სადოქტორო ნაშრომის დაცვა

 
სადოქტორო ნაშრომის დაცვა

2024 წლის 15 თებერვალს საქართველოს საპატრიარქოს წმინდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართულ უნივერსიტეტში  თბილისის სასულიერო აკადემიისა და სემინარიის პრორექტორმა სასწავლო და ადმინისტრაციულ დარგში, დეკანოზმა ბესარიონ ცინცაძემ დაიცვა სადისერტაციო ნაშრომი თემაზე „საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი კალისტრატე ცინცაძე და მისი სამეცნიერო მემკვიდრეობა“. სადისერტაციო ნაშრომი შესრულდა უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა და სამართლის სკოლის (ფაკულტეტის) ისტორიის მიმართულებაზე. სადისერტაციო ნაშრომის ხელმძღვანელი იყო ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი, ასოცირებული პროფესორი ვახტანგ გურული; ოფიციალური რეცენზენტები იყვნენ - ისტორიის დოქტორი გვანცა ბურდული და ისტორიის დოქტორი მერაბ კეზევაძე. საკვალიფიკაციო  ნაშრომმა სადისერტაციო საბჭოს წევრთა უმაღლესი შეფასება დაიმსახურა  და დეკანოზ ბესარიონ ცინცაძეს  მიენიჭა ისტორიის დოქტორის აკადემიური ხარისხი.

  დისერტაციის დაცვას ესწრებოდნენ - თბილისის სასულიერო აკადემიისა და სემინარიის რექტორი, თეოლოგიის, ფილოლოგიისა და პოლიტიკის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი, პროტოპრესვიტერი გიორგი ზვიადაძე, სასულიერო პირები, პროფესორ-მასწავლებლები,  სხვადასხვა უნივერსიტეტისა და სასწავლო-სამეცნიერო წრის წარმომადგენლები, კათოლიკოს-პატრიარქის - კალისტრატე ცინცაძის შთამომავლები.

თბილისის სასულიერო აკადემიისა და სემინარიის თანამშრომლები და სტუდენტები უდიდესი სიყვარულითა და პატივისცემით ულოცავენ მამა ბესარიონ ცინცაძეს  ამ წარმატებას და უსურვებენ სულიერ მხნეობასა და ნაყოფიერ სამეცნიერო მოღვაწეობას!
15.02.2024
ბეჭდვა