ქრისტიანული ხელოვნებათმცოდნეობის ფაკულტეტის სტუდენტები კახეთში

   თბილისის სასულიერო აკადემიისა და სემინარიის რექტორის, პროტოპრესვიტერ გიორგი ზვიადაძის კურთხევითა და ქრისტიანული ხელოვნებათმცოდნეობის ფაკულტეტის დეკანატის ორგანიზებით, სასწავლო წლის ბოლო, შემაჯამებელი ხასიათის ლექცია-სემინარი კახეთის რამდენიმე კულტურულ-ისტორიული თვალსაზრისით მნიშვნელოვან ლოკაციაზე ჩაუტარდათ სტუდენტებს. ტაძრის არქიტექტურისა თუ კედლის მხატვრობის ისტორიის შესახებ მიღებული თეორიული ცოდნა მატერიალური კულტურის ძეგლების ადგილზე შესწავლით, მათზე დაკვირვებით სრულყვეს სტუდენტებმა.
    მომავალმა ხელოვნებათმცოდნეებმა მოინახულეს საგარეჯოს რაიონში - სოფელ ნინოწმინდაში - მდებარე ნინოწმინდის კომპლექსი. დეტალურად განიხილეს, აღწერეს ნინოწმინდის კომპლექსის მთავარი ნაგებობა - VI ს-ის III მეოთხედში აგებული წმ. ნინოს ტაძარი (გადმოცემის თანახმად, წმ. ნინომ სწორედ ამ ადგილას დაისვენა და მის პატივსაცემად აშენდა ეს ტაძარიც). პედაგოგების დახმარებით სტუდენტებმა გამოკვეთეს ტაძრის გადაკეთება-რეკონსტრუქციის კვალი/ნიშნები (ტაძარი არაერთხელ გადაუკეთებიათ IX-XI, XIII-XIV, XVI საუკუნეებში. კარიბჭის წარწერიდან ვიგებთ,  რომ 1671 წელს ტაძარი განუახლებია ნინოწმინდელ ეპისკოპოსს – ნიკოლოზ ანდრონიკაშვილს). სტუდენტებმა მოინახულეს საგარეჯოში არსებული გვიანი შუა საუკუნეების „პეტრე-პავლეს“ სახელობის ეკლესია, ბოდბის დედათა მონასტრის კომპლექსი და სიღნაღის ისტორიული მუზეუმი. სიღნაღის მუზეუმში ვიზიტისას სტუდენტებისათვის განსაკუთრებით შთამბეჭდავი და საგულისხმო აღმოჩნდა მოსე თოიძის ახალი ექსპოზიციისა და მირზაანის მუზეუმიდან დროებით გადმოტანილი ფიროსმანის ნახატების დათვალიერება/შესწავლა.
  აღნიშნულმა ღონისძიებამ კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ მსგავსი ხასიათის გასვლითი ლექცია-სემინარები, დისკუსიები უდიდესი საგანმანათლებლო-შემეცნებითი შინაარსისა და ემოციური მუხტის მატარებელია სტუდენტებისათვის. ხელოვნებათმცოდნეობის ისტორიის პედაგოგების - ასმათ ოქროპირიძისა და რუსუდან ვაშალომიძის - მონათხრობით, ჩვენი წარსული მემკვიდრეობის უმნიშვნელოვანესი ძეგლების შესახებ სრული, ამომწურავი და, ამასთანავე, ვიზუალურად დადასტურებული ინფორმაცია მიიღეს ჩვენმა მომავალმა ხელოვნებათმცოდნეებმა.
alt alt
alt alt
alt alt
27.06.2025
ბეჭდვა