სამეცნიერო საბჭოს სხდომა

2020 წლის 26 ივნისს თბილისის სასულიერო აკადემიასა და სემინარიაში გაიმართა სამეცნიერო საბჭო, რომელსაც თავმჯდომარეობდა სასწავლებლის რექტორი, თეოლოგიისა და ფილოლოგიის დოქტორი, პროფესორი, პროტოპრესვიტერი გიორგი ზვიადაძე. მან მადლობა გადაუხადა საბჭოს წევრებს მობრძანებისთვის და ისაუბრა იმ მაღალ პროფესიონალიზმსა და სულიერებაზე, რაც უნდა ახასიათებდეს თბილისის სასულიერო აკადემიისა და სემინარიის ყველა თანამშრომელს. პროტოპრესვიტერმა გიორგი ზვიადაძემ აღნიშნა, რომ თბილისის სასულიერო აკადემია და სემინარია უნდა წარმოადგენდეს მოწესრიგებულობის, შეგნებულობის, ცოდნისადმი სწრაფვის, თავმდაბლობის, შრომისმოყვარეობისა და სხვა ქრისტიანულ სათნოებათა მაგალითს. შესავალ სიტყვაში პროტოპრესვიტერი გიორგი ზვიადაძე, ასევე, შეეხო დისტანციურ სწავლებას, რომელიც წარმატებით მიმდინარეობს თბილისის სასულიერო აკადემიასა და სემინარიაში. აღნიშნული სახის სწავლებაზე გადასვლის მიუხედავად, მთელი სემესტრის განმავლობაში ლექციები ტარდებოდა სრულფასოვნად, გაცდენების გარეშე.

საბჭოზე განიხილეს თსას-ის კათედრებზე მიმდინარე სამეცნიერო მუშაობის საკითხი. პროტოპრესვიტერმა გიორგი ზვიადაძემ აღნიშნა, რომ სასწავლებელში უნდა მიმდინარეობდეს სერიოზული მეცნიერული მუშაობა და გამოიცემოდეს მრავალი სახელმძღვანელო, რაც ხელს დიდად შეუწყობს შესაბამისი პროფილის სტუდენტების პროფესიულ ზრდას. 

სიტყვით გამოვიდნენ თეოლოგიის დოქტორი, პროფესორი, არქიდიაკონი დემეტრე (დავითაშვილი; ლიტურგიკისა და სამოძღვრო ღვთისმეტყველების კათედრის გამგე); თეოლოგიისა და ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი, ბატონი ედიშერ ჭელიძე (პატრისტიკისა და დოგმატიკის კათედრის გამგე);  თეოლოგიის დოქტორი, პროფესორი, დეკანოზი მაქსიმე ჭანტურია (ეკლესიის ისტორიისა და ასკეტიკის კათედრის გამგე); ისტორიის მეცნიერებათა და თეოლოგიის დოქტორი, პროფესორი, ბატონი სერგო ვარდოსანიძე (საქართველოს ისტორიის კათედრის გამგე); ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, ქალბატონი ლელა ხაჩიძე (ქართული ენისა და ლიტერატურის კათედრის გამგე); ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, ბატონი იური მოსიძე (უცხო ენების კათედრის გამგე) და სხვ. მათ საბჭოს წევრებს გააცნეს კათედრაზე მიმდინარე სამეცნიერო მუშაობის შედეგები, გამოცემული ლიტერატურის ნუსხა და სამომავლო გეგმები. გამოცემული ლიტერატურის მხრივ, განსაკუთრებით აღნიშვნის ღირსია პატრისტიკისა და დოგმატიკის, ეკლესიის ისტორიისა და ასკეტიკის, საქართველოს ეკლესიის ისტორიის კათედრები. აღნიშნულ კათედრებზე მიმდინარე ფართო სამეცნიერო მუშაობის შედეგად გამოიცა არაერთი სამეცნიერო და საღვთისმეტყველო წიგნი.

სამეცნიერო საბჭოს სხდომაზე დამტკიცდა თსას-ის ცალკეულ ფაკულტეტებზე 2020-2021 სასწავლო წლის მისაღები გამოცდების ჩატარების გრაფიკი, რომელიც უახლოეს ხანში განთავსდება სასწავლებლის ოფიციალურ ვებგვერდსა და ფეისბუქზე.
26.06.2020

FaceBook გვერდი