სამეცნიერო საბჭოს სხდომა

 
2020 წლის 29 მაისს, საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის საპატრიარქოს ყოფილი რეზიდენციის ეზოში გაიმართა თბილისის სასულიერო აკადემიისა და სემინარიის სამეცნიერო საბჭოს სხდომა, რომელსაც თავმჯდომარეობდა სასწავლებლის რექტორი, თეოლოგიისა და ფილოლოგიის დოქტორი, პროფესორი, პროტოპრესვიტერი გიორგი ზვიადაძე. იგი სამეცნიერო საბჭოს წევრთა წინაშე წარდგა წინადადებით - დაემტკიცებინათ საპატიო დოქტორის მინიჭების წესი და ამ წოდების მისანიჭებლად წარედგინათ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი, უწმინდესი და უნეტარესი ილია II.

საბჭო ერთხმად დაეთანხმა რექტორის ინიციატივას.

სხდომამ დღის წესრიგის გათვალისწინებით პუნქტობრივ განიხილა სამეცნიერო საბჭოს წევრთა მიერ მოწოდებული შენიშვნები, რომელთა ნაწილი გათვალისწინებულ იქნა და ერთხმად დამტკიცდა სამეცნიერო  საბჭოს მიერ: 

აკადემიური ეთიკისა და სამსახურებრივი საქმიანობის ფარგლებში სამეცნიერო-საგანმანათლებლო ფუნქციის განმახორციელებელი პერსონალის სამსახურებრივი პასუხისმგებლობის შესახებ დებულება; 

ბაკალავრიატისა და მაგისტრატურის სტუდენტთა აკადემიური კეთილსინდისიერების უზრუნველყოფის წესი; 

დამხმარე სტრუქტურულ ერთეულთა დებულება; 

თსას-ის ოფიციალური ვებგვერდის მართვის წესი; 

თსას-ის ორგანიზაციული სტრუქტურა. 

განიხილეს თსას-ის დოქტორანტურისა და სადისერტაციო საბჭოს დებულება პატრიარქისათვის დასამტკიცებლად წარსადგენად. 

დადგინდა, რომ დისტანციური სწავლება გაგრძელდეს კიდევ ორი კვირით. სამეცნიერო საბჭომ იმსჯელა იმ ცვლილებების შესახებ, რომელიც ახლავს არსებულ ვითარებას და მიიღო გადაწყვეტილება, რომ დამამთავრებელი კურსის სტუდენტები რეგულაციების დაცვით გამოცდებს ჩააბარებენ სასულიერო აკადემიასა და სემინარიაში, ხოლო დანარჩენები - დისტანციურად. 

სასწავლებლის რექტორის წინადადებითა და სამეცნიერო საბჭოს წევრთა თანხმობით გადაწყდა, რომ ბატონები ირაკლი ორჟონია და ცოტნე ჩხეიძე, რომელთაც თეოლოგიის დოქტორის ხარისხი მიენიჭათ თბილისის სასულიერო აკადემიისა და სემინარიის სადისერტაციო საბჭოს მიერ, შევიდნენ თსას-ის სამეცნიერო საბჭოს შემადგენლობაში.
 
30.05.2020

FaceBook გვერდი