ - 1936 წელს დაიწერა, მაგრამ გამოქვეყნდა მოგვიანებით, 1966 წელს, კ. ეკაშვილის ფსევდონიმით. ნაშრომში კრიტიკულად არის განხილული პოემის პერსონაჟთა მხატვრული სახეები. აქვეა ცნებათა: „მზე“, „მზიანი ღამე“, „ერთარსება ერთი“, „უჟამო ჟამი“ - არგუმენტირებული, საღვთისმეტყველო ლიტერატურით დასაბუთებული თეოლოგიური შინაარსის მსჯელობანი. პატრიარქს უსაფუძვლოდ მიაჩნდა მკვლევართა შორის გავრცელებული შეხედულება „ვეფხისტყაოსნის“ სამღვდელოებისგან დევნის შესახებ. იგი ვერ ხედავდა რაიმე „მწვალებლურ იდეას“ პოემაში“...
      „კათალიკოს-პატრიარქი ეფრემ II ნაშრომში - „რუსთაველის აღმსარებლობისათვის და „ვეფხისტყაოსნის" დევნისათვის“ - მსჯელობს პოეტის რელიგიური მრწამსის, იდეალებისა და ღირებულებების შესახებ და ასკვნის, რომ რუსთაველი ქრისტიანი პოეტია, ხოლო „ვეფხისტყაოსანი“ - ქრისტიანული შემოქმედებისა და კულტურის დიდებული ძეგლი.
      ამავე აზრს ავითარებს და არგუმენტირებულად ასაბუთებს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია II 1966 წელს დაწერილ სტატიაში „შოთა რუსთაველი და მისი საღვთისმეტყველო შეხედულებანი“. იგი ყურადღებას ამახვილებს პოეტის რელიგიურ შეხედულებებზე, პოემის ბიბლიურ დასაწყისზე, თეოსოფიურ საკითხებში ავტორის საფუძვლიან განსწავლულობაზე, „ვეფხისტყაოსნის“ საღვთისმეტყველო ტერმინოლოგიაზე პროლოგის, ავთანდილის „ლოცვის“, „ანდერძისა“ და სხვა ეპიზოდების მიხედვით“...
      კათოლიკოს-პატრიარქთა ნაშრომების ანალიზი ცხადყოფს, რომ მათ რუსთაველი ქრისტიანად მიაჩნიათ, ხოლო „ვეფხისტყაოსანი“ - ბიბლიურ-ქრისტიანულ მოძღვრებაზე დამყარებულ თხზულებად“, - აღნიშნა ქ-ნმა ლიამ.
ლექციას ესწრებოდნენ სასწავლებლის სტუდენტები და პროფესორ-მასწავლებლები. ლექცია მართლაც ძალზე საინტერესო იყო და გამოითქვა სურვილი ქალბატონ ლია კარიჭაშვილთან შემდგომი თანამშრომლობისა.
altalt
25.11.2025
ბეჭდვა