მღვდელ ცოტნე ჩხეიძის მოხსენება საერთაშორისო სიმპოზიუმზე

ამა წლის 12-13 მაისს რუმინეთის ქალაქ იაშში გაიმართა XVII ყოველწლიური საერთაშორისო სიმპოზიუმი: ”Studia Theologica Doctoralia”. სიმპოზიუმი ეძღვნებოდა მეოცე საუკუნის რუმინელ მოწამეებსა და აღმსარებლებს; მისი მთავარი თემა იყო: ღვთის გულისათვის ტანჯვის  მნიშვნელობის შესახებ.

12 მაისს ჩატარდა პლენარული სხდომა, რომელსაც ესწრებოდნენ  მოლდოვისა და ბუკოვინას მიტროპოლიტი თეოფანე, ასევე, მრავალი პროფესორი და სადოქტორო პროგრამის სტუდენტი იაშშიდან, რუმინეთის სხვა ქალაქებიდან და საზღვარგარეთიდან.

აღნიშნულ სხდომაზე მოხსენებით წარდგა თბილისის სასულიერო აკადემიისა და სემინარიის სადოქტორო პროგრამის ხელმძღვანელი, თეოლოგიის დოქტორი, მღვდელი ცოტნე ჩხეიძე. მან წაიკითხა მოხსენება თემაზე: “ბასილი სელევკიელის ჰომილია წინასწარმეტყველ ელისესა და სომანიტელი ქალის შესახებ და მისი ძველქართული თარგმანი”.

ბასილი სელევკიელის ზემოაღნიშნული ქადაგების ბერძნული ტექსტი ხუთი  ხელნაწერითაა მოღწეული. იგი სამჯერ გამოიცა 1596, 1622 და 1864 წლებში. ხოლო მისი ძველქართული თარგმანი ორი ხელნაწერითაა მოღწეული (S-417, XII ს., ქუთ.3, XV ს.), მისი კრიტიკული ტექსტი ჯერ არ გამოცემულა. სწორედ კრიტიკული ტექსტის დადგენის პროცესში გამოარკვია მღვდელმა ცოტნე ჩხეიძემ, რომ ძველქართული თარგმანი, რომელიც გელათური სკოლის სტილითაა შესრულებული, განსხვავებული რედაქციისაა.

მღვდელმა ცოტნე ჩხეიძემ სიმპოზიუმზე ისაუბრა ზემოაღნიშნულ განსხვავებებზე, განმარტა, თუ რა მნიშვნელობა აქვს ძველქართულ თარგმანს ბასილი სელევკიელის, როგორც მქადაგებლისა და მისი ქრისტოლოგიის კვლევისთვის. აღნიშნული საკითხების განხილვა მიმდინარეობდა ქადაგების შინაარსის განხილვის პარალელურად.

ზემოაღნიშნული ქადაგება დაკავშირებულია მეოთხე მეფეთა წიგნში აღწერილ წინასწარმეტყველ ელისეს მიერ სომანიტელი ქალის ძის მკვდრეთით აღდგენის სასწაულთან (იხ. 4 მეფეთა 4:32-37). ბასილი სელევკიელი ყურადღებას ამახვილებს იმ ფაქტზე, რომ წინასწარმეტყველი არა მხოლოდ ლოცვით მიმართავს უფალს, არამედ გარკვეულ სიმბოლურ ქმედებას აღასრულებს, რასაც საწინასწარმეტყველო მნიშვნელობა აქვს. ის უკავშირდება ძე ღვთისას განკაცებას - ადამიანური ბუნების სრულად (ცოდვის გარეშე) მიღებას, მასში ღვთის ხატების განახლებასა და კაცობრიობის გადარჩენას. მქადაგებელი დეტალურად განიხილავს სიმბოლური ქმედების მნიშვნელობას და პარალელს ავლებს ლუკას სახარებაში აღწერილ სასწაულთან - იესო ქრისტეს მიერ ნაინელი ქვრივის ძის აღდგენა (იხ. ლუკა 7:11-15).

განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ქადაგების ის ნაწილი, სადაც ბასილი სელევკიელი პავლე მოციქულის კოლასელთა მიმართ ეპისტოლედან შემდეგ ამონარიდს მოიხმობს: რამეთუ მას შინა დამკჳდრებულ არს ყოველივე სავსებაჲ ღმრთეებისაჲ ჴორციელად (კოლასელთა 2:9). ბასილი სელევკიელი თავის ქადაგებაში აღნიშნულ წინადადებას გარკვეული თავისებურებით წარმოადგენს, რაც ნათლადაა გადმოცემული ძველქართული თარგმანით. მღვდელმა ცოტნე ჩხეიძემ დეტალურად ისაუბრა ხსენებული საკითხების დოგმატურ შინაარსზე და ის განიხილა წმ. იოანე დამასკელის “მართლმადიდებლური სარწმუნოების ზედმიწევნითი გადმოცემის” შუქზე.

მოხსენებამ დამსწრე საზოგადოების დიდი დაინტერესება გამოიწვია.  იყო აზრთა გაცვლა-გამოცვლა, გამოითქვა საგულისხმო მოსაზრებები.

alt

13.05.2025
ბეჭდვა